ძველი ამბები

გალაკტიონ ტაბიძე სახალხო გვარდიას ლექსებს უძღვნის

გაზ. ერთობა, 1920 წლის 12 დეკემბერი, N284

[გალაკტიონ ტაბიძე 1918 წლიდან მთავრობის საქმეთა სამმართველოში [კანცელარიაში] მდივნის პოსტზე მუშაობა, მის მიერაა  შედგენილი მთავრობის სხდომების სტენოგრაფიული ჩანაწერების [მათ შორის ხელნაწერი] ნაწილი. ამავე პოსტზე მუშაობდა ასევე ცნობილი მწერალი  გრიგოლ რობაქიძე. 1920 წელს გალაკტიონ ტაბიძე სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში მუშაობდა, იკავებდა სახალხო გვარდიის პერიოდული გამოცემის ჟურნალ „სახალხო გვარდიელის“ პასუხისმგებელი მდივნის პოსტს. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]

გ ვ ა რ დ ი ა

12.XII.20

სული გვქონდეს უსპეტაკესი თოვლისა!

პირადათ მე სიკვდილამდე მექნება –

მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:

პოეზია უპირველეს ყოვლისა!

პოეზია უპირველეს ყოვლისა!

და გვარდია მიყვარს. მასთან ნახევარ

გზად დაღლილი არავის არ ვუნახივარ.

ერთი გვანეთებს შუქი სვეტიცხოვლისა:

საქართველო უპირველეს ყოვლისა!

საქართველო უპირველეს ყოვლისა!

დაგამცირონ, მაგრამ ვერსად დაგტიონ;

მაინც დაფნათ გელის შენ, გალაკტიონ,

ამღერება, რეზონანსით მოვლისა,

პოეზია უპირველეს ყოვლისა!

პოეზია უპირველეს ყოვლისა!

დღეს ჰყვავის ბზა, ალუბლები, ატამი …

ისევ დღეა შენი, მაშასადამე –

შორი სული დოვინ დოვენ-დოვლისა …

საქართველო უპირველეს ყოვლისა!

საქართველო უპირველეს ყოვლისა!

ტფილისი.                                     გალაკტიონ ტაბიძე

გ ვ ა რ დ ი ა

12.XII.1920

თვალს ნაზი და მთვარეული

აღელვებდენ ლანდები

ვიყავ თქვენში ჩარეული

ლხინით თვალ-ანანთები.

მოგვეჩვენა ტრიანონი

კოშკში გულის ნდომანი

დე გრეისა და მანონის

სევდიანი რომანი.

მივაფრენდით ქარში მერნებს,

ჭიხვინებდნენ მერნები,

სასახლეებს და ტავერნებს

ცვლიდენ სხვა ტავერნები,

და ვხედავდით როგორ იღებს

სულს ვედრება ხალისის

და ვხედავდით ცისფერ ნიღაბს

მხოლოდ ერთი ქალისას

სამშობლოზე ოცნებები

თითქოს შვლის სიმარდეა…

წინ, გვარდია!! შენი ხმები

მხოლოდ სხვაზე დარდია

ტფილისი.                                     გალაკტიონ ტაბიძე

გ ვ ა რ დ ი ა

12.XII.1920

ვდღესასწაულობთ პირველ თაველებს

მოსასწაულე ვარდთა დაგებით.

ბაღებს რტოები ააყვავილებს

აივნებს ნოხი და ფარდაგები.

განთიადისას წავედით ტყეში

თვალებს მოედო ელვა წყაროთა

ყვავილს, რომელსაც ქვია ნუგეში

ჩვენ დავეძებდით და გვიხაროდა.

ვეძებდით ომებს, მტრების ხაზინას,

თოფების ბოლი ცრემლებს გვადენდა,

არც მოგვასვენეს, არც დაგვაძინეს

და ასე, აჰა, შემოგვათენდა.

უეცრად მტერი ავშალეთ მთაში

გამოვედევნეთ ისართ ჯირითით.

შეკრთობით დაკრეს ფოთლებმა ტაში.

ჩვენც სიხარული არ დაგვირიდეთ.

ტფილისი.                                     გალაკტიონ ტაბიძე

მსგავსი/Related

Back to top button