რესპუბლიკის ამბები

დეკემბერი, 1920: სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში შიდა დაპირისპირება მწვავდება

გაზ. ერთობა, 1920 წლის 10 დეკემბერი, N282

შეთავსების საკითხის გარშემო

(წერილი რედაქციის მიმართ)

[1920 წლის გაზაფხულიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიგნით გაჩნდა ახალი შიდაოპოზიციური ჯგუფი, რომელმაც დაიწყო გაზეთ „ახალი სხივის“ გამოცემა (გაზეთი „სხივი“ 1900-იან წლებში იყო სოციალ-დემოკრატთა გაზეთი). შიდაოპოზიციური ჯგუფი ძირითადად აპროტესტებდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში მინისტრების შეყვანას, რადგანაც ჯგუფის წევრების აზრით პარტიის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის მაკონტროლებელი ორგანოს  – ცენტრალური კომიტეტის – შემადგენლობაში მინისტრების შეყვანა გაურკვეველი და წინააღმდეგობრივი იყო და მოშლიდა მაკონტროლებელ ფუნქციას. 1920 წლის მაისიდან – დეკემბრამდე ოპოზიციურ ჯგუფსა და პარტიის ცენტრალურ კომიტეტს შორის ურთიერთობა ძალიან გამწვავდა, ცენტრალური კომიტეტი მოუწოდებდა „ახალი სხივის“ ჯგუფს კონსტრუქციულ რეჟიმში გაეგრძელებინათ განხილვები – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

ამხანაგო რედაქტორო! ამას წინად ამხანაგ კარლ კაუცკის კერძო წერილით მივმართე, რომელშიაც, სხვათა შორის, ვეხებოდი ეგრეთ წოდებულ შეთავსების საკითხს. როგორც ჩემს შეკითხვას, ისე კ. კაუცკის პასუხს ამაზე გაახლებთ და გთხოვთ გამოაქვეყნოთ.

საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი – ანანია სალუქვაძე.

ჩემს წერილში ამხანაგ კაუცკისადმი შეკითხვა ასე იყო მოყვანილი:

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთმა ჯგუფმა ამ რამდენიმე თვის წინად დაარსა კვირეული გაზეთი „ახალი სხივი“, რომელმაც სხვა წვრილმან საკითხებთან ერთად წამოაყენა ერთი სადაო საკითხი. გაზეთი იცავს ასეთ დებულებას – რომ პარტიამ სახელმწიფოში არ დაჰკარგოს თავისი სახე კონტროლის და აღმასრულებელი ძალების არევის დროს, უნდა მოახდინოს გამიჯვნა და მთავრობაში წარმოდგენილი ამხანაგები პარტიიდან შეიძლება არჩეულ იქნან პარტიის საპასუხისმგებლო ორგანოებშიო. განსაკუთრებით {„ახალი სხივი“ მოითხოვს, რომ მინისტრები არ იყვნენ არჩეულნი ცენტრალურ კომიტეტის წევრებად.

მივიღე შემდეგი პასუხი:

კარლ კაუცკის პასუხი:

თფილისი, 29 ნოემბერი, 1920 წელი.

ძვირფასო ამხანაგო ანანია!

გაცივებული ვარ, სახლიდან ვერ გამოვდივარ და თქვენს შეკითხვაზე შემიძლია მხოლოდ წერილობით გაგცეთ პასუხი.

თქვენი წერილიდან არ გამომდინარეობს, რომ მინისტრების და ცენტრალური კომიტეტის წევრობის შეთავსების პრაქტიკულად მავნე შედეგი ჰქონდეს. იმ პატარა ჯგუფს, რომელიც ამ შეთავსების წინააღმდეგ ილაშქრებს, სახეში აქვს, ალბათ ეგრედწოდებული დემოკრატიული მოსაზრებები.

ვამბობ „ეგრედწოდებული“, რადგან მე არ მესმის რატომ ცენტრალური კომიტეტის წევრი არ შეიძლება იყოს იმავე დროს მინისტრიც. მთავარი საქმე ხომ ის არის, რომ თვითოეული მუშაკი, მამა-კაცი გინდ ქალი, შესაფერ ადგილას იყოს.

დემოკრატიის იმნაირად გაგება, თითქოს მან თავი უნდა შეიზღუდოს მინისტრების, ან ხალხის სხვა პასუხისმგებელ მოსამსახურეების არჩევანში, მხოლოდ ზიანს მოუტანს საქმეს.

თან მოგყავთ „ახალი სხივის“ აზრი, რომელიც სწერს, რომ ცენტრალური კომიტეტი კონტროლს უწევს მინისტრებს და ამიტომ უკანასკნელნი არ უნდა შედიოდნენ ცეკაში. მაშასადამე არც ერთი პარტიული ჟურნალისტი, არც ერთი მწერალი არ უნდა იყოს ც. კ-ს წევრი? ცეკა ხომ საპარლამენტო ფრაქციასაც უწევს კონტროლს. მაშასადამე, პარლამენტის არც ერთი წევრი არ უნდა შედიოდეს ცეკაში?

საცა სოციალისტურ პარტიას ზედმეტი გამოჩენილი ძალები არ გააჩნია, ის ხშირად იქნება იძულებული ცენტრალურ კომიტეტის წევრები გახადოს მინისტრებათ და პირიქით. 1918 წლის ნოემბრის 19-ის რევოლუციამ გერმანიაში სამი დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატია გახადა ხალხის რწმუნებულად. ე. ი. მინისტრებად. ორი მათგანი ჰააზე და დიტმანი, ფორშტადის (ცეკას) წრიდან იყვნენ არჩეული. იგინი გახდენ მინისტრები და იმავე დროს დარჩენ ცეკას წევრები. ეს ყველასათვის თავისთავად ცხადი იყო და ამას არავითარი ზიანი არ მიუყენებია პარტიისათვის.

საეჭვო იქნებოდა მხოლოდ ისეთი მდგომარეობა, რომ ცეკას ყველა წევრები მინისტრები ყოფილიყვნენ; მარა ასეთ მდგომარეობას ხომ არასდროს არ ჰქონია ალაგი.

ის კი არა, ჩვენ შეგვიძლია უფრო შორს წავიდეთ და ვთქვათ, არამც თუ საზიანო, არამედ სასარგებლოც შეიძლება იყოს, როცა ცეკაში რამოდენიმე მინისტრი ზის. ვინაიდან ცენტრალური კომიტეტის მოვალეობაა – არა მარტო კონტროლი გაუწიოს სოციალისტურ მთავრობას, არამედ გავლენაც მოახდინოს მასზე; მას მუდამ უნდა ჰქონდეს საკმაო ინფორმაცია მთავრობის შესახებ. ამიტომაც ცეკა და სამინისტრო მუდამ უნდა თანამშრომლობდენ ერთმანეთთან. პარტია და მთავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევენ წარმატებას, თუ იგინი ერთმანეთთან ასე მჭიდროდ და ჰარმონიულად თანამშრომლობენ. ეს თანამშრომლობა კი ყველაზე უფრო ადვილად ბუნებრივად მიიღწევა იქ, საცა რამოდენიმე წევრი ცენტრალური კომიტეტისა მთავრობაში ზის, ან რამოდენიმე მინისტრი ცეკაში.

ჩემთვის ადვილად გასაგებია ის დემოკრატიული მოთხოვნილება, რომელიც ცდილობს აიცილოს მთავრობის გაბატონება პარტიაზე, მაგრამ ამის მიღწევა არ შეიძლება პარტიულ წესდებაში შემზღუდავ მუხლების შეტანით.

იქ, საცა პარტიის წევრთა მასა პარტიულ მუშაობაში მონაწილეობას არ იღებს, უყურადღებობას და უვიცობას იჩენს, იქ არსებობს საფრთხე, რომ პარტიაში გაბატონდება რამოდენიმე კაცი, რომლებიც მას სათავეში უდგანან, ამ შემთხვევაში ვერავითარი პარტიული წესდება მიზანს ვერ მიაღწევს. იქ კი საცა პარტიული წევრები ენერგიულად მუშაობენ, ცოდნას იძენენ და დამოუკიდებლად აზროვნებას ეჩვევიან, იქ ზედმეტია პარტიულ წესდებაში შემზღუდავ განმარტებების შეტანა, იქ მასა თვით აწარმოებს საჭირო კონტროლს და ახდენს შესაფერ გავლენას იმათზე, ვისაც ის თავის ხელმძღვანელებათ ირჩევს. ნამდვილი მოქმედები დემოკრატია ემყარება არა წესდების მეტად თუ ნაკლებათ მოხდენის მუხლებს, არამედ მასის ენერგიას და გონებრივ განვითარებას.

იმედი, მაქვს, რომ ეს სტრიქონები საკმარისი იქნება საქმის გასარკვევად.

გულითად სალამს გიძღვნით თქვენი კარლ კაუცკი.

მსგავსი/Related

Back to top button