რესპუბლიკის ამბები

2 დეკემბერი, 1920: საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ ერევანი დაიკავა

გაზ. ერთობა, 1920 წლის 4 დეკემბერი, N277

„კომუნისტური გადატრიალება“ სომხეთში

მეტათ მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელია ის ამბები, რომელნიც მოდის ჩვენი მეზობელ რესპუბლიკიდან – სომხეთიდან. ვერავინ ვერ გვისაყვედურებს იმას, რომ სომხეთში გამეფებულ პარტიისადმი – დაშნაკცუთიუნისადმი – ჩვენ როდესმე ნაზი გრძნობით ვყოფილიყავით გამსჭვალული. ამ პარტიის მთელს პოლიტიკას ჩვენ მუდამ დამღუპველად ვსთვლიდით სომხეთისთვის და სომეხ ხალხისთვის. ჩვენ ვიზიარებთ იმას, რასაც ამბობს კომუნისტური პრესა დაშნაკელების „დამღუპველობის“ შესახებ, და სრულებითაც არ ვფიქრობთ ამ პარტიის პოლიტიკის დამცველობას და გამართლებას. მაგრამ მიუხედავათ იმ უარყოფისა, რომლითაც ჩვენ ამ პარტიას მუდამ ვუცქერდით, ჩვენ მაინც იმ აზრის ვართ, რომ დემოკრატიულის თალსაზრისით დაუშვებელი და მიუტევებელი იქნება სომეხ ხალხისთვის სხვა რომელიმე პარტიის ხელმძღვანელობის ძალდატანებით თავს მოხვევა. ათჯერ და ასჯერ დაუშვებელია და მიუტევებელია ეს ძალდატანება, თუ იგი გარეშე ძალების მხრით მოდის, თუ მას უცხო სახელმწიფოდან მოსული ჯარი აწარმოებს.

ჯერ დელიჯანში და შემდეგ ერევანში მოხდენილი „სახელმწიფო გადატრიალება“, რომლის შესახებაც ასეთი ზეიმის და გამარჯვების კილოთი ცნობა მოგვაწოდა საბჭოთა რუსეთის პრესამ, ამნაირი ძალდატანების ყველა ნიშნები ატყვია. ეს გარეშე ძალდატანება ხდებოდა დღეიდან „წითელი არმიის“ შემოსვლისა ადერბეიჯანში. მას შემდეგ „წითელი არმიის“ ნაწილები განუწყვეტლივ თავს იყრიდენ ყაზახის მაზრაში, დელიჯანის ახლოს. „წითელი არმია“ გამუდმებით თავს ესხმოდა და ომის გამოუცხადებლად ომს უტეხდა სომხეთს ხან ყარაბახ-ზანგეზურში, ხან ყაზახის მაზრაში, ხან ნახიჩევანში. ეს არმია მოქმედებდა ოსმალთა ჯარებთან ხელიხელ ჩაკიდებული. ქემალ-ფაშის კარების სომხეთზე შეტევის დროს წითელმა არმიამ სომხეთს წაართვა ნახიჩევანი და ოსმალთა ჯარს გადასცა. თვით დელიჯანი, რომლის გლეხობამაც დღეს სომხეთში პირველად ააფრიალა „კომუნისტური ინტენაციონალის“ დროშა, რამდენჯერმე ხელიდან ხელში გადადიოდა. ხან „წითელი არმია“ იჭერდა მას, ხან სომხეთის ჯარი უკან იბრუნებდა. იმ დროს, როდესაც სომხეთი უკანასკნელ ძალს იკრებდა ოსმალთა ჯარებთან საბრძოლველად, როცა მას წაართვეს ყარსი, ალექსანდროპოლი [გიუმრი], და შიდა სომხეთი, დიდი ნაწილი, „წითელი არმია“ სომხეთის საზღვრებზე მის ჯარის ზურგს უკან იდგა თავმოყრილი და ხელსაყრელს წამს ელოდა, რომ სომხეთი უომრად დაეჭირა. და დღეს მან დრო იხელთა…

კომუნისტებს სურთ ქვეყანას მოაჩვენონ, რომ დელიჯანში მომხდარი ამბები თვით სომეხ ხალხის მოძრაობაა და სხვა არაფერი.

„ანარქიით აღშფოთებულმა დელიჯანის და ქარავ-სარაის რაიონის გლეხობამ აჯანყების დროშა ამართეს, სტიქიური მოძრაობის ხელმძღვანელობა ხელთ აიღო კომუნისტურმა პარტიამ“ – ასე აუწყებენ „აჯანყებულ კომუნისტ-გლეხთა“ მეთაურნი საბჭოთა რუსეთის მისიას თფილისში. უკვე ზემოთ მოყვანილი ფაქტები, ის „ევოლუციები“ და სამხედრო მოქმედებები, რომელსაც საბჭოთა რუსეთის ჯარები ეწეოდენ დელიჯანის კრიჭაში, აშკარად გვიჩვენებენ, რომ აქ საქმე გვაქვს არა „აჯანყებასთან“, არა „შინაურ გადატრიალებასთან“, არამედ დაპყრობასთან. კარზე მომდგარმა „წითელმა არმიამ“ მოითხოვა ეს უმწეოდ დატოვებულ დელიჯანის განაწამებ მოსახლეობისაგან, და აი უკულტურო, შეგნებულმა და „წითელი ჯარების“ მუქარით შეშინებულმა ხალხმა თავი „კომუნისტთა“ აღიარა. აი არსებობა იმ ამბებისა, რაც დელიჯანში მოხდა. ეს უკეთეს შემთხვევაში – თუ ეს გადატრიალება არ მოხდა „წითელი არმიის“ შესვლის შემდეგ დელიჯანში.

ამნაირია დელიჯანის მეცხვარე გლეხობის  „გაკომუნისტების“ ისტორია. ძნელი მხოლოდ დაწყებაა. მთელი სომხეთის დაპყრობა „წითელი არმიის“ მიერ სულ ადვილად უნდა მომხდარიყო. „აჯანყებულთა“ და „გაკომუნისტებულ“ დელიჯანის მეცხვარეთა სახელით ბ-ნი კასიანი პირდაპირ იწვევს „წითელ არმიას მთელი სომხეთის დასაპყრობათ“.

„ვასრულებთ რა მეამბოხეთა ნება-სურვილს, სწერს ის საბჭოთა რუსეთის მისიას, შეუდრეკელად მივიწევთ წინ და ვიმედოვნებთ, რომ აღმოსავლეთის დაჩაგრული ხალხთა განმანთავისუფლებელი ჩვენი ძველი მესვეურის – დიდი სოციალისტური რუსეთის – წითელი არმია ამ ძნელ ბრძოლაში რეალურ დახმარებას გვიწევს“.  და ის „სახელმწიფო გადატრიალება“, რომელიც, უკანასკნელ წამში მოსული ცნობით,  – ერევანშიაც მომხდარა, რა თქმა უნდა, ამ „წითელ არმიის რეალურ დახმარებას“ უნდა მიეწეროს. ოსმალთა ჯარების შემოსევისაგან განაწამები და ღონე მიხდილი სომხეთი დაიპყრო საბჭოთა რუსეთის „წითელმა არმიამ“. აი ჭეშმარიტი ვითარება იმის, რაც სომხეთში მოხდა. ამნაირათ განხორციელდა ის გეგმა, რომლითაც ადერბეიჯანში მოსვლის შემდეგ საბჭოთა რუსეთის ჯარები სომხეთის საზღვრებს მიადგნენ და რომელსაც დაჟინებით თუმც თვალთმაქცურათ, ანხორციელებდენ საბჭოთა რუსეთის მოღვაწენი ამიერ-კავკასიაში: ეს გეგმა იყო – სომხეთისა, – როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის ამოშლა ამიერ-კავკასიის ქარტიიდან. დღეს ეს მიზანი მიღწეულია: ნაწილი სომხეთისა უპყრია ქემალის სარდლობას, ნაწილი კი – საბჭოთა რუსეთს.

მსგავსი/Related

Back to top button