29-30 ნოემბერი, 1920 წელი: სომხეთის რესპუბლიკაში წითელი არმიის ნაწილები შეიჭრნენ
გაზ. ერთობა, 1920 წლის 3 დეკემბერი, N276
ჩვენს გარშემო
[1920 წლის 29 ნოემბრიდან აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მხრიდან სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].
ცნობა მოვიდა დელიჟანში [დილიჟანში] და ქარავანსარაიში საბჭოთა მთავრობის გამოცხადების შესახებ. სწორეთ ამ დროს როდესაც ქემალის წითელი ქუდები შემოვიდენ ყარსს და გუმბრში [გიუმრიში], გადაჭრეს სომხეთის რკინის გზა და ერევანი მოსწყვიტეს დანარჩენ ქვეყანას, სომხეთის ერთ კუთხეში თითქოს მეგობრათ მოვლენილ საბჭოთა რუსეთის ჯარების გვერდით ხდება გადატრიალება, ცხადდება საბჭოთა რევკომი. საბრალო დელიჟანის გლეხები, რომელთაც სოციალიზმზე, ვგონებ, ჯერ სიტყვაც არ მოუსმენიათ და თავის სიცოცხლეში პირველყოფილ მეცხვარეობისა და მიწის მოხვნის იქით არაფერი უნახავთ, უეცრათ სოციალიზმის უკიდურესი ფორმის კომუნიზმის ადეპტები შეიქმნენ და საბჭოთა სისტემა შემოიღეს, ვინ დაიჯერებს, რომ ეს შინაგან განწყობილებით წარმოშობილია, ვის შეუძლია თუნდ ერთი წუთით ეს ხალხი კომუნისტების პირწმინდა მიმდევრებათ ჩაითვალოს?
მაშ რაშია საქმე?
საიდან გაჩნდა კომუნიზმი ისე მოულოდნელათ და უჩვეულოთ, როგორც მოწმენდილ ციდან მეხის გრუხუნი?
კომუნისტები რასაკვირველია ამას თავის მჭლე იდეების მძლეთა მძლეობას მიაწერენ, ქებითა და ტრაბახით ყურებს გაგვჭედავენ.
მაგრამ ჩვენ უბრალო მომაკვდავებს, რომელთაც არ გვწამს სასწაულების, სულ სხვა აზრი გვაქვს ამ საგანზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში დელიჟანის მიმართ განმეორდა იგივე პოლიტიკა დაპყრობისა, რომლის ცდა სისტემატიურათ მეორდებოდა მთელი იმ ხანის განმავლობაში, რაც ქემალის ჯარები ჯიჯგნიდა დაუძლურებულ სომხეთის სხეულს. რამდენიმეჯერ ასეთმა ცდამ სათანადო ნაყოფი ვერ გამოიღო. გარდა იმისა, რომ შინაგანი არეულობა შექმნა და ქემალის შემტევთ ძალა მისცა.
ახლაც დელიჟანის რევკომი პირველ თავის ნაბიჯს იქითკენ სდგამს, რომ რუსეთის ჯარს იწვევს სომხეთის შინაურ საქმეებში ჩასარევათ.
რუსის ჯარს იწვევს არა სომხეთზე შემოსეულ ქემალის ჯარის გასარეკად, ეს რომ ასე იყოს, ჩვენ ერთ სიტყვასაც არ დავსძრავდით მათ წინააღმდეგ. მაგრამ როცა შემოსეულ მტერს ივიწყებს და შინაურ მთავრობის ჩამოგდებას ახალი გარეშე ძალის ჩარევით ცდილობს, ეს კი მხოლოდ მუხანათური ღალატი იქნება თავის ქვეყნის და მთელი დემოკრატიის.