რესპუბლიკის ამბები

მოქალაქეებს ფრონტზე მყოფი ჯარისკაცების დახმარებისაკენ მოუწოდებენ

გაზ. ერთობა, 1920 წლის 26 ნოემბერი, N270

მოწოდება ფრონტის დამხმარე მთავარი კომიტეტისა

[ფრონტის დამხმარე მთავარმა კომიტეტმა თავისი საქმიანობა 1920 წლის ნოემბერში გააქტიურა, კომიტეტის თავმჯდომარედ დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი იქნა არჩეული. კომიტეტში შედიოდნენ დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის წევრები, ასევე სხვადასხვა საჯარო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების წარმომადგენლები. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

ფრონტის დამხმარე მთავარი კომიტეტი მოუწოდებს რესპუბლიკანურ სამშობლოს შვილთ, „ზურგში“ მყოფთ, რომელთაც არა აქვთ ბედნიერება ბრძოლის ველზე იარაღით დაიცვან ერის თავისუფლება და სამშობლოს დამოუკიდებლობა, – არ დაივიწყონ თავისი მოვალეობა მოსალოდნელ მტრის წინააღმდეგ, სასიკვდილოდ გამზადილ, ფრონტზე მდგომ თავგანწირულ მებრძოლთადმი; ჩვენი სიმშვიდე და კეთილდღეობა მათი თავდადებითა და სისხლით არის მოპოვებული; ჩვენი ცხოვრება მათი სიმამაცით არის უზრუნველყოფილი, ომს თუ ავცდებით – მხოლოდ მათის თავდადებითა და სიმამაცით.

არავის არ აქვს უფლება განცხრომას და ზეიმს მიეცეს, როცა საუკეთესო შვილნი ჩვენი ქვეყნისა სიცოცხლეს სწირავს ჩვენი ბედნიერებისათვის. ისინი უკვე ფრონტზე არიან.

ყველაფერი ფრონტს!

მსგავსი/Related

Back to top button