რესპუბლიკის ამბები

თფილისში ქემალის მთავრობის დიპლომატიური წარმომადგენელი ჩამოვიდა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 23 ნოემბერი, N266

საუბარი ქიაზიმ-ბეისთან

გაზ. „სლოვოს“ უკანასკნელ ნომერში მოთავსებულია ანგორის მთავრობის წარმომადგენელ პოლკოვნიკ ქიაზიმ-ბეისთან, რომელსაც სხვათა შორის შემდეგი განუცხადებია საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ:

„საქართველოს მთავრობასთან კეთილ განწყობილების და მეგობრულ კავშირის მიზნით ჩემმა მთავრობამ დამავალა საქართველოს მთავრობასთან სრულ-უფლებიანი წარმომადგენლობა.

ანგორის მთავრობის ერთად-ერთი ძირითადი ინტერესია ნახოს საქართველო დამოუკიდებელი და ძლიერი. დამოკიდებულება საქართველოსა და ანგორის მთავრობას შორის უმთავრესათ  ამ ძირითად ინტერესებით განისაზღვრება.

ანატოლიის მთავრობა აფასებს საქართველოს მთავრობის შორსმჭვრეტელ პოლიტიკას. ოსმალეთმა უკვე დაიწყო ოფიციალური ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, რომელიც პირდაპირი მტკიცე პოლიტიკა ეთანხმება მის ძირითად პრინციპებს.

საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები საუკუნოობით განმტკიცებულ პატივისცემას იზიარებენ.

ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანთა მშვიდობიან ცხოვრებით. ეს გონიერი პოლიტიკა დაახლოვებს საქართველოს და ოსმალეთის მთავრობებს და უფრო განამტკიცებს მათ მეგობრულ კავშირს.

რაც შეეხება საზღვრების საკითხს, ამ შემთხვევაში მე ჩემ მთავრობასთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას.

ჩვენ და საქართველოს გვაქვს საერთო ინტერესი, რომელნიც მიუხედავათ პროპაგანდისტების კიჟინისა და მტრების ცდისა გადაწყდება მშვიდობიანათ და ადგილი არ ექნება არავითარ ექსცესებს.

მე ამაში დარწმუნებული ვარ, მით უმეტეს, რომ საქართველოსა და ჩვენს შორის არ არსებობს არავითარი ფრონტი, რასაც შეუძლია შექმნას გაუგებრობა და შუღლი. საქართველომ ბევრი რამით დაიმსახურა ჩვენი სიმპატია.

მე იმედი მაქვს ჩვენს გულწრფელობაზე საქართველოს მთავრობა გულწრფელობითვე გვიპასუხებს, და სამართლიანათ გადაწყდება ყველა საკითხი ამ ორ სახელმწიფოთა შორის რასაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური რჩევა და მოლაპარაკებებიც“.

მსგავსი/Related

Back to top button