skip to content
რესპუბლიკის ამბები

დამფუძნებელმა კრებამ სამუსლიმანო საქართველოში სამუშაოდ ჰაიდარ აბაშიძე და ისიდორე რამიშვილი მიავლინა

გაზ. სამუსლიმანო საქართველო, 1920 წლის 21 ნოემბერი, N467

საუბარი ჰაიდარ აბაშიძესთან

ჩვენი გაზეთის თანამშრომელს ოლქში სამუშაოდ გაგზავნილმა დამფუძნებელი კრების წევრმა ჰაიდარ აბაშიძემ შემდეგი უამბო: „ნოემბრის 16, მე, დამფუძნებელი კრების წევრი ისიდორე რამიშვილი და მეჯლისის მიერ ნოემბრის 16-ს სხდომაზე არჩეული სამი წევრი: ისკანდერ ხალვაში, ჰაფეზ ბეი სურმანიძე, სანი ბეი მიკნაძე და ოლქის უფროსი შენგელაია გავემგზავრეთ ქობულეთისკენ.

ოლქში გასვლის მიზანი

ჩვენი მიზანი იყო ოლქში ადგილობრივ ადმინისტრაციის  მოწყობა და, მასთან ერთად, ხალხის მოვალეობის და საქართველოსთან სასურველი დამოკიდებულების ახსნა განმარტებას.

ოლქის მდგომარეობა

ოლქი მეტად უმწეო მდგომარეობაში დაგვხვდა. იმის გარდა რომ არსად ადმინისტრაცია არ იყო მოწყობილი, ხალხი პირდაპირ შემოგვჩიოდა, რომ მათთან არავინ დადიოდა, არავინ უხსნიდა თუ სად რა ხდებოდა, ვინ იყო მათი მთავრობა და ვინ არა.

ხალხის შეხვედრა

ჩვენს მისვლას და ახსნა განმარტებებს ხალხის დიდის კმაყოფილებით და სიამოვნების ისმენდნენ. ხალხზე დიდს შთაბეჭდილებას სტოვებდა მეჯლისის წევრების და დამფუძნებელ კრების წევრთა მათთან ახლო მისვლა და მათი ჭირვარამის გამოკითხვა. ხალხი აღტაცებაში მოვიდა ისიდორე რამიშვილის ვრცელი მოხსენებით საქართველოს საშინაო და საგარეო საკითხების შესახებ.

ოლქში გასვლის შედეგი

ბათომიდან პირველად ჩვენ მიველით ქობულეთს, სადაც ნოემბრის 17 თემის სარაიონო კრება გვქონდა დანიშნული. ამ კრებაზე ხალხმა ქობულეთის თემის კომისრად აირჩია რიზა გოგიტიძე, კაცი რომელიც ყოველთვის საქართველოს ორიენტაციას ადგა და ახლაც დიდი მომხრეა დედა საქართველოს.

ქობულეთიდან ჩვენ გავემგზავრეთ მუხა ესტატეში, სადაც შეკრებილი იყო კინტრიშის საზოგადო კრება. აღნიშნულმა კრებამ, ნოემბრის 18 მუხა ესტატეს თემის კომისრად აირჩია სულეიმან ირემაძე.

მესამე ყრილობა გვქონდა ჩაქვში რომლის თემის კომისრად აირჩია იუსუფ მელაძე. აქ მოხდა მეტად საყურადღებო ფაქტი, რომელიც ნათლად მოწმობს იმას, რომ ჩვენ გვყოლია მომხრეები ოლქში, და ისეც არ ყოფილა საქმე, როგორც ბევრს ეგონა დღემდის.

ჩაქვის საზოგადოების მთელმა სოფელმა გასცა ქემალის ერთი აგენტი. ჩვენდამი მომართულ თხოვნას მთელი სოფელი აწერდა ხელს და მოითხოვდა მოგვაშორეთ ეს კაცი, რომელიც მთლად გვრევს და უნდა მრუდე გზაზე დაგვაყენოსო.

რეზოლუციები

ჩაქვის საზოგადოების ყრილობამ ერთხმად მიიღო შემდეგი შინაარსის რეზოლუცია: საზოგადოების ყრილობამ მოისმინა რა ნოემბრის 19. დამფუძნებელ კრების წევრთა ისიდორე რამიშვილის და ჰაიდარ აბაშიძის მოხსენება საქართველოს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ, ყრილობამ გამოსთქვა თავისი კმაყოფილება იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც აწარმოებს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება და მთავრობა, ქვეყნის მართვა გამგეობის საქმესა და საგარეო დამოკიდებულებაში,  – ყრილობა თავის მხრივ აღუთქვამს დამფუძნებელ კრებას და მთავრობას სრულს თანაგრძნობას და დახმარებას. ყრილობა ამასთანავე იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში ჩვენშიაც დამყარდება დემოკრატიული წყობილებას ავტონომიურ ნიადაგზე.

გაუმარჯოს სამუსლიმანო საქართველოს დედა საქართველოსთან ერთობას და ძმობას.

ასეთივე რეზოლუციები მიიღო ქობულეთის და მუხა ესტატეს ყრილობამ.

მსგავსი/Related

Back to top button