skip to content
რესპუბლიკის ამბები

1920 წლის ნოემბერი: ოპოზიცია მთავრობის გადადგომას ითხოვს

გაზ. ერთობა, 1920 წლის 14 ნოემბერი, N260

რას თხოულობს ოპოზიცია

4 ნოემბერს საგანგებო სხდომაზე სოციალისტ-რევოლუციონერების ორატორმა დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდან განაცხადა: ის გარეშე საფრთხე რომელიც საქართველოს ემუქრება, მოითხოვს, რომ ეხლანდელი მთავრობა გადადგეს. დღეს ეს ლოზუნგი თავისად გაიხადა მემარჯვენე ოპოზიციამ. გაზეთ „საქართველოს“ უკანასკნელ ნომერში მოთავსებული მოწინავე წერილი ასე თავდება:

„მთავრობა მთელი მისი შემადგენლობით დაუყონებლივ უნდა გადადგეს“.

საფრთხის ჟამს მართლაც ხშირად ხდება ხოლმე, რომ სახელმწიფოს კეთილდღეობა, თავდაცვის საჭიროება მოითხოვს ახალი კაბინეთის შედგენას.

ასე მოხდა თითქმის ყველა სახელმწიფოში უკანასკნელი მსოფლიო ომის დასაწყისში. მთავრობის გადადგომას და ახალი კაბინეთის შედგენას ამისთანა შემთხვევებში ერთი უმთავრესი მიზანი აქვს: გაერთიანება მთელი ერის, ყველა კლასების ნებისყოფისა, ხალხის ყველა ელემენტების დაინტერესება თავდაცვის საქმით და მათ შორის თანასწორად განაწილება პასუხისმგებლობისა ქვეყნის ბედ-იღბალისათვის. ამიტომ ახალი კაბინეთის შედგენაც შესაფერ საფუძველზე ხდება – იგი დამოკიდებულია კოალიციის საფუძველზე: ყოველი გავლენიანი პარტია, თავის წარმომადგენლებს გზავნის სამინისტროში და ამნაირად მონაწილე ხდება მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკისა. და მარტო ეს აზრი შეიძლება ჩაიდვას იმ მოთხოვნაში, რომელიც წამოყენებულია დღეს როგორც „მემარცხენე“ ისე მემარჯვენე ოპოზიციის მიერ.

 რაც  უნდა უსუსური და პოლიტიკური ბალთებისაგან იყოს შემდგარი ჩვენებური ესერების პარტია მაინც არა გვგონია ისეთ უგუნურებამდის მივიდეს, რომ მის წარმომადგენლების მოთხოვნას სოციალ-დემოკრატიული პარტიის სრული ჩამოშორება და სახელმწიფოს სათავეში წმინდა ესერული კაბინეთის დაყენება ჰქონდეს აზრათ. რაც არ უნდა სპეკულიანტური და ანგარული სულისკვეთება ამოძრავებდეს იმ კლასს, რომელსაც ემსახურება „საქართველო“, ეს ანგარიშის ხალხი მაინც ვერ მივა იმ შეუსაბამობამდის, რომ სთქვას, სოციალდემოკრატია გადადგეს და მთავრობა მთლიანად ჩვენმა პარტიამ შეადგინოსო. მაშასადამე ამ ორივე ოპოზიციის ლოზუნგი მთავრობის გადადგომის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ლოღიკაზე დაფუძნებული, თუ ისინი მოითხოვენ ახალი მთავრობის შედგენას კოალიციის პარტიათა შეთანხმების პრინციპზე.

მაგრამ ოპოზიციის სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ მათი ახალი ლოზუნგი მოკლებულია ამ ერთად-ერთს ლოღიკურს საფუძველს. ნაციონალ-დემოკრატების წარმომადგენლებმა პირდაპირ და გადაჭრით განაცხადეს, ჩვენ არ შევალთ მთავრობაში, მთავრობა ისევ სოციალ-დემოკრატიული უნდა იყოსო. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გამოიყვანოთ. სოციალ-დემოკრატიული პარტიის საქმე ყოფილა მთავრობის შეცვლა-არ შეცვლის საკითხი, მისი საქმე ყოფილა იმის გადაწყვეტა, თუ რომელი მინისტრი შეეფერება თავის პოსტს და რომელია შეუფერებელი, საჭიროა, თუ არა სამინისტროში ახალი პირების შეყვანა. მხოლოდ ასეთი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს აღიარებას, კაბინეთი სოციალ-დემოკრატიული უნდა იყოსო. თუ მე მანდობთ მთავრობის შედგენას, ნება უნდა მომცეთ პორტფელები იმ პირთ ჩავაბაროთ, ვინც მე თვითონ მიმაჩნია საუკეთესოდ. თუ თქვენ უარს ამბობთ კოალიციაზე და მთავრობაში მონაწილეობაზე, თუ ხელს იბანთ მთავრობის საქმეებისათვის პასუხისმგებლობას არ კისრულობთ, არავითარ ზნეობრივი და ლოღიკური უფლება არა  გაქვთ ჩაერიოთ პორტფელების განაწილების საქმეში და იმ პარტიას, რომელსაც თქვენვე აბამთ სახელმწიფოს მართვის მძიმე უღელში, მოახვიოთ ისეთი პირები, რომელიც მას არ მიაჩნია თავისათვის მოსახერხებლად. მაშასადამე ვინც ამბობს, არც მთავრობის შედგენა მინდა და არც კოალიციაო, ის ვერ იტყვის იმას, რაც თქვა „საქართველომ“ – მთავრობა მთელი შემადგენლობით უნდა დაუყონებლივ გადადგესო“. ამ მოთხოვნას არავითარი ლოღიკა, არავითარი პოლიტიკური აზრი არა აქვს.

არა ნაკლებ ბუნდოვანი, ულოღიკო და პოლიტიკურ უმეცრებაზეა დაფუძნებულ ესერების მოთხოვნა. მთავრობა უნდა დაუყოვნებლივ გადადგეს და თვით დამფუძნებელმა კრებამ უნდა აიღოს ხელში რესპუბლიკის მართვა-გამგეობა, ასეთია მათი გეგმა. რას ნიშნავს თით დამფუძნებელი კრების მიერ აღება მართვა-გამგეობისა? როგორ, რა ფორმით უნდა მოხდეს ეს? ვეჭვობთ, რომ თვით ეს-ერები ჩაფიქრებულიყვენ მათი ორატორის მიერ ასე უთავბოლოდ წამოსროლილი მყვირალა და სრულიად უშინაარსო ფრაზის აზრს. რა თქმა უნდა, ყველა 130 დეპუტატი ერთად ვერ იკისრებს სახელმწიფოს მართვა-გამგეობას.

ამისათვის საჭირო იქნება განსაკუთრებული ორგანიზაცია, რაიმე ორგანოს შექმნა. ეს-ერებს არავითარი გეგმა ამ ორგანოს შესაქმნელად არ წამოუყენებიათ. მაგრამ რამდენადაც მათი პოლიტიკური ლიტერატურიდან და პარტიული პროგრამიდან ჩანს, მათ არც შეუძლიათ რაიმე ახალი პრინციპი წამოაყენონ მთავრობის შესაქმნელად. დიდი მყვირალა და ტრაბახა ხალხია ჩვენებური ესერები, მაგრამ არ გვგონია მათ ამერიკის აღმოჩენაზე განაცხადონ პრეტენზია. ამ დარგში: ჩვეულებრივ დემოკრატიულ პრინციპებზე შორს მთავრობის შედგენის საქმეში ისინი არც წასულან და ვერ წავლენ.

რას მოგვიტანს ახლა მათი რეცეპტი – თვით დამფუძნებელმა კრებამ აიღოს ხელში მართვა-გამგეობით? ორში ერთი: ეს ან იმას ნიშნავს, რომ დამფუძნებელი კრების მიერ დანიშნულ მთავრობაში ყველა პარტიებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენლები, ეს ნიშნავს მთავრობის შედგენას კოალიციის პრინციპზე, და თუ ეს ჰქონდა სახეში ეს-ერების ორატორებს, ეს პირდაპირ უნდა ეთქვათ და ეს აზრი არ უნდა გაეხვიათ მყვირალა და დემაგოგიურ ფრაზებში. ან და „თვით დამფუძნებელი კრების მიერ ხელში აღება მართვა გამგეობისა“ ნიშნავს იმას, რომ დამფუძნებელი კრება თვითვე, თავის შემადგენლობიდან აირჩეს ერთს ან რამდენსამე პირს და მათ დაავალებს სახელმწიფო საქმეების გაძღოლას. მაგრამ რა გინა დღევანდელი მთავრობა ასე არ არის შედგენილი? განა იგი არ წარმოადგენს დამფუძნებელი კრების, ასე ვთქვათ „აღმასრულებეს კომიტეტს“? მთელი საქმე იმაშია, რომ ეს-ერებს, არ მოსწონთ დღევანდელი მთავრობა არ მოსწონთ მისი მეთაური ნოე ჟორდანია და კაბინეთის წევრები მათ უფრო შესაფერად და ნიჭიერ პოლიტიკურ მოღვაწეებათ მიაჩნიათ ბატონები ლეო შენგელაია, ივანე გობეჩია, ილია ნუცუბიძე და ივანე ლორთქიფანიძე. ეს მათი პოლიტიკური გემოვნების საქმეა, მაგრამ რა გაეწყობა, როდესაც დამფუძნებელ კრებაში ხალხმა 104 სოციალ-დემოკრატი გაგზავნა და მხოლოდ 6 ეს-ერი?

ჩვენ ვხედავთ, რომ „მთავრობის გადადგომის“ ლოზუნგის წამოსროლა როგორც მემარჯვენე, ისე „მემარცხენე“ ოპოზიციის სრული პოლიტიკურის დაფანტულობით აიხსნება.

ჩვენ გვწამს, რომ ამ ლოზუნგის ავტორები დაინტერესებულნი არიან თავდაცვის წესიერად მოწყობაში. გვჯერა, რომ მათ მიერ ამ ლოზუნგის წამოსროლით შეგნებულს მიზანს არ შეადგენს სახელმწიფოში ანარქიის შეტანა და მისი დასუსტება. მაგრამ, რომ ამ ლოზუნგის წამოყენებით მისი ავტორები შეუგნებლად ზიანს აყენებენ რესპუბლიკის თავდაცვის საქმეს, ეს კი სრულიად აშკარაა.

მსგავსი/Related

Back to top button