skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს ირაკლი კობახიძე ახალ პრემიერ-მინისტრად და მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობის 12 წევრიდან 11-მა თანამდებობა შეინარჩუნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა. მის ადგილზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დასახელდა. პარლამენტის პლენალურ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შემდეგ, სადაც ყველა მინისტრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, ოფიციალურად დაინიშნა, დეპუტატებმა საქართველოს ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადეს.

„ქართული ოცნების“ ყველა დამსწრე დეპუტატმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ. სხდომას 105 დეპუტატი ესწრებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და განაცხადა, რომ ეს იმისთვის გააკეთა, რომ „სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება“.

მინისტრთა კაბინეტის ერთდაერთი ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანია, რომელმაც თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვალა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობის შემადგენლობა ასეთია:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი – ლევან დავითაშვილი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
  • თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
  • ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;
  • სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწოროლობის საკითხებში – თეა ახვლედიანი;
  •  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
  • იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
  • კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი.

ირაკლი კობახიძის გამოსვლა

დამტკიცებამდე ირაკლი კობახიძემ პარლამენტს სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ რამდენჯერმე ახსენა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მადლობა გადაუხადა მას პრემიერად წარდგენისთვის. „ის, რომ საქართველოს დღეს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, პირველ რიგში, არის ბატონო ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, – განაცხადა მან. კობახიძემ წინა ხელისუფლება გააკრიტიკა „რეპრესიული რეჟიმის“, „ელიტური კორუფციის“, არჩევნების გაყალბების, „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის“ გატარების, „მონოპოლიზებული მედიის“ და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის გამო.  მისი თქმით, მმართველი პარტიის ოცნებაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და სიღარიბის სრულად აღმოფხვრა.

ამის შემდეგ კობახიძემ ახალი მინისტრთა კაბინეტის სამომავლო გეგმებსა და რეფორმებზე ისაუბრა და სხვადასხვა სექტორის, მათ შორის ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკის, ჯანდაცვის, თავდაცვის, კულტურის, განათლების, საგარეო პოლიტიკის, ოკუპირებული ტერიტორიების, ქართული დიასპორის შესახებ საკუთარი ხედვები გააჟღერა.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკა უცვლელი დარჩება მრავალი მიმართულებით. მან ქართული ოჯახის იდეის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი თქმით, მისი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

კობახიძემ განაცხადა, რომ „2004-2012 წლებში, მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საზოგადოების სტრუქტურის მოსაშლელად, ინტელიგენციის „ჩასარეცხად“, სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, რასაც მოჰყვა ფსევდოელიტის ფორმირება, რომელიც, დღემდე, საქართველოში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდით არის დაკავებული და სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგას“.

კობახიძის თქმით, მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ქართული საზოგადოებისა და მისი სტრუქტურის გასაძლიერებლად. მან ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობის პატრიოტულ განვითარებას. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკა გამკაცრდება და რომ ხელისუფლება დაუპირისპირდება პროპაგანდას, რომელიც საზოგადოებაში ნარკოტიკებისადმი ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

გამოსვლის დასასრულს კობახიძემ განაცხადა, რომ სეკულარიზმის პრინციპის დაცვით, სახელმწიფო ყველა ზომას მიიღებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი – ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, რათა დაიცვას ის „ნეობოლშევიკების თავდასხმებისგან“.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button