სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პარლამენტის ბიუროს წარედგინა
საქართველოს პარლამენტის ბიურომ მთავრობის მომავალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ 2 თებერვალს განიხილა. პროგრამა ითვალისწინებს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაგრძელებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, დეოკუპაციის მცდელობებს და აშშ-სთან კავშირების განმტკიცებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობასაც.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიზნით, საქართველო გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან. „ამ თვალსაზრისით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესასრულებლად. ამასთანავე, აქტიურად გაგრძელდება ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გამოყენება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით. ამასთან, მოქალაქეებისათვის ხელშესახები შედეგის მიღების კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება“, – ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.
პროგრამის თანახმად, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წარმატების პარალელურად და მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სულ უფრო იზრდება ქვეყნის როლი ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ევროკავშირთან მიმართებით, ასევე მნიშვნელოვან ამოცანად რჩება ევროკავშირთან საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გამყარება და იმ კომპონენტიდან ურთიერთსარგებლის მიღება, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობასა და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში ჩართულობას უკავშირდება.
სექტორული ინტეგრაციის კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობასა და სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობას, რაც „პრაქტიკულად ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგში ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირის სტანდარტებთან. დოკუმენტის თანახმად, „გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, ხაზს უსვამს შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობას“.
ამასთანავე, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით, რაც გულისხმობს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მიზნით, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის უზრუნველყოფას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა; ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის უზრუნველყოფა.
აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების უზრუნველყოფის მიზნით, „ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება, მათ შორის, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: თავდაცვა და უსაფრთხოება, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, საქართველოს ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაცია“.
პროგრამის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში ურთიერთობების განვითარებას დოკუმენტით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის კავშირების გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთაშორისი, კულტურის, განათლების, სექტორულ და სხვა სფეროებში, ისევე როგორც საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნებას. აქტიური თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით ასევე მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/02/2024 – „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა
- 29/01/2024 – პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა
- 29/01/2024 – პარლამენტში ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)