skip to content
რესპუბლიკის ამბები

ქემალის ჯარი ამიერკავკასიაში შემოიჭრა

გაზ. ერთობა, 1920 წლის 4 ნოემბერი, N251.

საფრთხის წინ

დღეს სარწმუნო წყაროებიდან ირწმუნებიან, ქემალ ფაშას ჯარმა ყარსის სიმაგრე აიღოვო ეს ცნობა ლახვარივით დაესობა გულში არა მარტო სომხეთის ერს, რომელიც ამით უსაშინლესი ბარბაროსული საფრთხის წინაშე სდგება. არამედ საქართველოსაც ქემალის ჯარი ეს ველური ფანატიზმის მატარებელი ძალაა, განადგურების და აოხრების მოციქულია. ყველგან, სადაც იგი ფეხს შედგამს, ბალშევიკების ლოცვა კურთხევით, შეაქვს სიკვდილი და აწიოკება. საქართველოს შვილებმა იციან ოსმალთა მწარე ხელი, ჩვენმა ხალხმა ციის, რაც უქადის მათ ეს სამხრეთელი მეზობელი, რომელიც დღეს ყარსის კარებს დაპატრონებია.

საქართველოს დემოკრატიას, რასაკვირველია, ვერ შეარყევს ის გარემოება, რომ ქემალის ჯარებს ბალშევიკების წითელი ჯარი ენათესავება. პირიქით აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიყვანოთ, რომ კომუნისტები საბოლოოთ გაშიშვლდნენ და თავის ანტისოციალისტური შინაარსით მოგვევლინენ.

ადგილობრივი კომუნისტები გაზეთში სწერენ ახლა, თურქეთის მოახლოების გამო, ამხედრდნენ მთელი თავის ძალღონით ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ. დღეს ისინი გააფთრებული ეწევიან აგიტაციას პრესაში, თუ საზოგადოებაში, რომ ქემალის ჯარებსაც კი რევოლუციური იარლიყი მიაკრან, ხოლო საქართველოს მებრძოლ მუშა-გლეხობას კონტრ-რევოლუციონერის.

ბალშევიზმის და ქემალის ბლოკი, ეს ორი ძალის შემოსევაა – გარეშესი და შინაურის.

და ამ ორი ძალის წინააღმდეგ – კვლავინდებური სიძლიერით და გაბედულობით უნდა გამოვიდეს საქართველოს მშრომელი ხალხი.

ჩვენი ქვეყანა თავის კარგით და ავით ჩვენია, მუშების და გლეხების, იგი ჩვენი დემოკრატიის სამყაროა და მაზე ხელის შეხების ნებას ვერავის მივცემთ.

სომხეთის გარშემო ატეხილი საბედისწერო ბრძოლა, ხვალ ჩვენს გარშემო დატრიალდება, და თუ მზათ არ ვიქნებით, იგი გადასთელავს ჩვენს სისხლით და ოფლით მორწყულ ველებს, გაანადგურებს და მოსპობს უდიდესი მსხვერპლით მოპოვებული თავისუფლებას. ეს უნდა შევიგნოთ ყველამ.

საფრთხე კარზეა, მაგრამ იგი შეიძლება აშორებულ იქნეს, თუ მტერი დაინახავს ჩვენს სიმტკიცეს შიგნით და ჩვენს ძალას გარეთ.

ბრძნული თქმულებაა, ვისაც უნდა ზავი – ემზადოს ომისათვის. ეს განსაკუთრებით ზედგამოჭრილია ჩვენი დღევანდელი მდგომარეობისათვის.

თუ მტერმა ღია კარები იხილა, შიგ შემოიჭრება და დაუნდობლათ გაგვსრესს. მაგრამ თუ კარები მაგრათ ჩავკეტეთ და საიმედო მცველები მივუჩინეთ, იგი უკან დაიხევს.

უხეშ ძალას, რომელის სამხრეთიდან მოდის, შავ ძალას, რომელიც ოსმალთა სახით გვევლინება, მხოლოდ ძალა შეაჩერებს. სიმართლე მათ არ აქვთ, სათნოება მათ არ უწერიათ, მეგობრებო მათში – არ არსებობს.

იგი ძალადობას ეყრდნობა და შეიძლება შეჩერებულ იქნეს მხოლოდ ძალადობით. ამიტომ ჩვენ ვამბობთ: ვისაც უნდა ზავი – ემზადოს ომისთვის“.

ვისაც უნდა მშვიდობიანობის დაცვა და სისხლის ღვრის თავიდან აცდენა, ეცადოს შინაურ ფრონტის გამაგრებას და ერთ სულოვნების შექმნას.

ეს აგვაცდენს თავიდან მოსალოდნელ სისხლს. და თუ ვერ აგვაცდინა, გამარჯვებას მაინც მოგვანიჭებს გათავხედებულ მტერზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქარველოს დემოკრატიას ფხიზელ დარაჯათ დადგეს საქართველოს რესპუბლიკის დასაცველად.

მსგავსი/Related

Back to top button