skip to content
ახალი ამბები

საქართველომ თურქეთისგან ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები მიიღო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 12 ივნისს განაცხადა, რომ თურქეთთან შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალებმა ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები VURAN მიიღო.

მაღალი გამავლობის ჯავშანტექნიკის გადმოცემის ოფიციალური ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა და მას მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის თავდაცვის მინისტრის მოადგილე სერგო ჯანელიძე და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი ესწრებოდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯავშანმანქანები VURAN აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატოს სტანდარტების შესაბამისია. „საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანმანქანებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სერგო ჯანელიძემ ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა: „საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში ხანგრძლივად და წარმატებულად თანამშრომლობენ… მსგავსი ტიპის ღონისძიებები საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვცნელოვანია, რამდენადაც გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ახლოვდება თავდაცვის ძალები ნატოს სტანდარტების თავსებადობასთან“.

თურქეთის ელჩმა საქართველოში ალი ქაან ორბაიმ განაცხადა, რომ სამხედრო ტექნიკის გადაცემა არის „თურქეთის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება“. თურქეთის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა სამხედრო და თავდაცვის სფეროებში მომავალშიც გაღრმავდება და მოუწოდა „სტრატეგიულ პარტნიორ“ საქართველოს პრიორიტეტი თურქულ სამხედრო სამრეწველო პროდუქციას მიანიჭოს.  

VURAN-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს თურქეთის კომერციული და სამხედრო მანქანების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია BMC აწარმოებს. კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ის სწრაფად ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საავტომობილო და თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button