პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთს სტუმრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 მაისს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა, სადაც უკვე შეხვდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დელეგაციასთან ერთად ათათურქის მავზოლეუმს ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მემორანდუმი „ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას“.
„მემორანდუმი ორ ქვეყანას მისცემს საშუალებას, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა, ინფრასტრუქტურის გაციფრულება, ნახშირბადის ემისიების შემცირება და ა.შ.“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.
პრემიერ-მინისტრ კობახიძის ვიზიტი დროში დაემთხვა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თურქეთი საქართველოს „უცხოელი აგენტების“ კანონის მსგავს კანონმდებლობას განიხილავს, რაც თურქეთში პრესის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ შეშფოთებას იწვევს.
პირისპირ შეხვედრა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა „სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებასა და სატრანზიტო ფუნქციაზე, დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე“.
ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
ერთობლივი პრესკონფერენცია
პრესკონფერენციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს „აკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა“ თურქეთთან, რომელიც ქვეყნის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს, „რესპუბლიკის ნამდვილ ლიდერს“ მასპინძლობისთვის და იგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და „განსაკუთრებული მადლობა“ გადაუხადა პრეზიდენტს მისი მხარდაჭერისათვის „საქართველოს და მისი ეროვნული ინტერესების მიმართ“.
„არაერთხელ გვითქვამს, და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მიესალმა იმ ფაქტს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაწყებულია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რაც „იძლევა იმის საფუძველს, რომ ორ სახელმწიფოს შორის საბოლოოდ გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება“. მისი თქმით, საქართველო მზად არის გააგრძელოს წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაში.
რეგიონულ თანამშრომლობაზე საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს და როგორ შეიძლება, ასეთი თანამშრომლობით განხორციელდეს რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები“.
პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას და განაცხადა, რომ „საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით“.
თავის გამოსვლაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაგმო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა და სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის მიმართ.
თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თავისი შეხედულებები და მოსაზრებები გაუზიარა. მან იმედი გამოთქვა, რომ „ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება“.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და „განვაგრძობთ ძალისხმევას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ საქართველოს „უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა – აეროპორტის მშენებლობაში, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში“.
საქართველოს დელეგაციაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/03/2024 – ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა
- 15/02/2024 – ილია დარჩიაშვილი თურქეთს ესტუმრა
- 28/11/2023 – აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)