საქართველომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა 10 სექტემბერს ბათუმში თავდაცვის მინისტერიალი გამართეს. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან ზაქირ ჰასანოვთან და თურქეთის თავდაცვის მინისტრთან იაშარ გიულერთან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივ შეხვედრაზე „მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს“. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, სამხედრო განათლების საკითხები განიხილეს.
თავდაცვის მინისტრ ჩიქოვანსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერს შორის შეხვედრისას ჩიქოვანმა თურქ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ მისი ქვეყნის „მტკიცე მხარდაჭერისთვის“ მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის სამხედრო მომზადების შესაძლებლობებს, ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას და საერთაშორისო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობას. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა თურქეთის წვლილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივის განხორციელებაში, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/06/2024 – საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)