skip to content
რესპუბლიკის ამბები

მემედ აბაშიძე ბენია ჩხიკვიშვილს უპირისპირდება

გაზ. სამუსლიმანო საქართველო, 1920 წლის 29 ოქტომბერი, N447.

უკუღმართი პოლიტიკა

ჩვენ არ გვაკვირვებს ზოგიერთი პირების ის უკუღმართი პოლიტიკა, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად ადგილი აქვს ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ მეტად გვაოცებს და გვაკვირვებს იმ სახელმწიფო მოღვაწის თვითნებობაზე აგებული პოლიტიკა, რაც სახელმწიფო ინტერესებს არ შეესაბამება და ვნებით კი, დიახაც, რომ ბევრს ავნებს.

როგორც ჩვენ, ისე ყველა ერის თავისუფლებისათვის მებრძოლი პირები იცნობენ ბატონ ჩხიკვიშვილს. ის ძველი მოღვაწე გახლავთ და თავისუფლების მოპოვებისათვის არა ერთხელ ჩავარდნილა საფრთხეში სა საპყრობილეში, მაგრამ მის მიერ ბათუმის ოლქის მართველობაში აღებულმა გეზმა და მიღებულმა პოლიტიკამ ისეთი დიდი ვნება მოუტანა ჩვენს საქართველოს რესპუბლიკას, რომ გამოსწორებისათვის დიდი ენერგია და მუშაობა უნდა დაგვჭირდეს.

მე არ ვიტყვი, რომ ყოველივე ის, რაც ბატონმა ჩხიკვიშვილმა მოიმოქმედა, განზრახ  ყოფილიყოს,  სრულიადაც არა: ის, მისი აზრით ემსახურებოდა საქართველოს რესპუბლიკის განმტკიცებას, ემსახურებოდა მშობელ ერს, და აქედან გამომდინარეობდა მისი პოლიტიკაც. ეჭვი არაა, სამუსლიმანო საქართველოსთვისაც კარგი უნდოდა, მაგრამ რადგანაც სათანადოდ ვერ იცნობდა ქართველ მუსლიმანობას, სამუსლიმანო საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, მცხოვრებლების ზნე-ჩვეულებასა და ხასიათს, მისდავე უნებურად მის მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ, მოწინააღმდეგეებს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს ისტორიულ ძმობისა და საზღვრების აღდგენაში დიდი მონაწილეობის მიმღებნიც კი დაგვამდურა და რწმენა შეურყია.

აი ეს ნაყოფი მოგვცა ბატონ ჩხიკვიშვილის მეირ ბათომის ოლქის მართველობაში აღებულმა გეზმა და მიღებულმა უკუღმართმა პოლიტიკამ!

ბევრი რომ არა ვთქვა რა, რა უმადური, რა სულმდაბალი უნდა იყოს ადამიანი, რომ მეჯლისის მოღვაწეობა ისე დაახასიათო, როგორც  იკადრა ეს ბატონმა ჩხიკვიშვილმა! მისი აზრით, როგორც ეს დაახასიათა თავის ვრცელ მოხსენებაში, ვითომ ინტერვიუს სახით რომ გამოქვეყნდა „ერთობის“ ფურცლებზე, თურმე მეჯლისი უცხოელთა ორგანო ყოფილა, საქართველოს რესპუბლიკის სამტროთ ამოქმედებული ძალა! ეს ისეთი ჩირქის მოცხებაა, რომ მეტად დიდი რაინდი უნდა იყოს ადამიანი, ასე უხამსო ბრალდება გადმოისროლოს! ნამდვილად კი სწორედ ამ მეჯლისმა, ოთხასი წლის განმავლობაში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მიმდინარეობიდან გადმოხეთქილ და სულ სხვა მიმართულების მიმღებ სამუსლიმანო საქართველოს, ხელ-ახლად მისცა სწორი მიმართულება, მამა-პაპათა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ გზაზე წარსამართებლად. და აი, სწორედ იმ დროს, როდესაც ბრძენ პოლიტიკოსთა ხელი გვეჭირვებოდა დასახმარებლად და განსამხნევებლად, მოდის ბ-ნი ჩხიკვიშვილი და ეს-ეს არის ახლად ადუღებულს და ბუნებრივ გზა დამდგარს ნაკადს, თავის ყალბი პოლიტიკით უშველებელ ლოდებს უყრის და აგუბებს. ეს კი პოლიტიკური სიბრძნე კი არა, თუ გნებავთ, სიბეცე გახლავთ.

რა თქმა უნდა, მეჯლისს შეეძლო წუთიერ გულის წყრომისთვის სხვა გასაქანი მიეცა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც იგი თავდაჭერით მოიქცა, რადგან იცოდა, რომ ჩხიკვიშვილზე მაღლა მაინც სამშობლოს ინტერესი იდგა. ამიტომაც დიდის გულისტკივილით, მაგრამ მაინც აუღელვებლივ, ერთხელ სწორად გადმოტრიალებულ ისტორიულ ჩარხს ხელი არ გაუშვია და შეშფოთებულ ფართო საზოგადოების თვალში ჩხიკვიშვილის ყალბ პოლიტიკით შექმნილ უკუღმართობის მისაჩქმალვათ და გასაბნევად განაგრძო წინ სვლა მშობლიური იდეალების საბოლოო განსამტკიცებლად.

რაც შეეხება მეჯლისის მოღვაწეობას, რასაც ნახტომი შეშლილი ბ-ნი ჩხიკვიშვილი არც იზიარებს და მუხანათურადაც აღიარებს, ამაზე მომავალი თაობა გამოიტანს თავის ნათელ აზრს და სათანადო მსჯავრსაც დასდებს. ჯერ-ჯერობით კი ზოგიერთი ჩვენს მოგვისმინონ, ჩვენც ხალხი ვართ და ქუდი გვხურავს!.. (შემდეგი იქნება).

მემედ აბაშიძე

[აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, მალევე ბენია ჩხიკვიშვილი ბათუმის ოლქში მთავრობის საგანგებო კომისრის თანამდებობიდან გადააყენეს და მის ნაცვლად აღნიშნულ პოსტზე ყოფილი სამხედრო მინისტრი სოციალ-დემოკრატი გრიგოლ გიორგაძე დანიშნეს. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

მსგავსი/Related

Back to top button