რესპუბლიკის ამბები

1920 წლის ოქტომბერი: საქართველოს რკინიგზის ელექტროფიკაცია იწყება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 13 ოქტომბერი, N231

რკინის გზაზე

რკინის გზების ელექტროფიკაცია.

ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში წარდგენილია პროექტი ხაშურის აღმოსავლეთით მდებარე საქართველოს რკინის გზის შტოების ელექტროფიკაციის შესახებ. ამ მიზნისათვის განზრახულია აღმოსავლეთ საქართველოში არსებული მთელი გიდრავლიური ენერგიის ნაციონალურათ გამოყენება.

გზების ელექტროფიკაციის შემდეგ მთელი გზის, ტფილისიდან მცხეთამდე გასავლელად და უკან დასაბრუნებლად საბარგო მატარებელს მოუნდება 68 წუთი, სამგზავრო მატარებელს კი 40 წუთი. ტფილისი-ხაშურის რაიონს შეუძლია გაუშვას 14 წყვილი საბარგო და 7 წყვილი სამგზავრო მატარებელი. ასაქცევათ გამოკლების და გიდრო-ელექტრონულ ძალის მომატების შემდეგ შესაძლებელი იქნება 30 წყვილი მატარებლის გაშვება.

შემდეგი მოხსენება ეხება კახეთის რკინის გზის ელექტროფიკაციას, რომლის განხორციელებაც 1926 წლამდე  შეიძლება. კახეთის რკინის გზის სამმართველომ წლიურად ბარგის მოძრაობა 12 მილიონი ფუთით განსაზღვრა. ამისდა მიხედვით მოხსენებაში გამოთქმულია სურვილი 10 წყვილი მატარებლის მიმოსვლის დაწესების შესახებ. რაც სავსებით დააკმაყოფილებს გზების საჭიროებას.

ხმარებაში შემოტანილი იქნება მოტორიანი ვაგონები, რომელიც დაიტევს 70 მგზავრს და რომელიც წონად 40 ტონა იქნება. ელექტრონის ენერგიის მოსაწოდებლად მდინარე ხრამზე და დიბელა-ჩხიზე გიდრო-ელექტრონული სადგური უნდა მოეწყოს. ეს სადგური ენერგიას ტფილის-სანაიანის და ტფილის-ფოილოს ხაზს მიაწოდებს. ტფილის-მელაანის ხაზს კი ენერგიას იორზე აგებული ელექტრონული სადგური მიაწოდებს. წიწამურის გიდრო-ელექტორნის სადგურმა ენერგია ტფილის-ხაშურის რკინის გზას უნდა მიაწოდოს. კახეთის რკინის გზას ენერგიას ალაზნის სადგური მიაწოდებს. 

პროექტი განმარტებით ბარათში შემდეგი მოსაზრებათ არის  დასაბუთებული: საქართველოში არ არის ნავთის წარმოება, ცუდია აგრეტვე ნახშირის ღირსება, ამიტომ ისმება საკითხი დიდძალი წყლის ენერგიის – თეთრი ნახშირის გამოყენებისა. თეთრი ნახშირით მდიდრათ არის დაჯილდოებული საქართველო. ამ საკითხს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გზათა ელექტროფიკაციის საკითხს ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში საგანგებოდ განიხილავენ.

მსგავსი/Related

Back to top button