ახალი ამბები

ვენეციის კომისიის მოსაზრება სასამართლო რეფორმის თაობაზე 

ვენეციის კომისიამ 9 ოქტომბერს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში საქართველოს პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ დამტკიცებულ ცვლილებებზე მოსაზრება გამოაქვეყნა.

საქართველოს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტი ვენეციის კომისიის მოსაზრების გამოქვეყნებამდე, 30 სექტემბერს დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ მოსაზრებისთვის კომისიას მანვე თავად 22 სექტემბერს მიმართა.

მოსაზრებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს სიტუაცია უჩვეულოა და ძალიან მაღალი დონის გამჭირვალობას საჭიროებს“, რადგანაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ შეძლო, რომ საქართველოში სასამართლო სისტემისადმი ნდობა გაჩენილიყო.

კომისიის თქმით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი გარკვეული ცვლილებები „სწორი მიმართულებით“ განხორციელდა. კერძოდ, ვენეციის კომისია მიესალმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ფარული კენჭისყრის გაუქმების, გამჭირვალობის გაზრდის მიზნით კანდიდატებთან საჯარო ინტერვიუების ჩატარებისა და კანდიდატებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრთა ვინაობისა და კენჭისყრის დროს მათი გადაწყვეტილებების გამხელა მეტ გამჭირვალობას შესძენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. ვენეციის კომისიისვე განცხადებით, შედეგად, გაიზრდება საზოგადოების ნდობა თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ორგანოს მიმართ და შეიზღუდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

კომისიამ შეშფოთება გამოხატა გასაჩივრების არასაკმარისი მექანიზმის გამო. დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ მართალია, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას გააჩნია უფლებამოსილება, რომ იუსტიციის საბჭოს თავდაპირველი გადაწყვეტილება გააუქმოს, თუმცა მას მისი ხელახალი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა აღარ აქვს.

კომისიის შეფასებით, ხელახალი გასაჩივრების მექანიზმის არარსებობა საშუალებას აძლევს იუსტიციის საბჭოს იმავე შემადგენლობას, რომ თავდაპირველი გადაწყვეტილება შეინარჩუნონ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გადაწყვეტილება მიკერძოებული ან ხარვეზიანი იყო. ამრიგად, კომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ საკვალიფიკაციო პალატას საბჭოს ხელახალი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება მიენიჭოს.

ამასთან, ყველა კანდიდატის მიმართ სამართლიანი და თანაბარი მოპყრობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია სტანდარტიზებული ინტერვიუების ჩატარების რეკომენდაციასაც გასცემს.

ვენეციის კომისია მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმების შეცვლის რეკომენდაციასაც იძლევა, რა დროსაც ყურადღება უნდა გამახვილდეს მათ ასაკზე, გამოცდილებაზე, მოსაზრებებზე, დამოუკიდებლობასა და მრავალფეროვნებაზე.

კომისიამ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას წარმოქმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის მექანიზმის საჭიროებაზეც მიუთითა, რომლის ამოქმედებაც აუცილებელი მაშინ გახდება, თუკი მოსამართლეობის კანდიდატი მეორე ეტაპზე ნომინირებისთვის საკმარის ხმას მიიღებს, მაგრამ მეორე ეტაპზე მას მხარს უკვე საბჭოს წევრების საჭირო რაოდენობა (2/3) აღარ დაუჭერს.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button