Placeholder canvas
ახალი ამბები

სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის ცვლილებების კანონპროექტს

საქართველოს სახალხო დამცველმა უარყოფითად შეაფასა პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესის ცვლილებებს ითვალისწინებს. უწყების თქმით, „კანონპროექტი ვერ პასუხობს სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც ადგილი აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში და მათი მოგვარების მხოლოდ ნომინალურ მცდელობას წარმოადგენს“.

14 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გარკვეულ ასპექტებს, მაშინ როცა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მთავარი რეკომენდაციები კვლავაც არაა გათვალისწინებული.

სახალხო დამცველის აზრით, „ცვლილება ძალაში ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების ფარულად მიღების არსებულ წესს, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის თვალსაზრისით“.

ომბუდსმენმა განმარტა, რომ წამოყენებული ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებას კი არ ავალდებულებს, არამედ „საბჭოს მდივნის დასაბუთებას“ მოითხოვს. ცვლილებები საბჭოსგან მაინც არ მოითხოვს, დაასაბუთოს, თუ რატომ გამოარჩია სხვებისაგან ესა თუ ის კანდიდატი. აღნიშნული კი, სახალხო დამცველის თქმით, მხოლოდ პროცედურულ აღწერასა და კანდიდატის დახასიათებას ითვალისწინებს, რა ინფორმაციაც აქამდეც საჯარო იყო საზოგადოებისათვის.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მეორე სიახლე უზენაესის მოსამართლეების შერჩევისას საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური მექანიზმის შემოღებაა. თუმცაღა, უწყების განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, საბჭოს მიერ კანდიდატის უზენაესის მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარდგენაზე განმეორებითი უარი არ საჩივრდება. ამდენად, სახალხო დამცველის თქმით, ცვლილებათა პროექტი აღსრულების ეფექტურ მექანიზმს არ ითვალისწინებს.

ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაესის საკვალიფიკაციო პალატაში შეიძლება, რომლის წევრებიც სწორედ ის მოსამართლეები არიან, რომლებიც პარლამენტმა “მოქმედი ხარვეზიანი პროცედურით” დეკემბერში აირჩია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button