skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო 

საქართველოს პარლამენტმა 30 სექტემბერს საბოლოო, მესამე მოსმენით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის სადავო პროცედურას ცვლის. ცვლილებებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის პროცესში ახალი წესები დგინდება, რომლებიც საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

გადაწყვეტილება მე-9 მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენალურ სხდომაზე 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღეს. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ახალი ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებასა და კანდიდატების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

მმართველ პარტიას ბოლო ცვლილებებზე საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციები ჰქონდა და 21 სექტემბერს ვენეციის კომისიის დასკვნაც მას შემდეგ ითხოვა, რაც ამის თაობაზე მას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მოუწოდეს. თუმცა, პარლამენტი დასკვნას არ დაელოდა და ცვლილებები ისე მიიღო. ქართული ოცნების დეპუტატების – ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

დასაბუთებული გადაწყვეტილებები

ახალი კანონის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატები ქულებით უნდა შეაფასონ და თითოეული ქულა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმის თითოეული მახასიათებელი წერილობით უნდა დაასაბუთონ. აღნიშნულ შეფასებებსა და დასაბუთებებში მითითებული უნდა იყოს საბჭოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა.

კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეყრება კენჭი, თუ კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70%-ია და საბჭოს ათმა წევრმა მაინც მიიჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. საბჭოს წევრებმა ბიულეტენებზე საკუთარი სახელი, გვარი და ხელმოწერა უნდა მიუთითონ, შემდეგ კი – თითოეული კანდიდატისთვის ხმის მიცემის წერილობითი დასაბუთება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უნდა წარუდგინონ.

საბოლოო კენჭისყრის დროს, თითოეულმა კანდიდატმა საბჭოს სულ მცირე ორი მესამედის მხარდაჭერა უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს წევრი გადაწყვეტილებას შეიცვლის და იმ კანდიდატის მხარდაჭერას გადაიფიქრებს, რომელსაც მხარი წინა კენჭისყრის დროს დაუჭირა, მან ეს საბჭოს შეხვედრის შემდეგ წერილობით უნდა დაასაბუთოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება და საბჭოს წევრთა დასაბუთებები, საბჭოს წევრთა ვინაობის მითითების გარეშე, მათი პირობითი საიდენტიფიკაციო ნიშნების მითითებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ამას გარდა, საბჭოს წევრს შესაძლებლობა ექნება თითოეული ეტაპის შემდეგ განსხვავებული მოსაზრება წარადგინოს, რომელიც შემდეგ პარლამენტს გადაეგზავნება.

გასაჩივრების პროცედურები

ცვლილებები მოსამართლეთა შერჩევის თითოეული ეტაპის შედეგების გასაჩივრების პროცედურებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ შედეგები უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივრონ. ეს უკანასკნელი საჩივარს 2 კვირის ვადაში განიხილავს და ზეპირი განხილვის დროს დაადგენს.

იმ შემთხვევაში, თუ საკვალიფიკაციო პალატა გადაწყვეტილებას გააუქმებს, ის ხელახალი განხილვისთვის ისევ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუბრუნდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებამ საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა. ასეთ შემთხვევაში, საბჭო, საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელახალ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც არ საჩივრდება.

უზენაესი სასამართლოს რეფორმა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები საპარლამენტო უმრავლესობამ, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გვერდის ავლით, 2019 წლის 1 მაისს დაამტკიცა. შედეგად, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ 14 მოსამართლე განამწესა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button