skip to content
ახალი ამბები

PACE-ის თანამომხსენებლები საქართველოს სასამართლო რეფორმაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა ტიტუს კორლაცეანმა და კლოდ კერნმა 18 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც  საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა მოითხოვოს.

„ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების სურვილს, შეიტანოს ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში და ხაზს ვუსვამთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულების მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესისადმი, აქედან გამომდინარე კი, საბოლოოდ, თავად ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ“, – ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.

„ჩვენს წინა განცხადებებში მუდმივად მივმართავდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეეცვალათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის სამართლებრივი ჩარჩო, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა აღმოფხვრილიყო ხარვეზები, რაც ბოლო შერჩევის პროცესში გამოჩნდა“,  – აღნიშნეს მათვე.

კანონპროექტი, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატებმა სექტემბრის დასაწყისში წარადგინეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებასა და კანდიდატების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას შეეხება.

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა ცვლილებების პროექტი  გააკრიტიკეს  და მას „ფრაგმენტული“ უწოდეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button