skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები: საერთო სასამართლოების კანონში შესატანი ცვლილებები „ფრაგმენტულია“

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის, რომელიც 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, აცხადებს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანად მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული ცვლილებები ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესსა და ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებაში არსებობს.

9 სექტემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებასა და კანდიდატების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას შეეხება.

კოალიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას შემოთავაზებული ცვლილებები ვერ შეცვლის. „შეუძლებელია მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაუმჯობესება თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია ასევე აცხადებს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ იქონიებს არსებით გავლენას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არსებულ იმ ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომლებიც არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა. მათივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების გაუმჯობესებამ უნდა მოიცვას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის, ისე – საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის ეტაპი.

კოალიცია 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს იხსენებს, რა დროსაც „კოალიციამ, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, პარლამენტს მოსაზრებები და რეკომენდაციები წარუდგინეს, რომლებიც დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომისა და პროცესის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარმართვის გარანტიებს აწესებდა“. განცხადების თანახმად, პარლამენტმა მაშინ რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ გაითვალისწინა და „შესაბამისად, წარმართულმა პროცესმა გამოავლინა არაერთი პრობლემა, რომელიც, საბოლოო ჯამში, აისახა თავად პროცესის ხარისხზე“.

წაიკითხეთ ასევე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button