სტრასბურგის საამართლომ ყოფილი მოსამართლის საქმეზე დისკრიმინაციის მუხლის დარღვევა დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 7 ნოემბერს ყოფილი მოსამართლისა და საქართველოს მოსამართლეთა ერთობის მოქმედი თავმჯდომარის მაია ბაქრაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც ბაქრაძის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) – მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) მუხლებთან ერთობლიობაში.
მაია ბაქრაძემ სტრასბურგის საამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ ორ კონკურსში წარუმატებლად მიიღო მონაწილეობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ხელახალი დანიშვნის მიზნით. ცნობილია, რომ მისი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოირჩეოდა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევების მიმართ კრიტიკით.
ბაქრაძე 2005 წელს წალკის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ 10 წლის ვადით დაინიშნა, შემდეგ იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც 2006 წლამდე იმსახურა, მოგვიანებით კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაამწესეს, სადაც 2015 წელს უფლებამოსილების ამოწურვამდე მსახურობდა. 2015 და 2016 წლებში იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოში თანამდებობის დაკავებას შეეცადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსების გზით. მისი ინტერვიუების ვიდეოდან ჩანს, რომ იმის ნაცვლად, რომ მისთვის ეთიკისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ ეკითხათ, კითხვები ძირითადად ფოკუსირებული იყო მისი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობასა და მის კრიტიკულ განცხადებებზე.
სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მაია ბაქრაძის მიმართ მორალური ზარალის ანაზღაურებისთვის 4 500 ევროს გადახდა დააკისრა.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/09/2024 – სტრასბურგის სასამართლომ აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ დარღვევა დაადგინა
- 29/08/2024 – სტრასბურგის სასამართლომ მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა საქმეში, რომელშიც მოქმედი მოსამართლე ფიგურირებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)