სასამართლოს გუშაგი: მოსამართლეები ნოემბერში დანამატის სახით ჯამურად ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ განაცხადა, რომ 11 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები ნოემბერში დანამატებს მიიღებენ, რომელთა ჯამი ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.
„მოსამართლეები დანამატის სახით თანამდებობრივი სარგოს 50%-ს მიიღებენ, რაც ჯამში დაახლოებით 685 750 ლარს შეადგენს“, – აცხადებს „სასამართლოს გუშაგი“.
ორგანული კანონის მიხედვით, მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისგან. რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით შემდეგია:
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 5 800 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 5 600 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 5 300 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 5 000 ლარი;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 4 600 ლარი;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 4 300 ლარი;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისა, მაგისტრატი მოსამართლე – 4 000 ლარი.
ორგანიზაციის თქმით, მოსამართლეებისთვის, თანამდებობების მიხედვით, ჯამურად გაწერილია შემდეგი ოდენობა:
სააპელაციო სასამართლოს ორი თავმჯდომარე – 5800 ლარი
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 2800 ლარი
სააპელაციო სასამართლოს პალატის ორი თავმჯდომარე – 5300 ლარი
თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების 85 მოსამართლე – 212 500 ლარი
23 რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე – 52 900 ლარი
რაიონული სასამართლოს პალატის სამი თავმჯდომარე – 6450 ლარი
რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე (რომელსაც არ უკავია ადმინისტრაციული თანამდებობა) – 200 400 000 ლარი
გადაწყვეტილება სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამო აღძრული სასამართლო საქმეების ფონზე იქნა მიღებული.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. ამ გადაწყვეტილებით 30 უბნის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.
მოგვიანებით, მისი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, რის შემდეგაც სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა ყველა საჩივარი აღმოსავლეთ საქართველოს საარჩევნო უბნებიდან, რათა, როგორც დამკვირვებლები ამტკიცებდნენ, უფრო მეტი კონტროლი ჰქონოდათ სამართლებრივ პროცესზე, და საბოლოოდ არ დააკმაყოფილა 26-ვე სარჩელი, რომელიც საია-მ და „ჩემი ხმამ“ წარადგინეს.
„სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანამატების გაცემის პრაქტიკა მოსამართლეების ლოიალობის მოპოვებას უკავშირდება.
„რატომ აკეთებს ამას საბჭო? ეს არის მნიშვნელოვანი. სისტემის, მოსამართლეების მხრიდან მაქსიმალურად მეტი ლოიალობა მოიპოვოს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საბჭოზეა დამოკიდებული ის, თუ რა ანაზღაურებას მიიღებს ყოველთვიურად მოსამართლე, იქნება თუ არა გათვალისწინებული დანამატი. „ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საბჭოს ჰქონდეს უფრო მეტი იმედი, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსამართლეები იქნებიან ლოიალურები“.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/09/2024- ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა
- 16/09/2024 – არასამთავრობოები „აირჩიე ევროპას“ საბანკო ინფორმაციაზე წვდომის უფლების მინიჭებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)