skip to content
რესპუბლიკის ამბები

ჟურნალი „ბოსფორი“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 2 ოქტომბერი, N222

ჟურნალი „ბოსფორი“ საქართველოს საგანგებო წერილს უძღვნის წერილის ავტორი ცნობილი ჟურნალისტი სკოტლენდ-ლივია, რომელმაც კავკასიაში ორ წელზე მეტი დაჰყო და რომელიც სულ ამ მოკლე ხანში დაბრუნდა ინგლისში.

თავის წერილში სკოლენდ-ლივი წერს: „მაშინ, როდესაც მთელი ქვეყნის ყურადღება პოლონეთის ბოლშევიკების ფრონტისკენ იყო მიქცეული, საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის ძლიერი ომი სწარმოებდა. ამ ბრძოლამ ევროპისათვის თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა. ბოლშევიკების გაერთიანება გერმანიის სოციალისტებთან, რა თქმა უნდა, ევროპის სერიოზულ საფრთხეს შექმნიდა. მაგრამ ასეთივე ხასიათის იქნებოდა ბოლშევიკების კავშირი ოსმალეთის ნაციონალისტებთან ანატოლიაში, ეს კი მოხდებოდა, რომ ქართველ ჯარის კაცებს არ მიეღოთ თავის თავზე მთელი სიმძიმე მდგომარეობისა და არ უკუეგდოთ ბოლშევიკები. ადერბეიჯანის რევოლუცია იყო არა ბოლშევიკების გამარჯვება, არამედ ოსმალეთის აგენტებისა.

ახალგაზრდა ოსმალონი და ბოლშევიკები არაფრის წინაშე არ ჩერდებიან, ოღონდ კი მიაღწიონ თავის მიზანს. დაამყარეს რა საბჭოთა ძალა-უფლება ადერბეიჯანში, ბოლშევიკებმა გადასწყვიტეს გადათელონ საქართველო და შეუერთდენ ქემალისტებს. რუსეთსა და საქართველოს შორის საზავო ხელშეკრულებას ხელი მოსკოვში მოაწერეს, მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი წითლებს შეჭრილიყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ქართველებმა იცოდენ თუ რა შეეძლო მოეტანა მათთვის ბოლშევიზმს და შეუპოვრად დაიცვეს თავისი დამოუკიდებლობა. ბოლშევიკებმა შეაჩერეს შეტევა საქართველოს წინააღმდეგ და ომი შესწყდა. საბჭოთა მთავრობამ მოინდომა თავის მიზნის განხორციელება სომხეთის საშუალებით, მაგრამ ბოლშევიკები იქაც სასტიკი და მოულოდნელი წინააღმდეგობას დაეტაკნენ წითელი იმპერიალისტების, რომლებსაც უნდოდათ რუსეთის წინანდელ საზღვრებში აღდგენა, შესცდენ. ხალხმა გამოაცხადა რა მაისის 26 დამოუკიდებლობა მტკიცეთ დაიცვა იგი. ქართველებმა, რომელთა ისტორია მეტად ხანგრძლივია, შექმნეს კვლავ თავის სახელმწიფო და ისინი შესძლებენ მის დაცვას. საქართველო მუდმივ საფრთხეში იმყოფებოდა. მას ემუქრებოდენ როგორც ბოლშევიკები, ისე მოხალისეები. ზიანის მიყენებას ცდილობდენ აგრეთვე ადგილობრივი ბოლშევიკები. მაგრამ მათი ცდა ყოველთვის უნაყოფოდ რჩებოდა. საშიშროება კიდევ არ არის აცილებული, ვინაიდან ბოლშევიკების სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ ეგუება. ცხადია ერთი: საქართველო, რომელმაც დაამსხვრია რუსეთის ბორკილები, საიმედო ბურჯია ბოლშევიზმის გავრცელების წინააღმდეგ.

მსგავსი/Related

Back to top button