რესპუბლიკის ამბები

28 სექტემბერი, 1920: საქართველოს კარლ კაუცკი ეწვია

გაზ. ერთობა, 1920 წლის 29 სექტემბერი, N220

კარლ კაუცკის ჩამოსვლა

ბათუმიდან სასიხარულო ამბავი მოგვივიდა: საქართველოს სწვევია კიდევ ერთი ძვირფასი სტუმარი – კარლ კაუცკი.

ვის არ აუტოკდება სიხარულით გული ამ სახელის გაგონებაზე? კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის საუკეთესო მოწაფე, მათი უდავო მემკვიდრე, საუკეთესო წარმომადგენელი მარქსისტული მოძღვრებისა, ჩვენი საყვარელი მასწავლებელი, რომლის სიტყვასაც მუდამ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ყველა თავსატეხ საკითხში, აი ვინ არის კარლ კაუცკი.

რუსეთის რევოლუციამდის იგი ყველა სოციალისტური პარტიების თვალში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. საერთაშორისო ქარტეხილით გამოწვეულმა აზრთა არევ-დარევამ კარლ კაუცკის ჩამოაშორა ბევრი წინანდელი მიმდევრები. ჩვენს თვალში კი კარლ კაუცკის ავტორიტეტი დღესაც ისევე მაღალია როგორც მუდამ იყო. ის გზა, რომელიც მან აირჩია ამ საერთო დაქსაქსულობის დროს, ჩვენ მიგვაჩნია ჭეშმარიტ მარქსისტულ გზათ, იმ გზათ, რომელსაც ყველაზე პირდაპირ მივყევართ სოციალიზმისაკენ.

ეს ის გზაა, რომელიც თით კარლ კაუცკიმ დახატა სიტყვებით: „დემოკრატიზმის საშუალებით სოციალიზმისაკენ“.  ჩვენც მას ვადგევართ, მაგრამ უეჭველია, დაკვირვებული თვალი ბევრს შეცდომას იპოვის ჩვენს მუშაობაში. ჩვენ გვინდა, რომ ეს შეცდომები გვიჩვენოს იმისთანა მეგობარმა და იმისთანა ავტორიტეტულმა კაცმა, როგორიც არის კარლ კაუცკი.

სალამი ძვირფას სტუმარს მთელი ჩვენი მუშათა კლასისაგან და მთელი ჩვენი დემოკრატიისაგან.

მსგავსი/Related

Back to top button