skip to content
რესპუბლიკის ამბები

სოხუმში ბოლშევიკების არალეგალური დაჯგუფება დააკავეს

გაზ. ერთობა, 1920 წლის 26 სექტემბერი, N218

კომუნისტები სამუშაოზე

ნათქვამია: „ნიორმა ძმარშიაც სამი წელიწადი შეინახა თავისი სიმყრალეო“. კომუნისტები ნიორი არ არიან, მაგრამ ნიორზე უარესი თვისება აქვთ. თავის შემპარავი ძაღლის თვისებებს არასოდეს არ მოიშლიან.

როცა პირველათ სოხუმში ვინმე კომუნისტი კუხალეიშვილი დაპატიმრებულ იქნა, ბომბებით და დინამიტებით, გაზ. „კომუნისტმა“ ურცხვათ ამართლა თავისი კლიენტი, ბომბები ძველი დროიდან ჰქონდა ალბათ დარჩენილიო.

კვლევა-ძიებამ, როგორც გუშინდელი დაბეჭდილი განცხადებებიდან სჩანს, დაამტკიცა სულ  წინააღმდეგი:

მან დაამტკიცა, რომ კუხალეიშვილის ბომბები მონაგონი არ არის იმ ბოროტ განზრახვასთან, რომელსაც თურმე ატარებდენ კომუნისტები სოჭის კამანდასთან შეთანხმებით.

მათი მოღალატური მუშაობა, რუსეთის საბჭოთა მთავრობის შემარცხვენელი და პირის გამტეხი, საქართველოს დასამხობათ და ასაღებათ მიმართული, დღეს სააშკარაოზეა გამოტანილი.

ნეტა რას იტყვიან ამაში ბატონი კომუნისტები, განაცხადებენ კიდევ, რომ მათ დევნიან კომუნისტებისთვის, იდეისთვის, იდეურ პროპაგანდისთვის? თუ ახლა მაინც ჩაიკმენდენ ხმას და აღიარებენ, რომ მათ არ შეუძლიათ თავის სიტყვის შენახვა, რომ მათი ამხანაგების უმრავლესობა უპიროა, შეთქმულთა მომწყობია და მაშასადამე ღირსი დევნის და სასჯელის!

ჩვენ, რასაკვირველია, კომუნისტების პატიოსნებისგან ამას არ ველით. მათ კარაბადინში ასეთი მოქალაქეობრივი გამბედაობის მოტივები არა სწერია.

სამაგიეროთ ჩვენ გვინდა სერიოზული ყურადღება მივაქციოთ ამ საგანზე ჩვენში მთავრობის და განსაკუთრებით საგარეო სამინისტროსი. გამოქვეყნებულ აქტებს აქვთ მნიშვნელობა არა მარტო სასამართლოსა და შინაგანი მშვიდობიანობისთვის. ეს აქტი საერთაშორისო ხასიათისაა – იგი ამღრევს წყალს ორი მეზობელ სახელმწიფოს შორის, არღვევს ხელშეკრულებას რუსეთთან დადებულს. ცხადია, ასეთ მოქმედებას უნდა ყურადღება მიექცეს  რუსეთის მისიის, რომლის ერთი წარმომადგენელი ძლიერ დაახლოებული აღმოჩნდა ამ აჯანყების მზადებასთან და მას, ეჭვი არაა, თავის დახმარებით ასაზრდოებდა.

ჩვენ ველით სათანადო ნაბიჯებს.

მსგავსი/Related

Back to top button