რესპუბლიკის ამბები

ევროპელ სოციალისტები დუშეთსა და ყაზბეგს ეწვივნენ

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 22-24 სექტემბერი, N214-215

ევროპის სოციალისტთა დელეგაცია პროვინციებში

დუშეთი. 19 სექტემბერი, სოციალისტური დელეგაცია მცხეთაში მივიდა დილის 7 საათზე. მიუხედავათ ცუდი ამინდისა, მცხეთიდან დაწყებული დუშეთამდე სოფლებში დროშებით და პურ-მარილით ხვდებოდა ხალხი. სოფელ ნატახტარში დელეგაციას წითელ დროშებით შეხვდნენ სოფლელები და სალამი უძღვნეს ადგილობრივ ორგანიზაციის სახელით. ქალაქი დუშეთი წინა დღით მომზადებული იყო სტუმრების შესახვედრათ და სრულ 10 საათზე, როცა გამოჩნდა შარა-გზაზე ყვავილებით მორთული შავი ავტომობილი, ხალხმა იგრიალა „ვაშა“. დელეგაციას შეხვდა ერობის გამგეობა, სოციალ-დემოკრატიული სამაზრო კომიტეტი, დუშეთის ქალთა ორგანიზაცია, სახალხო გვარდია, სოციალ-ფედერალისტთა ორგანიზაცია და მთელი ქალაქის მცხოვრებნი…

სრულ თორმეტ საათზე დელეგაცია საერთო აღტაცებაში და „ვაშას“ ძახილში გაემგზავრა ანანურისკენ.

სექტემბრის 19-ს ნაშუადღევს იდარა, მთელის ამხედრო გზა გაივსო ხალხით. მწყემსები უხვდებიან ავტომობილებს და მინდვრის ყვავილებისაგან შეკინძულ თაიგულებს უძღვნიან: ფასანაურში დელეგაცია პირველის ნახევარზე მივიდა. ბავშვები და ქალები ავტომობილებს ყვავილებს ესვრიან. ისმის ვაშა და მარსელიოზა: ხალხის სახელით გიგო ბედოიძემ სალამი უძღვნა სტუმრებს და სთხოვა გადასცენ ევროპის მუშებს, რომ საქართველოს დემოკრატია მუდამ განუყრელად იქნება ევროპის პროლეტარიატთან.

ამის შემდეგ ვანდერველდემ სთქვა: „მთელი დელეგაციის სახელით უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ მთები აკვანია საქართველოს თავისუფლების, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით და ვერ წარმოგვედგინა, თუ წითელი დროშა იფრიალებდა ამ მწვერვალებზე. ჩვენ წავალთ ევროპაში და მივუტანთ ამბებს თქვენს ამხანაგ მუშებს, რომ კავკასიონის ქედზე ფრიალებს წითელი დროშები და საქართველოს მშრომელი ხალხი ამხანაგურ ხელს გიწვდითქო“. დაუსრულებელმა ვაშამ და ტაშის ცემამ დაფარა ვანდერველდეს სიტყვები.

შემდეგ გაიმართა სიმღერა ცეკვა და სადილი. შესრულებული იქნა ინტერნაციონალი ფრანგულად. შემდეგ ვანდერველდემ სთქვა: „მე აღფრთოვანებული ვარ ქართველების სტუმართ მოყვარეობით. მე ვგრძნობ და ვხედავ, რომ ეს არ არის ერთი რომელიმე კლასი და პარტია, არამედ ეს არის მთელი ერი, მთელი ხალხი და მას უსურვებთ ჩვენ დღეგრძელობას ამ მთებში და ვუმღერთ ევროპის მუშათა კლასის სიმღერას ინტერნაციონალს“.

შემდეგ სნოუდენმა სთქვა: „მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ქართველ ქალს, რომელმაც ასეთი შვილები აღზარდა და შესძლო ჩვენი ასე შეხვედრა. მწამს, რომ ეს ქალი მომავალში კიდევ უფრო მეტს შეძლებს კლასის საკეთილდღეოთ“. სიტყვები წარმოსთქვეს აგრეთვე ვალიკო ჯუღელმა და ბენია ჩხიკვიშვილმა.

შემდეგ ავტომობილები დაიძრნენ. მიქრიან თვალწარმტაც გზაზე, რომელთაც ყოველ სოფელთან ხვდებიან ცხენოსანი მოხევეები და წითელი დროშებით აცილებენ. კობელები ესალმებიან სტუმრებს. შემდეგ დაიძრნენ ყაზბეგისაკენ, თუმცა სიონში ხალხი გადაეღობა და მიესალმა დელეგაციას. სიონში ხალხის სახელით სტუმრებს გლეხი ანდრია კობოიძე მიესალმა ის ამბობს: „მეთორმეტე საუკუნიდან ქართველი ერი ალყა შემორტყმული მონგოლთა ურდოებით სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ეწევა. ამ მთებში ჩვენი ხალხი ხმალ ამოწვდილი იცავდა თავის თავს და მეგობარს ვერ პოულობდა. ერეკლეს დროიდან კი როცა დასუსტებული ქართველი უძლური იყო დაეცვა თავი ოსმალეთიდან ორივე თვალით გაჰყურებდა ევროპას. გაშვერილი ჰქონდა ხელები მეგობრებისაკენ, მაგრამ ცაში რჩებოდა, მიგვიყვანეს სწორეთ დესპოტიურ რუსეთის უღელში შებმამდე. მაგრამ დღეს აღსრულდა ნატვრა. დღეს ჩვენც ვხედავთ მთებში ევროპის საუკეთესო შვილთა წარმომადგენლებს და ამიერიდან გზა საქართველოსა და ევროპას შორის გახსნილია. ჩვენ ვიბრძოლებთ ამ გზის შესარჩენათ საერთაშორისო მუშათა კლასის საკეთილდღეოთ“. გაუმარჯოს ჩვენს საერთო წითელ დროშას, გაუმარჯოს ჩვენს ძვირფას სტუმრებს – იელვა მოხევე ხევსურთა ხმლებმა და სიტყვა  – ვაშამ – დაფარა.

საპასუხო   სიტყვას ამბობს ვანდერველდე – „მთის შვილნო თავისუფალ საქართველოს მოქალაქენო ჩვენ ევროპიელებს რომელნიც ვხედავთ ამ მაღალ მწვერვალებზე აფრიალებულ დროშებს არ გვიკვირს ეს, ვინაიდან თქვენი ბრძოლა თავისუფლებისათვის თავდებია ამ სიმშვენიერის. თქვენ მიერ ევროპისაკენ გაწვდილი ხელები მაგრათ კიდებს თავის ხელებს ევროპის მუშები და ამიერიდან ჩვენს კავშირს ვერავინ გასწყვეტს. საერთო – ვაშას – და ტაშის სცემით აცილებენ ავტომობილებს ყაზბეგისაკენ, რომელიც მშვენივრათ არის მორთული, არის არკა წარწერით – სალამი სტუმრებს, გაუმარჯოს ინტერნაციონალს. ავტომობილების კორტეჟს წინ მიუძღვება ორასი ცხენოსანი, ხოლო ამდენივე ავტომობილებს მოსდევს.

ყაზბეგში მოქალაქეებს მაკდონალდმა მიმართა: „მე თქვენებრ მთების შვილს[შოტლანდიელი იყო წარმოშობით რამსეი მაკდონალდი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] შემიძლიან გავიგოთ თქვენი აღტაცება. მე ვხედავ როგორ მოაფრიალებდით თქვენ წითელ დროშებს, რომელთაც წინ მოუძღოდა წმინდა გიორგის თეთრი დროშა. მე თქვენთან ინგლისის მუშების და საერთო ევროპის მუშათა სახელით ვტოვებ უდიდეს მცნებას ამხანაგებისას, რომელიც კი შემიძლია დავუტოვო საქართველოს მთებში“. ხალხის სახელით ბართლომე ღუდუშაურმა მიმართა სიტყვით სტუმრებს: „მხოლოდ საერთაშორისო დემოკრატიაა ჩვენი უანგარო მეგობარი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის დაგვეხმარება სიტყვით და საქმით შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, როგორ საუკეთესო პირობა თავისუფალ სოციალურ გარდაქმნისათვის, რომლის მოტრფიალეც ვართ ჩვენ პიტალო კლდის შვილნი“.

შემდეგ დელეგაციის წევრები უკან დაიძრნენ დუშეთისაკენ. დუშეთში მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა. სიტყვა წარმოსთქვა სნოუდენმა: „,მე პირველი ვლაპარაკობ ამ ტრიბუნიდან, ვინაიდან ეს დამავალა მთელმა დელეგაციამ და ამის მიზეზია გუშინდელი თქვენი შეხვედრა, როცა დროშებით პირველად მოგვესალმა ქალთა ორგანიზაცია. ჩვენ ფრიად გვახარებს, ის როლი, რომელსაც თამაშობენ ქალები საქართველოში, სამწუხაროდ იქ, ჩვენში ჯერ არ არის. თქვენში ქალი გათანასწორებულია მამაკაცთან. ეს არის თავდები მომავალში ერის და მისი მოწინავე კლასის მუშათა დემოკრატიის განვითარებისა. გუშინ ჩვენ ვნახეთ ხევის ხალხი, იქ პიტალო კლდეებში ფრიალებს წითელი დროშები და ჩვენ ვნახეთ ამ დროშით ხელში მთელი ხალხი, მთელი გლეხკაცობა. ძლიერია ამ ხალხის ნების ყოფა და ვეჭვობ, რომ რომელიმე ტირანიამ შესძლოს მისი დამარცხება; ეხლახან დავბრუნდით რუსეთიდან და როცა ვადარებ იქაურ და აქაურ ცხოვრებას, უნდა ვსთქვათ, რომ რუსეთში ვნახეთ მხოლოდ შიში, იქ ყველას ერთმანეთის ეშინია. იქ, თვით კომუნისტები უთხრიან ერთმანეთს სამარეს. ჩვენ წავალთ ბრიტანეთში და იქ თქვენ ამხანაგებს, ინგლისის მუშებს გადავსცემთ, რომ საქართველოს ხალხს ჰყავს თავისი მთავრობა, რომელიც ხალხის ნებაზე ჰმართავს ქვეყანას და არა ისე, როგორც რუსეთის ეხლანდელი მთავრობა, რომელიც ხალხის ხმას ანგარიშს არ უწევს. ჩვენ ვეტყვით ინგლისის მუშებს, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობას გვერდში უდგას მუშათა კლასი, რომ ეს მუშების მთავრობაა და ის აშენებს თავის დამოუკიდებლობას – თავისუფალ სახელმწიფოს. და ჩვენ იქ ხმას ავიმაღლებთ, რომ ცნობილი იქნეს საქართველო (ხანგრძლივი ტაში).

შემდეგ ისაუბრა ფრანგმა დელეკატმა ანდრე მარკემ, რომელმაც წარმოსთქვა ჟორესის სიტყვები – „პატრიოტიზმი არ აშორებს ადამიანს ინტერნაციონალიზმისაგან, ხოლო ინტერნაციონალს კი მიჰყავს ხალხი ჭეშმარიტი პატრიოტიზმისაკენ“.

შემდეგ ტრიბუნაზე ადის ჰიუსმანსი და მიმართავს ხალხს – „ ორმა რამემ გამაკვირვა მე საქართველოში; ერთი ეს არის ერთსულოვნება, რომელსაც ყოველი ქართველი იჩენს დამოუკიდებლობის დაცვაში და დემოკრატიული გზით იდეალების განმტკიცებაში, მეორე კი არტისტიული გრძნობა, რომლითაც ღრმად გამოსთქვამთ თავის სიხარულს. თქვენ უკანასკნელად განიცადეთ ოსმალეთის შემოსევა და საქართველოს ასეთი საშინელი განცდა ისტორიულად ხომ ბევრი ჰქონია. ჩვენც, ბელგიელებმაც განვიცადეთ ოთხი შემოსევა, ხოლო ამათგან უკანასკნელი იყო გერმანიის იმპერიალიზმის შემოსევა, რომელმაც გაანადგურა ბელგია. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ერთმანეთი. ჩვენ ვიცავდით თავს თავგანწირვით და მიზანს მივაღწიეთ პატარა ბელგიამ თავი გადაირჩინა. სანამ არ შესულა ყველა ქვეყნები ერთა ლიგაში, სანამ არ განიარაღებულა მთელი ქვეყანა, თქვენ, თავისუფალ საქართველოს შვილებო, მშრალად შეინახეთ თოფის წამალი საწყობებში, რომ თავდამსხმელნი მოიგერიოთ. ასეთი ხალხი, რომელსაც აქვს ძალა და ნებისყოფა ბრძოლისა, ხოლო გრძნობა თავის მრავალფეროვანი ბუნებისა, არ შეიძლება მოკვდეს. როცა ჩემს თვალწინ იშლება დემოკრატიის ხელებით შექმნილი სახელმწიფო, მე არ შემიძლია არ მოვიგონო თქვენი ბრძენი ხელმძღვანელები და მით უმეტეს ის ამხანაგები, რომელნიც ეწამენ ამ იდეისათვის და დაიხოცნენ“. საღამოთი ძვირფასი სტუმრები მცხეთისაკენ გაემგზავრნენ.

მცხეთაში დელეგაციის სახელით ხალხს მიესალმა თომას შოუ – „ ჩვენ ვნახეთ თქვენი ლამაზი ქვეყანა და პატიოსანი და მშვენიერი ხალხი და ეხლა უნდა გითხრათ მთელი ევროპის მუშების სახელით რომ ჩვენ ერთი წადილი გვაქვს, რომ თქვენ არ დაკარგოთ ეს თავისუფლება. ამისათვის ევროპის მუშებმა უნდა მიიღონ ზომები და მოითხოვონ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა და ხალხთა ლიგაში შესვლა. მე მწამს, რომ ასეთი თავისუფალი ხალხი შესძლებს თავისუფლად აღზარდოს შვილებით, მე ვიყავი რუსეთში და არ მიხილავს ეს სიხარულის ღიმილი – ის მგლოვიარეა, ვინაიდგან ძალდატანებითაა ერთი ჯგუფისა და ხალხი აკეთებს ძალდატანებით იმას, რაც მთავრობას ჰსურს და არა იმას რაც თვით ჰსურს. აქ კი გყავთ თქვენი მთავრობა, დემოკრატიულ პრინციპებით რომ ხელმძღვანელობს ყოველ საქმეში. ჩვენ იქ, ევროპაში ავამოძრავებთ მუშებს თქვენს დასახმარებლად, ჩვენ იქ გადავცემთ მათ, რომ საქართველო არის დემოკრატიზმის გზაზე და მიდის მუშათა კლასის საბოლოო იდეალებისაკენ. ამისათვის ის უნდა იქნეს ცნობილი, ის უნდა შევიდეს ერთა ოჯახში თავისუფალი და დამოუკიდებელი. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გაუმარჯოს ინტერნაციონალს!“

დელეგაცია ტფილისისკენ გაემგზავრა.

მსგავსი/Related

Back to top button