ახალი ამბები

ბჟანია და ბიბილოვი მოსკოვში შეხვედრებს მართავენ

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დმიტრი კოზაკს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი, რომელიც ორ რეგიონთან „ყოველმხრივ თანამშრომლობას“ კურირებს.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 9 სექტემბერს განაცხადა, რომ მხარეებმა ორ რეგიონში სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, მათ შორის, სტრატეგიული საინვესტიციო პროგრამების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე „ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების საჭიროებას გაესვა ხაზი“.

„მზად ვართ, ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, – განაცხადა ბაბიჩმა.

ორი ოკუპირებული რეგიონის ლიდერთა მოსკოვურ ვოიაჟს წინ უძღვის პანდემიის კუთხით გაუარესებული ვითარება აფხაზეთში და პოლიტიკური კრიზისი ცხინვალში, სადაც ახალგაზრდა პატიმრის, ინალ ჯაბიევის, სავარაუდოდ, წამებით სიკვდილის შემდეგ ფართომასშტაბიანი აქციები იმართება.

წაიკითხეთ ასევე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button