რესპუბლიკის ამბები

1920: მთავრობას 797 იმერელი და რაჭველი ქართლ-კახეთში გადაჰყავს

გაზეთი ერთობა, 1920 წლის 8 აგვისტო, N178

გადასახლების საქმე

მიწად-მოქმედების სამინისტრომ დამფუძნებელ კრებას გადასახლებულთა საჭიროებისათვის ახალი კრედიტის გამოთხოვასთან ერთად, წარუდგინა მოხსენება გადასახლების საქმის მდგომარეობის შესახებ.

განმარტებით ბარათში მინისტრი ხომერიკი აღნიშნავს გადასახლების საქმის საერთო მდგომარეობას. ამ მოხსენებაში აღნიშნულია, თუ როგორ ინტენსიურად სწარმოებდა რესპუბლიკის თავისუფალ ადგილებზე გადასახლებულთა ჩასახლება. ამ საქმეს მოხმარდა დამფუძნებელი კრების მიერ ჯერ კიდევ შარშან ივლისში გადადებული 5 მილიონი მანეთი.

ამ თანხით დასახლებული იქნება შემდეგი ადგილები: ლაგოდეხის რაიონში 7 სოფელი (1 239 სული), ყარაიაზში [დღევანდელ გარდაბნის რაიონში – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] 3 სოფელი (211 სული) და ტფილისის გუბერნიის ცენტრალურ ადგილებში 13 სოფელი. სულ სხვადასხვა ადგილას სამინისტროს ჩაუსახლებია 534 იმერელი და რაჭველი, 263 ლტოლვილი ალაგირელი და სხვა.

გარდა ამისა გამოკვლეულ იქნა ჯერ კიდევ ჩაუსახლებელი თავისუფალი ადგილები. გამოირკვა,  შესაძლებელია ჩასახლება შემდეგ რაიონებში: გორის მაზრაში თავისუფალი – 1 013 დესეტინაა [დესეტინა = 1,09 ჰექტარს – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]  თფილისის მაზრაში თავისუფალი – 6 607 დესეტინაა, თელავის მაზრაში თავისუფალია – 3 447 დესეტინა, სხვადასხვა რაიონებში.

სულ თავისუფალ 25 543 დესეტინა მიწაზე შეიძლება 2 200 – 2 300 სულის ჩასახლება. მაგრამ გადასახლების დროს გლეხები დიდ მატერიალურ დახმარებას საჭიროებენ. მიწადმოქმედების სამინისტრო ფიქრობს: მათ, ვინც გადასახლების სურვილს გამოაცხადებს და ვინც ამაში საჭიროებს, მისცეს დახმარება: ოჯახის გადასაყვანად, სახლის ასაშენებლად, ერთი უღელი ხარისა და ურმის შესაძენად და სხვა საჭირო სასოფლო-სამეურნეო მანქანების შესაძენად აგრეთვე ახალ მოსავლამდე სურსათისა და საქონლის საკვების შესაძენად. სულ აღნიშნულ საჭიროებისათვის სამინისტრო თხოულობს 36, 300, 000 მანეთს (საქართველოს დეპეშათა სააგენტო).

მსგავსი/Related

Back to top button