skip to content
რესპუბლიკის ამბები

რესპუბლიკის ხელისუფლებასა და სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისს შორის ავტონომიის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 4 აგვისტო, N173

აჭარის ადმინისტრატიული მოწყობა

 ამ დღეებში ტფილისში მეჰმედ ბეგ აბაშიძის თავმჯდომარეობით მეჯლისის დელეგაცია ჩამოვიდა. საქართველოს დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელთან საუბრის დროს მეჰმედ ბეგ აბაშიძემ განაცხადა: დელეგაციის ჩამოსვლის მიზანი არის ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკება აჭარაში ადმინისტრატიულ აპარატის მოწყობის შესახებ.

დელეგაციაში აჭარის საზოგადო მოღვაწეები იღებენ მონაწილეობას, მათ შორის არის ხალილ ბეგ სურმანიძე, სულემან ბეგ ბეჟანიძე, მუსტაფა აღა ჩიმურიძე და მეჯლისის მდივანი ქემალ ეფენდ ქიქავა.

მეჰმედ ბეგ აბაშიძე აღნიშნავს, რომ დელეგაციის მიზანია აგრეთვე აცნობოს რესპუბლიკის მთავრობას მეჯლისის ის დადგენილება, რომელიც მან გამოიტანა აჭარაში ადმინისტრაციის მოწყობის საკითხის შესახებ. ეს დადგენილება საერთოდ მდგომარეობს შემდგომში: რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება მუშაობს მეჯლისთან შეთანხმებით და აჭარის ავტონომიას აცხადებს. რესპუბლიკის მთავრობამ, რომელიც მომენტს ანგარიშს უწევს, ცოტა სხვანაირი დადგენილება გამოიტანა, რომელსაც მეჯლისი, სთქვა მეჰმედ ბეგ აბაშიძემ, უსათუოდ მიიღებს.

ჩვენ ავტონომია ისე გვაქვს წარმოდგენილი, სთქვა მეჯლისის თავმჯდომარემ, რომ ის კითხვები, რომლებიც გარეშე საქმეებს და ფინანსიურ პოლიტიკას შეეხება, აგრეთვე სამხედრო მოწყობილობას და იმ შინაგან საქმეებს, რომლებსაც საერთო სახელმწიფოებრივი ხასიათი აქვს, უნდა გადასწყვიტოს ცენტრალურმა კანონმდებლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა. ის საკითხები კი, რომლებსაც ოლქისათვის ადგილობრივი ხასიათი აქვთ, ადგილობრივი სახელმწიფოებრივი აპარატის საშუალებით უნდა გაირჩეს. ადგილობრივ პირობებთან შეფარდებით უნდა გადასწყდეს აგრეთვე აგრარული საკითხი. ეს საკითხი აჭარის სახელმწიფო აპარატმა უნდა მოაწესრიგოს. მიწის პრობლემა აჭარაში უკვე გადაწყვეტილია: მიწების შარიათის მიხედვით კატეგორიებათ არის დანაწილებული. საერთოდ მიწის საკითხი აჭარაში მომავალშიაც ადგილობრივმა ძალებმა უნდა გადასწყვიტოს.

ამ ჟამად მდგომარეობა აჭარაში სრულიად დამაკმაყოფილებელია. მართალია ხანდახან აჭარის საზღვრებზე გამოჩნდებიან ხოლმე სხვა და სხვა ბანდები, მაგრამ მათ ქართველ-მუსულმანების ნაწილები იოლად დევნიან თავის საზღვრებიდან.

აჭარის მდგომარეობა საქართველოსთან შეერთებამდე განსაკუთრებით უკანასკნელ დროს ძლიერ მძიმე იყო. პატრიოტულად განწყობილ ელემენტებს არა ჩვეულებრივი ბრძოლის წარმოება სჭირდება ყველა იმ მავნე ელემენტებთან, რომლებითაც მთელი აჭარა სავსე იყო. ამ ანტი სახელმწიფოებრივ ძალებს 6 ჯგუფი შეადგენდა: 1) ახალგაზრდა თურქების კომიტეტი, 2) ადერბეიჯანის აგენტები, 3) ბოლშევიკები, რომლებმაც 27 მილიონი მანეთი დახარჯეს, 4) რუსი მოხალისეები, 5) ადგილობრივი ადმინისტრაცია, რომელიც არაფრით არ იყო დაკავშირებული ოლქთან და 6) სხვა მოსული ელემენტები. მაგრამ აჭარის მაცხოვრებლები მეჯლისს თანაგრძნობით უყურებენ და საქართველოსთან დაკავშირებულად გრძნობდენ თავს. მაშინ, როდესაც ასეთი იყო ხალხის საერთო სულიერი განწყობილება, რასაკვირველია არავითარ პროპაგანდას და მოსყიდვას არ შეეძლო აჭარის საქართველოდან საბოლოოდ ჩამოშორება.

სხვათა შორის, სთქვა აბაშიძემ, იმ ამბების გამო, რომლებიც უკანასკნელ წლების განმავლობაში დატრიალდა, აჭარის მცხოვრებლების რიცხვმა ძლიერი იკლო და ამ ჟამად აჭარაში სულ 190 000 კაცია. დასასრულ, აჭარის წარმომადგენელმა იმედი გამოსთქვა, რომ საქრისტიანო და სამუსლიმანო საქართველოს შორის სრული თანხმობა ჩამოვარდება და საქართველო მასთან ერთად აჭარა აყვავდებაო.

მსგავსი/Related

Back to top button