skip to content
რესპუბლიკის ამბები

სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი დამფუძნებელ კრებას მიესალმება

გაზ. ერთობა, 1920 წლის 17 ივლისი, N159

მეჯლისის სალამი დამფუძნებელ კრებას

ბათომი. სამუსლიმანო საქართველო სრულ უფლებიანი მეჯლისის პრეზიდიუმი გულწრფელ სალამს უძღვნის საქართველოს დამფუძნებელ კრებას და ულოცავს ბრწყინვალე გამარჯვებას. მეჯლისის პრეზიდიუმი აღტაცებას გამოსთქვამს, რომ მეჯლისის გასული წლის აგვისტოს სხდომაზე ღვთისა და ქვეყნის წინაშე აღიარებული ჭეშმარიტება სამუსლიმანო საქართველოს დედა საქართველოსთან შეერთება – ფაქტად იქცა და მეჯლისის მუშაობამ უნაყოფოდ არ ჩაიარა. პრეზიდიუმი ღრმად დარწმუნებულია იმაში, რომ მეჯლისის დადგენილების მეორე მხარეც, სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიურად მოწყობა, სულ ახლო მომავალში განხორციელდება. ფიცს ვსდებთ, რომ ჩვენ მოძმე ქართველ ქრისტიანებთან ერთად უკანასკნელ სისხლის წვეთამდე დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას და არავის მივსცემთ ნებას მისი უფლების გათელვისას. გაუმარჯოს ისტორიულ საქართველოს

მეჯლისის თავმჯდომარე

მაჰმედ ბეგ აბაშიძე

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსმა ამხანაგმა ალექსანდრე ლომთათიძემ შემდეგი საპასუხო დეპეშა გაუგზავნა ბათუმში მეჯლისის თავმჯდომარეს მაჰმედ ბეგ აბაშიძეს: „დამფუძნებელმა კრებამ ამა თვის 13-ის სხდომაზე ღრმა სიამოვნებით მოისმინა მეჯლისის პრეზიდიუმის მოლოცვა ბათუმისა და მისი ოლქის დედა საქართველოსთან დაბრუნების გამო. დამფუძნებელი კრება გულწრფელი სიხარულით მიესალმება სამუსლიმანო საქართველოს მის მეჯლისის სახით და ულოცავს მას, რომ აღსრულდა ქართველი ერის დიდი ხნის მისწრაფებანი და მისი ეროვნული სხეული, ისტორიული უკუღმართობით განკვეთილი, კვლავ გამთელდა. მას მტკიცედ სწამს, რომ ავტონომიურათ გაერთიანებული სამუსლიმანო საქართველო თავდადებით დაიცავს ამ მთლიანობას იმ ღრმა შეგნებით, რომ მხოლოდ ასეთ გაერთიანებულ საზღვრებში შეიძლება საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცება და მისის კულტურის აღორძინება“.

მსგავსი/Related

Back to top button