Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

სარწმუნოება საქმეა სვინდისის

გაზეთი ერთობა, 1920 წლის 13 ივლისი, N155

ჩვენ  და ეკლესია

ამ ბოლო დროს ისევ წარმოსდგა საკითხი ეკლესიასთან დამოკიდებულების შესახებ. საქართველოში რამდენიმე სარწმუნოების ხალხი ცხოვრობს. მართმადიდებელი, მუსულმანი, გრიგორიანი და სხვა. რომელიმე მათგანის სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ დაყენება – იქნებოდა დიდი კლერიკალური ნაბიჯი და თან დანარჩენი სარწმუნოების ხელოვნურად დაჩაგვრა. ეკლესია კი საგანია რწმენის. სარწმუნოება საქმეა სვინდისის. ხოლო სვინდისის თავისუფლება მოითხოვს ყოველ სარწმუნოებას მოვეპყრათ სრული  თანასწორობით ისე, როგორც ყოველ რწმენას, ყოველ მსოფლმხედველობას. ამ ძირითადი დებულებიდან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ არ ვებრძვით სარწმუნოებას სახელმწიფოებრივი იარაღით, არ ვცდილობთ ერთის დაჩაგვრას და მეორის გაბატონებას. მაგრამ არც სარწმუნოების მიმდევართ ვაძლევთ საშუალებას სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერიონ და რწმენის საკითხი პოლიტიკურ ფაქტორათ აქციონ. სამღვდელოების ასეთ ტენდენციებს, რომელსაც აქვს ისტორიული მიზეზები, მაგრამ არა აქვს გასამართლებული საბუთი დღევანდელ ვითარებაში, ჩვენ გადაჭრით უარყოფთ.

ეკლესია თავისუფალი, დამოუკიდებელი კავშირია მორწმუნეთა შორის და სახელმწიფო მათ რწმენის საგანში არ ერევა.

აქედან იბადება აუცილებლობა ეკლესიის და სახელმწიფოს განშორების, მათი ცალკ ცალკე ცხოვრებისა.

ფაქტიურათ ეს ჩვენში უკვე რევოლუციის პირველ დღეებიდანვე განხორციელებულია. იურიდიულათ ამის ჩამოყალიბება მოითხოვს მხოლოდ განსაკუთრებულ ორგანოების შექმნას იმ ფუნქციების შესასრულებლათ, რომელთაც  წინეთ სამღვდელოება ითხოვდა ე.ი. დაბადებას, ქორწინებას, გარდაცვალებას და სხვათა.  რეგისტრაციას, სამოქალაქო ქორწინების წესის შემუშავებას და სხვა.

ამ მხრივ სადაო და სადავიდარაბო არაფერია.

მაგრამ ეკლესია წარსულში დიდი ეროვნული მოვლენა იყო, ეკლესიის გარშემო იყრიდა თავს სახელმწიფოებრივი ენერგია, იქ იყო ელემენტი – ერის შემაერთებელი და ეროვნული სიმდიდრე, ეროვნული კულტურა უმთავრესათ ეკლესია-მონასტრებში გროვდებოდა. ბერ-მონაზონთა კოლეგია იყო მთავარი მატარებელი სულიერი კულტურის და ეს ქმნიდა სამღვდელოების ბატონობას. დღეს სულიერი კულტურის მეთაურობა მათი იმდენათ დაკარგულია, რომ წარსულშიც მათი ასეთი როლი ბევრს არა სჯერა. მაგრამ ქონებრივი კულტურა კი დიდია მოგროვილი ეკლესია მონასტრებში.

ეს ქონება ეკუთვნის ერს, მთელ ხალხს და არა ეკლესიის მსახურთ ბერ-მონაზონთ. იგინი დღემდე მხოლოდ მცველია ამ ქონების. როგორი მცველია – ეს სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, ვერავინ უარყოფს, რომ ამ სიმდიდრის დიდი ნაწილი ისე გაქრა, რომ მის კვალს ვერავინ მიაგნებს.

ამით იკარგება დიდი ისტორიული განძი, იკარგება კულტურის ნაშთები, ძვირფასი ხელნაწერები, ისტორიული საბუთები და სხვა ფასოვანი განძეულობა. ეკლესია სანამ იგი სახელმწიფოსთან იყო გადაქსოვილი, კიდევ შესძლებდა ამის ასე თუ ისე დაცვას. დღეს მისგან განშორებული და მის მფარველობას მოკლებული, იგი ამ მისიას ვერ შეასრულებს.

დღეს ერის ცენტრი სახელმწიფოა, მისი კულტურის დამცველი სახელმწიფოს ორგანოებია. და ეს ეროვნული ისტორიული განძიც ერს უნდა გადაეცეს დასაცველათ და კულტურულ-ისტორიული მიზნებისათვის.

ჩვენ უნდა ავღნიშნოთ აქვე, რომ სარწმუნოების თავისუფლება გვკარნახობს, არ შევუერთოთ ამ ისტორიულ – სამლოცველო ხატები – დანარჩენ სიმდიდრეს – მეფეთა, პატრიარქთა შესამოსელს, და სხვა განძეულობას, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა აქვთ მხოლოდ.

პირველი მლოცველთ უნდა დავუტოვოთ, ვინაიდან მათი სარწმუნოების შელახვა, რაც უნდა მცდარათ მიგვაჩნდეს, სახელმწიფოსთვის მაინც დაუშვებელია, თუ ამას რაიმე განსაკუთრებული საქციელი სამღვდელოებისა არ გამოიწვევს. დანარჩენი განძეულობა კი უნდა სახელმწიფომ დაუყონებლივ მოაგროვოს და ისტორიისათვის შეინახოს. ასევე უნდა მოუაროს სახელმწიფომ ისტორიულ ძეგლებს, კოშკებს, ძველ მონასტერთა მხატვრობას, შენობას და სხვა. ამას მოითხოვს ინტერესი კულტურის, ინტერესი ერის, ამას გვკარნახობს პრინციპი ეკლესიის და სახელმწიფოს გათიშვის.

მსგავსი/Related

Back to top button