მთავარი თემა

მოლდოვის ორი ეკლესია: ბრძოლა გავლენისთვის

რუსეთის იმპერიული მართლმადიდებლობა

რელიგია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კრემლის ომს დაუჭირა მხარი, რამაც არაერთ ქვეყანაში მის ლეგიტიმაციას პრობლემა შეუქმნა. ამ სტატიით ვიწყებთ ციკლს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენას შეეხება.


მამუკა კომახია პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკას აკვირდება


რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

  • საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მისი რელიგიური სტრუქტურები არაერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში კრემლის პოლიტიკის მთავარ მხარდამჭერებად ჩამოყალიბდნენ.
  • კრემლისათვის რელიგია, რუსული ეკლესია და ზოგადად მართლმადიდებლობა საგარეო-პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელიც მოსკოვის გავლენის გაზრდას და დასავლეთის პოლიტიკური, კულტურული თუ რელიგიური გავლენის შეზღუდვას ისახავს მიზნად.
  • უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას მხარი დაუჭირა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც, რის გამოც ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რუსული ეკლესიის ადგილობრივი წარმომადგენლობის ლეგიტიმაციის საკითხი მწვავედ დადგა.
  • მოლდოვა მართლმადიდებელი ქვეყანაა, სადაც რელიგია მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს. რუსული ეკლესიის ადგილობრივი წარმომადგენლობა აქ მთავარი მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს ინარჩუნებს. უკრაინისგან განსხვავებით, მოლდოვაში ჯერ სუსტად ისმის ავტოკეფალიისა და რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფის მომხრეების მოთხოვნები. თუმცა, უკრაინაში ომმა ცვლილებები მოლდოვის რელიგიურ ცხოვრებაშიც შეიძლება გამოიწვიოს.

ორი ეკლესიის ჩამოყალიბება: ისტორიული კონტექსტი

მოლდოვაში მოქმედებს ორი მართლმადიდებელი ეკლესია: მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესია (მმე), რომელიც ავტონომიურია და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარება, და ბესარაბიის მიტროპოლია, რომელიც რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (რმე) შემადგენლობაში შედის. ორივე ეკლესია თავს მოლდოვის ეროვნულ ეკლესიად წარმოაჩენს.

XIX საუკუნე – ცარისტული პერიოდი

რუსულ და რუმინულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მოლდოვის ტერიტორიაზე გავლენისთვის ბრძოლა XIX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც რუსეთის იმპერიამ, მდინარეებს – დნესტრსა და პრუტს შორის, მოლდოვის სამთავროს მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა.

რუსეთის იმპერიას თანამედროვე მოლდოვის ტერიტორია, რომელსაც „ბესარაბიის“ სახელით მოიხსენიებდნენ, რუსეთ-თურქეთის ექვსწლიანი ომის დასრულების შემდეგ, 1812 წელს გაფორმებული ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების შედეგად ერგო. ბუქარესტის ზავამდე მოლდოვის სამთავროში არსებული რელიგიური სტრუქტურა კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. 1813 წელს კი ბესარაბიის ტერიტორიაზე დაარსდა კიშინიოვ-ხოტინის ეპარქია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაექვემდებარა.

1812 წლიდან 1918 წლამდე რუსეთის იმპერიის ამოცანა იყო ბესარაბიაში ნაციონალისტური სენტიმენტების შესუსტება და აქაური მაცხოვრებლების იმპერიისადმი ლოიალურ ქვეშევრდომებად გადაქცევა. იმპერიის საერო და სასულიერო ხელისუფლება ბესარაბიის დენაციონალიზაციის პროცესში ჩაერთო, რაც არალოიალური მოსახლეობის გადასახლებასა და ლოიალურის – ჩამოსახლებაში, ენის ცვლილების მცდელობასა და ადგილზე რუსი სამღვდელოების როლის გაძლიერებაში გამოიხატებოდა.

XX საუკუნე – რუმინული და საბჭოთა პერიოდი

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბესარაბია რუმინეთის სამეფოს ნაწილი გახდა. 1918 წელს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ფარგლებში დაარსდა ბესარაბიის მიტროპოლია. რუსმა სასულიერო პირებმა, რომლებმაც უარი თქვეს რუმინულ ეკლესიაში გადასვლაზე, ბესარაბიის ტერიტორია დატოვეს.

ვითარება 1939 წელს, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად შეიცვალა, როდესაც ბესარაბია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა. საბჭოთა მოლდოვაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენაც აღდგა. თუმცაღა, 1941-1944 წლებში ისევ რუმინეთის ეკლესიამ იძალა, რადგანაც ბესარაბია ომის განმავლობაში გერმანიის მოკავშირე რუმინეთის შემადგენლობაში იმყოფებოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რელიგიურმა დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭებოდა, რადგან რუმინეთსაც და საბჭოთა კავშირსაც ათეისტური რეჟიმები მართავდნენ.

ბრძოლის განახლება

რელიგიური საკითხები კვლავ დაბრუნდა დღის წესრიგში 1989 წელს, როდესაც შესუსტდა და მოიშალა საბჭოთა კავშირის გავლენა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, მათ შორის რუმინეთზეც. რუმინეთისა და მოლდოვის მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რელიგიური დამოუკიდებლობის საკითხიც აქტუალური გახდა. მოლდოვის საეკლესიო საქმეებზე გავლენისათვის ისტორიული დაპირისპირება მოსკოვისა და ბუქარესტის საპატრიარქოებს შორის ისევ განახლდა.

მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რუმინეთის ეკლესიამ 1992 წლის 14 სექტემბერს ბესარაბიის მიტროპოლია აღადგინა. თუმცა, მოლდოვის ხელისუფლებამ ოფიციალურად მხოლოდ რუსეთის ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მოქმედი კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლია აღიარა. ხელისუფლების მსგავსი გადაწყვეტილება რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულებითაც შეიძლება აიხსნას.

ბესარაბიის მიტროპოლიამ, რუმინეთის ეკლესიის მხარდაჭერით, 1998 წელს სამართლებრივი დავა წამოიწყო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 2001 წელს მოლდოვის ხელისუფლებას ამ ეკლესიის აღიარება დაავალდებულა, რაც 2002 წელს მოხდა და „რუმინული მართლმადიდებლობის გამარჯვებად“ შეფასდა.

ამის შემდეგ რუმინეთის ეკლესია კიდევ უფრო გააქტიურდა და 2007 წელს ბესარაბიის მიტროპოლიის ფარგლებში სამი ეპარქია აღადგინა, მათ შორის ერთი – სეპარატისტული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე, რომელიც არასოდეს ყოფილა მოლდოვის სამთავროს ნაწილი და მსგავსი გადაწყვეტილებისთვის არც საკმარისი ისტორიული საფუძვლები არსებობდა. რუმინეთის ეკლესიის განცხადებით, მათ ის ეპარქიები აღადგინეს, რომლებიც 1944 წლამდე არსებობდა.

რუმინეთის ეკლესიის გადაწყვეტილება მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფმა მოლდოვის ეკლესიამ ნაციონალისტურ ექსპანსიად შეაფასა. ახალი ეპარქიების შექმნა კანონიკური წესების დარღვევად შეაფასა მოსკოვის საპატრიარქომაც. რუსეთის ეკლესიას მხარი დაუჭირა მოლდოვის კომუნისტურმა ხელისუფლებამაც, რომელმაც 2002 წლის გადაწყვეტილების გაუქმებით დაიმუქრა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთის ეკლესიის გადაწყვეტილება უკანონოდ შეაფასა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმაც. აღსანიშნავია, რომ მაშინ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასაც არ უჭერდა მხარს.

მართლმადიდებლების ქვეყანა – ორი ეკლესიით

მოლდოვა მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომლის 2.6 მლნ მოსახლეობიდან 90%-ზე მეტი მართლმადიდებელია, მათ შორის 60%-სთვის, მართლმადიდებლობა მოლდოვური ეთნიკური თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

რელიგიას დიდი გავლენა აქვს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეკლესიას ყველაზე მაღალი ნდობის რეიტინგი აქვს – 62.5%. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 72.6% იყო, 2001 წელს კი, როდესაც „საზოგადოებრივი აზრის ბარომეტრმა“ პირველად ჩაატარა მსგავსი გამოკითხვა – 76.5%. ნდობის კლების ერთ-ერთი მიზეზად რუსეთის პატრიარქის უკრაინაში რუსეთის აგრესიის მხარდაჭერასაც ასახელებენ.

მართლმადიდებლების დაახლოებით 90% თავს მოლდოვის მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებს, ხოლო 10% – ბესარაბიის მიტროპოლიას.

მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესია

მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესია (მმე) რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში თვითმმართველი ეკლესიის სტატუსს ფლობს, ისევე, როგორც ესტონეთისა და ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიები, ასევე უცხოეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. მმე-ს ასევე მოიხსენიებენ, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიას ან კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიას.

ქრისტეშობის კათედრალი კიშინაუში ჩვენთვის კარგად ნაცნობი მთავარმართებელ მიხაილ ვორონცოვის მიერ აშენდა 1830 წელს.

თვითმმართველი ეკლესიის სტატუსი მმე-ს 1994 წლის 2 დეკემბერს, რუსეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით მიენიჭა. რუსეთის პატრიარქის, ალექსიი II-ის ხელმოწერილი ტომოსის საფუძველზე, მმე თავად განაგებს საეკლესიო-ადმინისტრაციულ, საეკლესიო-სამეურნეო, საეკლესიო-საგანმანათლებლო და საეკლესიო-სამოქალაქო საქმეებს, თუმცა, ამავე დროს, კანონიკურად მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება. კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მუდმივი წევრია. მისი იურისდიქცია მოლდოვის ტერიტორიაზე ვრცელდება, მათ შორის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში, სადაც ტირასპოლისა და დუბოსარის ეპარქია ფუნქციონირებს. ეკლესიის შემადგენლობაშია ექვსი ეპარქია და 1200-ზე მეტი სამწყსო.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოლდოვას თავის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს, რადგან იმპერიული ხედვით, მოლდოვა, როგორც ყოფილი ცარისტული და საბჭოთა პროვინცია, მოსკოვის ეკლესიას უნდა ექვემდებარებოდეს. მოლდოვაში პატრიარქის რანგში მისი პირველი ვიზიტის დროს, 2013 წლის 7-9 სექტემბერს, კირილმა განაცხადა, რომ „ჩვენი (რუსული) ეკლესია მრავალეროვანია და 61 ქვეყნიდან ათეულობით მილიონი ადამიანისგან შედგება“. მათ შორის მან მოლდოველებიც ახსენა.

მმე რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების მომხრეა და ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს „გამოიწვევს ღირებულებითი და სამართლებრივი სისტემის შეცვლას“. მმე მოლდოვაში მცხოვრებ მოსახლეობას მოლდოველებად მიიჩნევს, რითაც ხაზს უსვამს რუმინელებისგან მათ განსხვავებულ იდენტობას.

ბესარაბიის მიტროპოლია

ბესარაბიის მიტროპოლია რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაშია, რომლის იურისდიქციაში მოლდოვის ტერიტორია შედის. მოლდოვის მთავრობამ ეკლესია ოფიციალურად 2002 წლის ივლისში დაარეგისტრირა. თუმცა, დე ფაქტო 1992 წლის 14 სექტემბრიდან ფუნქციონირებს.

წმინდა გიორგის მოხატული ეკლესია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მე-15 საუკუნის ეს ქმნილება ვორონეცის მონასტრის ტერიტორიაზეა, სამხრეთ ბუკოვინაში, ახლანდელი რუმინეთის ტერიტორიაზე.

ბესარაბიის მიტროპოლიის შემადგენლობაშია 4 ეპარქია, მათ შორის დუბოსარისა და სრულიად დნესტრისპირეთის, და 100-ზე მეტი სამწყსო.

ბესარაბიის მიტროპოლიაზე რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ძლიერი გავლენაა, რომელიც რუსეთის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მართლმადიდებელი ქვეყანაა. რუმინეთში ძლიერია კავშირი „რუმინულ მიწას“, „რწმენასა“ და „რუმინელ ხალხს“ შორის, რაც სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან, განსაკუთრებით რუსულთან, დაპირისპირებას უწყობს ხელს.

ბესარაბიის მიტროპოლიას პრორუმინული პოზიცია უკავია, მათ შორის მხარს უჭერს მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანებას, ასევე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. მმე-გან განსხვავებით, ბესარაბიის მიტროპოლია მოლდოვაში მცხოვრებ ხალხს რუმინელებად მიიჩნევს.

ეკლესია და პოლიტიკა

მმე: კომუნისტების და იგორ დოდონის მხარდაჭერა

მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესია და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი აქტიურად უჭერენ ერთმანეთს მხარს. 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მმე-ის მიტროპოლიტი ვლადიმირი დოდონის სასარგებლოდ ღიად ეწეოდა აგიტაციას. 2018 წელს დოდონმა განაცხადა, რომ მოლდოვა მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიაა და ღიად ადასტურებს თავის ერთგულებას რუსეთის ეკლესიისადმი.

პრო-რუსი დემონსტრანტები მაია სანდუს მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან. EPA-EFE/DUMITRU DORU

რელიგიურ/ტრადიციულ თემებს სოციალისტური პარტიის ლიდერის, დოდონის პოლიტიკური დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მაგალითად, 2018 წელს მოლდოვამ ოჯახების მსოფლიო კონგრესს – კრემლის ხელდასხმულ ულტრაკონსერვატიულ შეკრებას – უმასპინძლა, რომელიც თავად დოდონმა გახსნა.

რუსეთის ეკლესიისადმი სიმპატიები ჰქონდა მოლდოვის კომუნისტ პრეზიდენტ ვლადიმირ ვორონინსაც, რომელიც ეკლესიებს შორის კონფლიქტში მოსკოვის საპტრიარქოს ინტერესებს იცავდა. ამ საკითხზე ბესარაბიის მიტროპოლიამ ევროპის საბჭოსაც კი მიმართა. ამის მიზეზი 2008 წლის იანვარში სამუშაო უფლების არქონის გამო მოლდოვიდან რუმინელი მღვდლების გაძევება იყო. 2007 წელს მოლდოვის ტერიტორიაზე რუმინეთის ეკლესიის მიერ სამი ახალი ეპარქიის დაფუძნება ვორონინმა შეაფასა, როგორც „აგრესიის აქტი მოლდოვის მორწმუნეებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ“.

ომი უკრაინაში და ეკლესიების პოლიტიკა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ მმე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ეკლესია, ერთი მხრივ, თავის სამწყსოს მშვიდობისა და ლტოლვილთა დახმარებისკენ მოუწოდებდა, მეორე მხრივ კი ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებლობას არავის აკისრებდა. მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება თავს არიდებს ომის შესახებ ღიად საუბარს.

მიტროპოლიტმა ვლადიმირმა 2022 წლის 24 თებერვალს მორწმუნეებს მოუწოდა ხალხებს შორის ურთიერთგაგებისკენ. მის პირველ განცხადებაში რუსეთი და რუსეთის არმია საერთოდ არ იყო ნახსენები. 3 მარტს მან გამოაქვეყნა ცირკულარი, სადაც სამღვდელოებას უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტისკენ და მშვიდობისთვის ლოცვისკენ მოუწოდებდა. თუმცა, არც აქ იყო ნახსენები, თუ ვინ აწარმოებს ომს უკრაინაში.

ამავე დროს, მმე საკუთარ მონასტრებში აქტიურად იღებს უკრაინელ ლტოლვილებს და აგროვებს შემოწირულობებს.

2022 წლის 24 მარტს რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომაში მიტროპოლიტმა ვლადიმირმა მონაწილეობა არ მიიღო. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, მიტროპოლიტი ვლადიმირი 2022 წლის 8-9 ოქტომბერს ჩავიდა მოსკოვში, სადაც სხვადასხვა მსახურებასა და რუსეთის ეკლესიის სინოდის შეხვედრებში მონაწილეობდა, რომელსაც რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობდა. 13 ოქტომბერს, მიტროპოლიტ ვლადიმირს კირილმა საპატრიარქო ორდენი გადასცა.

ამან მოლდოვაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მიტროპოლიტ ვლადიმირს პირველი ღიად დაუპირისპირდა მოლდოვის საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელმაც, მაღალი რანგის სასულიერო პირების მიერ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის გამო, ოქტომბერში საკათედრო ტაძრიდან საზეიმო წირვა არ გაუშვა ეთერში.

ტელევიზიის ხელმძღვანელმა საომარი რიტორიკის მხარდაჭერაში ირიბად მიტროპოლიტი ვლადიმირიც დაადანაშაულა. მისი განცხადებით, მიტროპოლიტი ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომაში მონაწილეობდა, რის შემდეგადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობისთვის ილოცა. ეს ფაქტი უარყვეს მმე-ის ვებგვერდზე.

3 ნოემბერს, არასაპარლამენტო ლიბერალურმა პარტიამ მმე-ს მოუწოდა ბესარაბიის მიტროპოლიას შეერთდებოდა. ეს იყო ერთადერთი მსგავსი მოწოდება პოლიტიკურ სივრცეში. ამ განცხადებას მოჰყვა მმე-ის პასუხი, სადაც პირველად ითქვა, რომ მიტროპოლიტმა ვლადიმირმა თავიდანვე დაგმო ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

გააქტიურდა რუმინეთის ეკლესიაც. 2023 წლის იანვარში რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოლდოვის ხელისუფლებას კიშინიოვის სასულიერო სემინარიის შენობისა და ბესარაბიის მიტროპოლიის სხვა უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება მოსთხოვა, ასევე კომპენსაცია მოითხოვა იმ შენობის სანაცვლოდ, სადაც ახლა მთავრობის სახლია განლაგებული.

ხელისუფლება და ეკლესია

პროდასავლური პრეზიდენტის, მაია სანდუს პოზიცია რელიგიური საკითხებისადმი სიმწვავით არ გამოირჩევა, მითუმეტეს, რომ მართლმადიდებლების აბსოლუტური უმრავლესობა თავს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მყოფ მოლდოვის მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებს.

თუმცა, ბოლო პერიოდში სანდუსა და მმე-ს შორის ურთიერთობაშიც გაჩნდა მცირე ბზარები. ჯერ კიდევ ომამდე, 2022 წელს, სანდუმ ევროპის საბჭოს ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და საოჯახო ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) რატიფიკაცია მოახდინა, რის გამოც მღვდლების ნაწილმა უარი თქვა ელოცა ქვეყნისა და მისი ხელმძღვანელობისთვის. ზოგიერთმა მაღალმა იერარქმა ზიარების უფლება აუკრძალა იმ პარლამენტის წევრებს, რომლებმაც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.

2023 წლის 24 მაისს სანდუმ რუმინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მმე-ის ნაწილი რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს ან მხარს უჭერს რუსეთს. 6 ივლისს კი, ბესარაბიის მიტროპოლიტმა მმე-ს „მოსკოვის საპატრიარქოს საოკუპაციო სტრუქტურა“ უწოდა, სადაც რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები არიან მოკალათებული.

12 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრალდებებს “აბსურდული და უსაფუძვლო” უწოდა. ზახაროვას შეფასებით, მმე-ის დისკრედიტაციას პროსამთავრობო მედია ცდილობს, მაშინ, როდესაც, რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას სრული მხარდაჭერა აქვს. ზახაროვას თქმით, ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიული შენობის ბესარაბიის მიტროპოლიისთვის გადაცემის საკითხს განიხილავს.

შესაძლებელია თუ არა ავტოკეფალიის მოპოვება ან რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფა?

2019 წელს, კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ, მართლმადიდებელ ქვეყნებში, რუსეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ და რელიგიური წრეებში გაჩნდა იმედი, რომ რუსეთის ეკლესიის გავლენა შესუსტდებოდა და ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები თუ ავტოკეფალიას ვერ მოიპოვებდნენ, იურისდიქციას მაინც შეიცვლიდნენ.

მსგავსი იმედები გაჩნდა მოლდოვაშიც, სადაც მიაჩნიათ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს მსგავსი რამის გაკეთება მოლდოვაშიც შეუძლია, თუკი მასზე დასავლეთი ზეწოლას განახორციელებს.

თუმცა, მოკლევადიან პერიოდში, მსგავს ნაბიჯს შეიძლება ხელი შეუშალოს რამდენიმე ფაქტორმა:

  • მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება კონსერვატიულად არის განწყობილი და არ აპირებს მმე-სგან გამოყოფას.
  • მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესია ღიად არ საუბრობს რუსეთის სამხედრო აგრესიაზე, თავის განცხადებებსა თუ ქმედებებში სიფრთხილეს ავლენს.
  • მოლდოვაში ჯერ კიდევ ძლიერია რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში პრორუსულად განწყობილი მოქალაქეების/ამომრჩევლების ყოფნაც.
  • მოლდოვის პროდასავლური ხელისუფლებისთვის შეიძლება მისაღები იყოს, რუსეთის ეკლესიის გავლენის შესუსტება, მაგრამ, არსებული შიდა და საგარეო გამოწვევების პირობებში, ამ ეტაპზე, სანდუს მთავრობას გაუჭირდება მოსკოვის რელიგიური სტრუქტურის საწინააღმდეგოდ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა.

დასკვნის მაგიერ

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ და რუსეთის ეკლესიის საომარმა რიტორიკამ ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში რუსეთის ეკლესიის იურისდიქციას დაქვემდებარებულ მართლმადიდებელ ეკლესიებს ლეგიტიმაციის პრობლემა შეუქმნა. მოლდოვაში ჯერ კვლავ ძლიერია მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა, მაგრამ რუსეთის შემდგომმა სამხედრო და პოლიტიკურმა წარუმატებლობამ, შესაძლოა, მოლდოვაშიც შეუწყოს ხელი დიდი რელიგიური ცვლილებების დაწყებას.

მსგავსი/Related

Back to top button