Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

საქართველოს რესპუბლიკა დღესასწაულობს ბათომის დაბრუნებას

გაზ. ერთობა, 1920 წლის 9 ივლისი, N153

დღევანდელი დღე

საქართველოს რესპუბლიკა დღესასწაულობს ბათომის დაბრუნებას. ხელოვნურათ მოწყვეტილი ნაწილი შეუერთდა ისევ ბუნებრივ სხეულს. მოისპო ისტორიული უსამართლობა. რომელიც უსისხლხორცო აჩრდილათ აქცევდა ჩვენს დამოუკიდებლობას.

ეს მოხდა არა ქველმოქმედებით, არა გარეშე ძალის წყალობით. ეს მოხდა საქართველოს ერის, მისი და აჭარის მშრომელი ხალხის მონდომებით. ბათომი არ არის ნაჩუქარი, ის არის ჩვენი ხანგრძლივი, შეუწყვეტელი პოლიტიკური ბრძოლით ჩვენთან დაბრუნებული.

ბათომი იყო და არის საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი. საქართველომ გამოიჩინა ნება არსებობისთვის ბრძოლაში, და მის აუარებელ მტრებს არ შეეძლოთ ანგარიში არ გაეწიათ ამ ნებისთვის.

ბათომი ახლა ჩვენია, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ გათავებულია ბრძოლა ბათომისთვის. საქართველოს საზღვრებთან დგანან იგივე მტრები – შავი და წითელი იმპერიალიზმის წარმომადგენლები. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა არ შეეფერება არც ერთი, არც მეორე მტრის ინტერესებს. ისინი შეცვლიან მხოლოდ ბრძოლის საშუალებებს, მაგრამ ხელს არ აიღებენ თითონ ბრძოლაზე აქ თავისი გავლენის მოსაპოვებლათ და ჩვენი დამოუკიდებელი არსებობის გასაქარწყლებლად.

ჩვენ ვდღესასწავლობთ, მაგრამ არ ვუქმობთ. ეს დღესასწაული შესვენებაა ახალი ძალების მოსაკრებათ. – წინ, წინ, წინ, – აი რას გვეუბნება დღევანდელი დღე. საქართელოს დემოკრატია დღეიდან წავა წინ ბათომის მშრომელ ხალხთან, და ეს შეერთებული ძალა გამოიყენებს ბათომის ღია კარებს ევროპასთან დასაახლოვებლათ და საერთაშორისო დემოკრატიასთან მჭიდრო კავშირის დასაკავებლათ.  ჩვენ საბოლოოდ გავიმარჯვებთ, ან დავმარცხდებით ამ დემოკრატიასთან ერთად.

თანამედროვე ისტორიულმა ხანამ უნდა დაამთავროს ის საქმე, რომელიც დაიწყო საფრანგეთის რევოლუციამ გასულ საუკუნის დასაწყისში. მაშინ ქაღალდზე აღნიშნული ადამიანის და მოქალაქის უფლება უნდა გატარდეს სინამდვილეში. ეს იქნება დემოკრატიული პრინციპის ფრთებ შეუკვეცელათ განხორციელება, ეს იქნება ერის და პიროვნების განთავისუფლება.

ამ პრინციპს, ამ თავისუფლებას დღეს უარყოს ორივე მებრძოლი ბანაკი – კაპიტალისტური დასავლეთი ინგლისის მეთაურობით და ჩამორჩენილი აღმოსავლეთი ბალშევიზმის თაოსნობით. ხალხის ბედ-იღბალს სწყვეტენ ხალხის დაუკითხავათ, ხალხის თვითმოქმედებას ვერ ურიდგება ვერც ერთი, ვერც მეორე სამთავრო.

[რუსეთის] ხანგრძლივი სამოქალაქო ომში ჯერ ვერ გაიმარჯვა ვერც ერთმა მხარემ, ვერც გაიმარჯვებს. ეს ომი უნდა გათავდეს ორივეს დამარცხებით. სახელმწიფოებრივი წესწყობილება ყველგან უნდა დამყარდეს დემოკრატიულ საძირკველზე ისე, რომ ხალხისაგან იწყებოდეს და ხალხით თავდებოდეს მართვა-გამგეობა, მაშინ ვეღარ გაიხარებს ვერც შავი და ვერც წითელი იმპერიალიზმი.

საქართველომ ეს დაამტკიცა თავისი მაგალითით. აქაური დემოკრატია არ ეპოტინება არც გამარჯვებული ქვეყნების იმპერიალისტებს, არც რუსეთის ბალშევიკებს. არც ერთ ამ გარეშე ძალას ამიტომ აქ არ ჰქონდა, და არც აქვს ფესვები. ამის მაჩვენებელია ბათომის დაბრუნება.

ბათომის შემოერთებით ჩვენ გავამტკიცებთ ჩვენ ეროვნულ დამოუკიდებლობას არა დემოკრატიული ძალებისაგან და ჩვენ ურთიერთობას ყველა გარეშე დემოკრატიულ ძალებთან. ამით ჩვენ შევიტანთ თვალსაჩინო წვლილს იმ დიდ მოძრაობაში, რომელსაც მიჰყავს კაცობრიობა სოციალიზმის კარებთან.

მსგავსი/Related

Back to top button