ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 12 ივნისი

უკრაინული კონტრშეტევა

გასულ კვირას, უკრაინამ “ფრონტის ფორმირების” ოპერაციები დაასრულა და შეტევითი ოპერაციები წამოიწყო ზაპოროჟიისა და დონბასის ფრონტებზე ახლადგაწვრთნილი ბრიგადებისა და დასავლური ტექნიკის ნაწილების გამოყენებით. უკრაინული მხარე შეტევის შესახებ ძუნწად ან საერთოდ არ საუბრობს. ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ხუთიოდე კილომეტრით წაიწიეს წინ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე და ათამდე სოფელი დაიხსნეს ოკუპანტის კლანჭებიდან. უკრაინული შეტევა თვით ვლადიმირ პუტინმაც აღიარა და აღნიშნა, რომ რუსული ჯარები მას წარმატებით იგერიებენ. ბევრი რამ ბრძოლის ბურუსითაა მოცული, რუსები ღრმად ეშელონირებულ თავდაცვით პოზიციებზე დგანა, თუმცა როგორც ჩანს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ მონაკვეთზე მაინც მოახერხეს წინასწარი დანაღმული ველებისა და საინჟინრო ნაგებობების გარღვევა და დაცვის პირველ ზღუდეს მიადგნენ. დასავლელი ექსპერტები მოელიან, რომ უკრაინული შეტევის წარმატების ხარისხზე სამსჯელოდ ერთი-ორი კვირა მაინცაა საჭირო. ჩვენც გულისყურით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას.


კახოვკას ჰიდროელექტროსადგური

6 ივნისის დილას კატასტროფულად მოირღვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და დნეპრის წყალმა მდინარის ქვედა დინება დატბორა. წყლის  ქვეშ მოექცა ხერსონის ოლქის ხუთ ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი, მნიშვნელოვნად დაიტბორა ახლომდებარე დასახლებული პუნქტები, სოფლები და სასოფლო სამეურნეო  სავარგულები, მათ შორის ქალაქი ხერსონიც. სასმელი წყლის პრობლემა შეექმნა დაახლოებით 700 ათას ადამიანს. მხოლოდ 6 ივნისის საღმოსთვის უსახლკაროდ დარჩა 16 ათასზე მეტი მოსახლე. მომდევნო დღეებშიც, წყალმა მნიშვნელოვნად დააზარალა ათობით ათასი მოსახლის საცხოვრებელი სახლები და მეურნეობა, ასევე საჭირო გახდა ათასობით ადამიანის დაუყოვნებელი ევაკუაცია.

ამ მომენტისთვის, უკრაინის შსს ამბობს, რომ დადასტურებულად დაღუპულია ათი ადამიანი, დაკარგულად ითვლება სულ მცირე რამდენიმე ათეული მოსახლე.

კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ვეღარ აღდგება. უკრაინული და რუსული მხარეები ჰესის აფეთქებას და აფეთქებით გამოწვეულ ეკოლოგიურ კატასტროფას ერთმანეთს აბრალებენ. ექსპერტები ვერ გამორიცხავენ ადრინდელი დაზიანებებითა და დიდი წვიმების მერე წყლის დონის სარეკორდო დაგვოვებით გამოწვეულ ტექნოგენურ კატასტროფასაც. თუმცაღა სამხედრო ლოგიკა რუსეთის ბრალეულობას უფრო ამტკიცებს: კაშხლის გარღვევის მომენტში მას რუსული ძალები აკონტროლებდნენ, ხოლო რღვევით გამოწვეული კატასტროფა ტაქტიკურად უფრო რუსებს აძლევდათ ხელს – დნეპრის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის ძალების შეტევა დროებით შეუძლებელი გახდა. რუსები თავის დასაცავად მიუთითებენ, რომ კაშხლის დარღვევამ ყირიმი სასმელი წყლის გარეშე დატოვა – თუმცა როდის იყო, რუსეთი ხალხზე ზრუნავდა?!


ბორის ჯონსონის წლისთავი

გასული წლის ზაფხულში, სკანდალებში გახვეულ ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს პრემიერის სავარძლის დატოვება მოუწია. მას ბრიტანეთის პარლამენტიცა და საზოგადოებაც გაგანია კოვიდ შეზღუდვების პერიოდში, მიღებებისა და წვეულებების გამართვას ედავებოდა. ამ ზაფხულს კი, მას სადეპუტატო მანდატის დატოვებაც მოუხდა, რადგან თემთა პალატის საგამოძიებო კომიტეტმა გაქნილი ჯონსონი მიზანმიმართულ სიცრუეში გამოიჭირა. თემთა პალატის კომიტეტმა კოვიდ შეზღუდვების დარღვევის თემაზე ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის წინაშე გაკეთებული განცხადებები შეისწავლა, შემდეგ გამოვლენილ გარემოებებს მიუსადაგა და დაასკვნა, რომ ბრიტანეთის პრემიერი პარლამენტში გამოსვლისას ცრუობდა. კომიტეტის დასკვნის გამოქვეყნებამდე, ჯონსონს კონსერვატორმა დეპუტატებმა ურჩიეს საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო და ჯონსონმაც კარი გაიჯახუნა. თუმცა კი დაიქადნა – მოვბრუნდებიო – მაგრამ ჯერჯერობით ბრიტანეთის პოლიტიკური ოლიმპი გაურკვეველი დროით დატოვა.


შოტლანდიის გაფლანგული დამოუკიდებლობა

სკანდალებია გაერთიანებული სამეფოს მეორე ერთეულშიც – შოტლანდიაში, პარტიული ფულის გაფლანგვისთვის, ყოფილი პირველი მინისტრი, ნაციონალური პარტიის ლიდერი ნიკოლა სტარჯონი მოწმის სტატუსით დააკავეს, თუმცა ბრალის წარუდგენლად ერთი დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

სტარჯონის მეთაურობით შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას დამოუკიდებლობის რეფერენდუმის საქმისთვის 600 ათასი ფუნტი შეუგროვებია, თუმცა არც რეფერედნუმი ჩატარებულა და არც შოტლანდიის დამოუკიდებლობის საქმე დაძრულა ადგილიდან. პარტიისთვის შეგროვილი თანხები კი სადღაც დაიხარჯა. ფინანსების განიავებაში თავად პარტიამ და, მოგვიანებით, გამოძიებამაც შოტლანდიის ყოფილი მეთაურისა და მისი მეუღლის ბრალეულობა გამოკვეთა.

ნიკოლა სტარჯონამდე ორიოდე თვით ადრე, შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ყულაბაში ხელის ფათურისთვის დააკავეს მისი მეუღლეც, პიტერ მიურელი, რამაც თავად სტარჯონის პოლიტიკური კარიერა შეიწირა. არადა, ქალბატონი სტარჯონი შოტლანდიის ყველაზე ხანგრძლივი პირველი მინისტრი იყო – მან ამ თანამდებობაზე რვა წელი დაჰყო. შოტლანდიის დამოუკიდებლობის საქმეს, ამ სკანდალით გვარიანი ზიანი მიადგა.


ბერლუსკონის მოუსვენარი სული

გარდაიცვალა იტალიის ყოფილი პრემიერი, სილვიო ბერლუსკონი. ბერლუსკონიმ ხანგრძლივი და მჩქეფარე ცხოვრებით იცხოვრა – ის იტალიის მედია მაგნატიც იყო და ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბ “მილანის” მფლობელიც. 1994 წლიდან მოყოლებული ბერლუსკონი იტალიის პოლიტიკის ცენტრალური მოთამაშე გახდა, სამჯერ იჯდა პრემიერის სავარძელში და ცხოვრების ბოლომდე ანგარიშგასაწევ ფიგურად ითვლებოდა.

მშფოთვარე ცხოვრების მანძილზე, ბერლუსკონი არაერთხელ გახვეულა კორუფციულ, თუ საგადასახადო სკანდალებში. იტალიისა და დანარჩენი მსოფლიოს რიგით მოქალაქეებს, ის აღვირახსნილი პირადი ცხოვრებითა და ვლადიმირ პუტინთან უჩვეულოდ ახლო მეგობრობით დაამახსოვრდებათ.

ძველ რომში ამბობდნენ –  გარდაცვლილზე ან მხოლოდ კარგი ითქმის ან არაფერიო, თუმცაღა პოლიტიკა პოლიტიკად რჩება: ამბობენ, რომ ბერლუსკონის იმქვეყნად გამგზავრება ჯორჯა მელონის წაადგება, რომელიც ახლა უკვე ბერლუსკონის მიერ დაობლებულ პოლიტიკურ იმპერიას ჩაიბარებს ისე, რომ ბებერი წუწკის მოულოდნელი სკანდალის ანდა პოლიტიკური კვანტის შიში აღარ ექნება.

მსგავსი/Related

Back to top button