ძველი ამბები

ბაქოდან ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ჩამოვიდნენ

Tags

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 30 ივნისი, N144

ტყვეების ჩამოსვლა ადერბეიჯანიდან

[წითელი არმიის შემოტევების მოგერიების პროცესში 1920 წლის მაისის შუა რიცხვებში, სასაზღვრო არეალში, ერთ-ერთი სიმაღლის დაცვისას, კონტრშეტევაზე გადმოსულმა წითელი არმიის ნაწილებმა მოახერხეს მცირერიცხოვანი ქართული საჯარისო დანაყოფის ტყვედ ჩაგდება. დატყვევებული ქართველი ჯარისკაცები და გვარდიელები დაახლოებით 40 დღის განმავლობაში საბჭოთა აზერბაიჯანის ტყვეთა ბანაკებში იყვნენ  მოთავსებული. 1920 წლის ივნისის ბოლოს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის გაფორმებული საზავო შეთანხმების შედეგად ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გათავისუფლდნენ საბჭოთა აზერბაიჯანის ტყვეობიდან, საპასუხოდ კი ქართულმა მხარემ გაათავისუფლა ტყვედ აყვანილი  ასობით წითელარმიელი.

28 ივნისს, საგანგებო მატარებლით ბაქოდან ტფილისში ჩამოვიდენ გვარდიელები და ჯარის კაცები საქართველო-ადერბეიჯანის ომის დროს ბაქოში დარჩენილნი. ტყვეებს სადგურზე მიეგებენ მთავრობის თავმჯდომრის მდივანი გიორგი ცინცაძე, სახალხო გვარდიის უფროსი ჯუღელი და დამფუძნებელი კრების ზოგი წევრი. ამ შეხვედრას დაესწრენ აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგი ნიკოლოზ ქარცივაძე და დიპლომატიური წარმომადგენელი ადერბეიჯანში გრიგოლ ალშიბაია. სულ ჩამოვიდა 60 ჯარისკაცი და გვარდიელები და 4 ოფიცერი. ჯუღელი მათ სიტყვით მიესალმა. ჯარისკაცების გარეგნობა მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს. არიან გამხდარნი და შიმშილით გამოფიტულნი. აცვიათ დაგლეჯილი პერანგები და შარვლები. ზოგს ნარტყმევი ამჩნევია. ერთ ყოფილ ყვეს  თავი აქვს გატეხილი.

ტყვეები დასასვენებლად და გამოსაკეთებლად საავადმყოფოებში გააგზავნეს.

ტყვეებმა საქართველოს დეპეშათა სააგენტოს წარმომადგენელს გადასცეს, რომ ტყვედ წაყვანის შემდეგ მათ წინადადება მისცეს ჩაწერილიყვნენ წითელ ჯვარში, მაგრამ უარის თქმის შემდეგ ისინი თითქმის სრულებით გააშიშვლეს და გააგზავნეს კუნძულ ნარგენზე, სადაც ტყვე მოხალისენიც იმყოფებოდენ. ტყვეებს დღეში აძლევდენ 1 ბოთლ წყალს, ერთ მეოთხედ ან ნახევარ გირვანქა პურს, რომელიც ბამბის კაკლების ხენჯიდან იყო გაკეთებული. ტყვეები ირონიულად ამბობენ: დეე ისინი წავიდენ საბჭოთა ადერბეიჯანში და იმათ იცხოვრონ, რომლებიც ამბობენ ბოლშევიკებთან სამოთხეაო.

ფრონტის დამხმარე მთავარმა კომიტეტმა გადასწყვიტა შეჰკრიბოს ცნობები იმ რეჟიმის შესახებ, როგორადაც ეპყრობოდენ ჩენ ტყვეებს ადერბეიჯანში.

მსგავსი/Related

Back to top button