ძველი ამბები

რესპუბლიკის მთავრობა გარემოს დაცვისათვის ერთან პოლიტიკას შეიმუშავებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 22 ივნისი, N137

მიწათ-მოქმედების სამინისტროში

ბორჯომის მამული

ბორჯომის სახელმწიფო მამულის მიერ განზრახულია მამულის სამეცნიერო აღწერის გამოშვება. ეს ნაშრომი იქნება, ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. გამოცემის მიზანია: მისცეს მკითხველს საქართველოს ერთ უძვირფასეს კუთხის დაულეველ სიმდიდრის და ბუნებრივი რესურსების მთლიანი სურათი. გამოცემაში იქნება მრავალი სურათები, რომელთათვის უკვე 40 კლიშე არის დამზადებული. პირველად ქართულ ენაზე გამოიცემა.

საქართველოს ბუნების დაცვა

ცხოველთა კლიმატიზაციის კავკასიის საზოგადოებამ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს წარუდგინა რეზოლუცია საქართველოს ბუნების დაცვის შესახებ. ამ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ცოცხალი და მკვდარი ბუნება საფრთხეშია, ვინაიდან ტყე ნადგურდება და ცხოველები იხოცება. საჭიროა ამისათვის ყველა ზომების მიღება ბუნების დასაცავად და საქართველოს ტერიტორიაზე ბუნების რიგი ძეგლების შექმნა, რომელთა დაცვაც სახელმწიფომ უნდა იკისროს.

ამისათვის საჭიროა კანონმდებლობითი გზით იქნეს მთელი რიგი დაცვითი ზომებისა შემუშავებული, რისთვისაც უნდა დაარსდეს უმაღლესი ორგანო სახელმწიფო კომისიის სახით, რომელსაც ბუნების დაცვა დაევალება. ამისათვის ერთად საჭიროა საქართველოს მცხოვრებთადმი განსაკუთრებული მოწოდებით მიმართვა, რომ მათ დაიცვან და შეინახონ ნაციონალური ბუნების ძეგლები. შემდეგ რეზოლუციაში აღნიშნულია 17 ისეთი ადგილი, სადაც ადამიანს არავითარ შემთხვევაში და არასდროს არ უნდა ექნეს უფლება ბუნების ცხოვრებაში შეჭრისა, ე. ი. არ უნდა ექნეს ტყის მოჭრის, ნადირობის, თევზის ჭერის და სხვა უფლება.

ტყის გაჩეხვა

ტფილისში დაარსდა სადარაჯო, რომელსაც ევალება გასინჯვა ნებართვისა ტყის გაჩეხვის შესახებ, რომელიც ტფილისში მტკვრით ტივის სახით მოაქვთ გორის, ახალციხისა და ახალქალაქის რაიონებიდან.

ტყის წარმოება

1920 წლის იანვრიდან ივნისამდე ტფილისში შემდეგი ტყის სახერხი ქარხნები მუშაობდა: კერძო 8, სამხედრო 1, ოფიცერთა საეკონომიო საზოგადოების 1. დახერხილია კერძო ქარხნებზე 77 000 კვ. გოჯი, სამხედრო ქარხანაზე 23 000 კვ. გოჯი და ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოების ქარხანაზე 40 000 კვ. გოჯი. მიმდინარე წლის განმავლობაში სამხედრო ქარხნების მიერ დამშვებულია სამხედრო უწყებებზე 60 418 კვ. გოჯი, დაწესებულებებზე 25 074კვ. გოჯი და კერძო პირების 5 465 კვ. გოჯი.

მსგავსი/Related

Back to top button