skip to content
ჯანმრთელობა

კლიმატის ცვლილება ჩვენგან შორს ნუ გვეგონება

კლიმატის ცვლილების შესახებ ბევრ ჩვენგანს ერთხელ მაინც გვაქვს მოსმენილი ან წაკითხული. ალბათ გაიგებდით, რომ მეცნიერები და ექსპერტები კლიმატის ცვლილებას იმაზე უფრო მწვავე პრობლემად ასახელებენ დღეს, ვიდრე შეიარაღებულ ომებს ან თუნდაც ეკონომიკურ კრიზისებს.


სოფიკო ბაბალაშვილი – გარემოსდაცვითი აქტივისტი, მდგრადი განვითარების მიზნების ანალიტიკოსი

ალექსანდრე ჩხიკვიშვილი – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი – საქართველოს გაეროს ასოციაცია


კლიმატის ცვლილება, როგორც ანთროპოგენული პროცესი

ბოლო 200 წლის განმავლობაში დედამიწის ზედაპირის საშუალო წლიური ტემპერატურა 1.14⁰-ით გაიზარდა. ისტორიაში 10 ყველაზე ცხელი წელიწადიდან 9 ფიქსრიდება 2005 წლის შემდეგ. უკვე არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ინდუსტრიალიზაციის პერიოდიდან დღემდე, დაჩქარებული ტემპით კლიმატის ცვლილებას ადამიანის საქმიანობა იწვევს. მეცნიერები პრაქტიკული კვლევებით ადასტურებენ, რომ მე-18 საუკუნიდან კლიმატის ცვლილების ძირითადი გამომწვევი არა ბუნებრივი პროცესები, არამედ ანთროპოგენული ფაქტორები, ანუ ადამიანის საქმიანობაა. უფრო კონკრეტულად კი, ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ქვანახშირის დიდი რაოდენობით მოხმარება.

ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის, ტრანსპორტირებისათვის, ცხოვრების მატერიალური სტანდარტების დაკმაყოფილებისათვის (მაგალითად, გათბობა-გაგრილების სისტემების, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მოწყობილობების გამოყენება) ადამიანები დიდი რაოდენობით ენერგიას მოვიხმართ, ენერგიის მისაღებად კი უმეტესწილად წიაღისეულ საწვავს, ანუ ბუნებრივ აირს, ნავთობსა და ქვანახშირს ვიყენებთ. ამ ნივთიერებების წვა გამოყოფს სხვადასხვა აირს, რომელთაგან კლიმატის ცვლილების ჭრილში ყველაზე საყურადღებო  ნახშირორჟანგია (CO₂).

სათბური აირები, უმთავრესად ნახშირორჟანგი (CO₂), დედამიწიდან არეკლილ სითბოს აკავებენ და უკან აღარ უშვებენ, რითაც არღვევენ დედამიწაზე შემოსული და გასული ენერგიის ბალანსს

ნახშირორჟანგი სათბური აირია. სხვა აირებისგან განსხვავებით, სათბურ აირებს დედამიწიდან გამოყოფილი რადიაციული ტალღების შეკავება შეუძლიათ, რაც ტემპერატურის მატებას იწვევს. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობით დაგროვება არღვევს დედამიწაზე შემოსული და გასული ენერგიის ბალანსს. მაგ. მზის სხივები დედამიწას ათბობს, რის შედეგადაც დედამიწის ზედაპირიდან გამოიყოფა სითბო, ხოლო სათბური აირები ამ „არეკლილ“ ენერგიას აკავებენ და უკან აღარ უშვებენ. წარმოვიდგინოთ, რომ დიდი რაოდენობით კონცენტრირებული ნახშირორჟანგი ატმოსფეროში სქელი საბანია. რაც უფრო მეტი ნახშირორჟანგის გაფრქვევა ხდება ატმოსფეროში, მით უფრო სქელდება „საბანი“ და უფრო დიდი რაოდენობით ენერგიას აკავებს დედამიწის შიგნით. სწორედ ეს ჭარბი ენერგია იწვევს შემდეგ დედამიწის ზედაპირის საშუალო წლიური ტემპერატურის მატებას, რისი საკვანძო მიზეზიც, როგორც ზემოთ უკვე მიმოვიხილეთ, ატმოსფეროში ჭარბი რაოდენობით გამოფრქვეული ნახშირორჟანგისა და სხვა სათბური აირების კონცენტრაციაა. სათბური აირები მხოლოდ წიაღისეული საწვავის გამოყენების შედეგად არ გამოიყოფა. სოფლის მეურნეობის წარმოებისა და ნარჩენების მართვის შედეგად ასევე წარმოიშობა სათბური აირები, როგორებიცაა მაგ. მეთანი (CH₄) და აზოტის ოქსიდი (N₂O).

კლიმატის ცვლილება, როგორც ჯანმრთელობის პრობლემა

ტერმინის „კლიმატის ცვლილება“ გაგებისას, როგორც წესი, ჩვენი პირველი ასოციაცია გარემოს უკავშირდება: დამდნარ ყინულებს, გამომშრალ მიწას ან მაღალ ტემპერატურას, რაც, რა თქმა უნდა, სრულიად მართებულია, ვინაიდან კლიმატის ცვლილება, მათ შორის დედამიწის ზედაპირის საშუალო წლიური ტემპერატურის მატება, მართლაც იწვევს ყინულის მასების დნობას, გახანგრძლივებულ გვალვებს, ცხელი დღეების რაოდენობის ზრდას. მაგრამ, რამდენად ვფიქრობთ ხოლმე იმაზე, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს კლიმატის ცვლილებას ჩვენი ცხოვრების ხარისხთან, მუშაობის პროდუქტიულობასთან, ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობასთან?!

ბევრის აზრით, კლიმატის ცვლილების შედეგებთან ბრძოლაზე სამომავლოდ უნდა ვიფიქროთ, თუმცა ამ შედეგებთან ჩვენ აქ და ახლა, ყოველდღიურად უკვე გვიწევს გამკლავება, უბრალოდ ზოგჯერ არ ვიცით, რომ კლიმატის ცვლილების სიმპტომებს ვებრძვით


კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გამოწვევას ადამიანის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებისთვის. ბევრი ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები სამომავლო პრობლემაა. ეს მცდარი მოსაზრებაა, კლიმატის ცვლილების შედეგებს ჩვენ უკვე ვებრძვით აქ და ახლა, უბრალოდ ზოგჯერ არ ვიცით, რომ ეს შედეგები კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე მოვლენების აღწერა მკაფიოდ გვაჩვენებს კლიმატის ცვლილებით განპირობებული შედეგების კონტრასტს ადამიანური ფაქტორის გაძლიერებამდე და მის შემდეგ.

კლიმატის ცვლილების შედეგები ფიზიკურ, მენტალურ და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების შედეგად იზრდება ექსტრემალური ტემპერატურების სიხშირე.  ექსტრემალური ტემპერატურა განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის, ხანდაზმულებისთვის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ქრონიკული ან მძიმე მდგომარეობების მქონე ინდივიდებისათვის. მაგალითისთვის, ექსტრემალური ტემპერატურით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი 65 წელზე უფროსი ასაკის მოასხლეობაში მსოფლიოში 85%-ით არის გაზრდილი 1990-2000 წლების პერიოდთან შედარებით.

ამერიკის გულის ასოციაციის მიხედვით, ექსტრემალურმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, სითბური სტრესი და ისეთი დაავადებების გამწვავება, როგორიცაა ასთმა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ). სითბური ტალღები ასევე ზრდის დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) რისკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება და ჯანმრელობის სხვა პრობლემები. ერთი სიტყვით, ადამიანების ორგანოთა სისტემებისთვის კლიმატის ცვლილება ახალი, მძიმე ტვირთია, რომელიც სულ უფრო მძიმდება, ჩვენი ორგანიზმი კი ამ ტვირთთან ადაპტაციას სწრაფად ვერ ახერხებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილება წელიწადში დამატებით 250 000 სიკვდილის შემთხვევას გამოიწვევს 2030-დან 2050 წლამდე პერიოდში.

გვალვების შედეგად სულ უფრო მცირდება პროდუქტიული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, მის უკუპროპორციულად კი იმატებს სასურსათო დაუცველობა, ანუ წვდომა ჯანსაღ, საჭირო მიკროელემენტებით გაჯერებულ სურსათზე

არავისთვისაა სიახლე, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება ის, თუ როგორი ხარისხის, რა შემადგენლობისა და რა რაოდენობის საკვებზე მიგვიწვდება ხელი. ვინაიდან კლიმატის ცვლილება ახშირებს გვალვებს, იკლებს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა და იქმნება ე.წ. სასურსათო დაუცველობა, ანუ იმის რისკი, რომ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალსა და კონკრეტულ დროით მონაკვეთში, ყველა ადამიანს არ ექნება წვდომა ჯანსაღ, ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონიებისათვის საჭირო ვიტანიმებითა და მიკროელემენტებით მდიდარ სურსათზე. გლობალურ დონეზე, მიწების ფართობი, რომლებიც ექსტრემალური გვალვების ქვეშ არის, 18%-დან 47%-მდე გაიზარდა ბოლო 70 წლის განმავლობაში. გლობალური მოსახლეობის მზარდი ტენდენციის ფონზე, ეს მაჩვენებელი კიდეევ უფრო მეტად ამწვავებს სასურსათო უსაფრთხოების საკითხს. გახშირებული გვალვების გამო 2021 წელს, მსოფლიოს მასშტაბით, 127 მილიონზე მეტი ადამიანი განიცდიდა ზომიერ ან მძიმე სასურსათო დაუცველობას, რაც ნიშნავს, რომ მათ არ ჰქონდათ მუდმივი წვდომა საკვებზე.

კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს სიცოცხლისათვის საშიში გადამდები დაავადებების გავრცელებასაც. ეკოლოგიური სისტემების ცვლილებები იწვევს ვექტორებით (შუამავალი ორგანიზმები, მაგ. ტკიპა ან კოღო) გადამდები დაავადებების გახშირებას, როგორიცაა მალარია და დენგე, იმ რეგიონებში, სადაც ეს დაავადებები ადრე იშვიათი იყო. ცხელი კლიმატი და წვიმიანობის შეცვლილი დინამიკა ქმნის იდეალურ პირობებს დაავადებების გადამტანი კოღოების და სხვა ვექტორების გამრავლებისა და გადარჩენისთვის, რაც ზრდის ინფექციური დაავადებების გლობალურ ტვირთს.

ყინულით დაფარული ნიადაგების ქვეშ ათასწლეულების მანძილზე დაგროვილი ორგანული ნარჩენები ინახება. დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდის შედეგად აღნიშნული ყინულის მასების დნობა, იქ არსებული ორგანული ნამარხებიდან დაავადებების გავრცელების კერას ქმნის. ახალი დაავადებების მიმართ ჩვენი მზაობის ხარისხი კი რთულად პროგნოზირებადია.

კლიმატის ცვლილება არ ნიშნავს მხოლოდ ტემპერატურის ზრდას და დათბობას, არამედ კლიმატის ცვლილება ზრდის ისეთი ექსტრემალური მოვლენების ალბათობასაც, როგორებიცაა ძლიერი წვიმები, წყალდიდობები, ქარიშხლები, მეწყერები და ა.შ., რაც პირდაპირ კავშირშია როგორც ჩვენს ფიზიკურ უსაფრთხოებასთან, ისე მენტალურ ჯანმრთელობასთან.  2022 წელს, მხოლოდ ევროპაში,  სიცხით განპირობებულ ექსტრემალურ მოვლენებთან დაკავშირებული 61 000-ზე მეტი სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ხაზს უსვამს ტემპერატურის მატების მომაკვდინებელ ეფექტს.

ტერმინი “ბუნებრივი კატასტროფა” თითქოს თავისთავად, ჩვენგან დამოუკიდებელ ხდომილებას აღწერს, სინამდვილეში “ბუნებრივი კატასტროფების” შინაარსი სულ უფრო არაბუნებრივი ხდება, ვინაიდან ეს მოვლენები არა თავისთავადი, არამედ ადამიანური ჩარევის სიმპტომია

ამინდის ექსტრემალური მოვლენები და ბუნებრივი კატასტროფები ასევე პირდაპირ აზიანებს როგორც საზოგადოებრივ, ასევე ჰოსპიტალურ ინფრასტრუქტურას. აქვე უნდა განიმარტოს, რომ სიტყვა „ბუნებრივი“ თითქოს რაღაც თავისთავადს, ადამიანის ჩარევის გარეშე არსებულ მოცემულობას აღწერს. თუმცა, დღესდღეობით, შორეული წარსულისგან განსხვავებით, ბუნებრივი კატასტროფების ხდომილებიდან ადამიანური ფაქტორის ამოგდება დაუშვებელია. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი კატასტროფების საფუძველი სულ უფრო ხშირად არის არაბუნებრივი. თუმცა, ვინაიდან ამ არაბუნებრივი, მაშასადამე ხელოვნური ჩარევის სიმპტომი ბუნებაში აირეკლება, კვლავ გამოიყენება ტერმინი „ბუნებრივი კატასტროფა“, რომელმაც შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. დავუბრუნდეთ ექსტრემალური მოვლენებით გამოწვეულ ინფრასტრუქტურულ ზიანს. ამგვარ შემთხვევებს, შეიძლება ითქვას, დაგორებული თოვლის გუნდის ეფექტი აქვს. ამ ეფექტის უკეთ აღსაქმელად, შეგვიძლია კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ.

ფილიპინების ქალაქი ტაკლობანი 2013 წელს, “ჰაიანის” კატასტროფის შემდეგ © Trocaire, Wikimedia

2013 წლის ნოემბერში, ფილიპინებისკენ დაიძრა ტაიფუნი „ჰაიანი“, რომლის ქარის სიჩქარე 380 კმ-ს აღწევდა.  კომუნიკაციის პრობლემების, ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო შეზღუდვისა და ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის გამო, ევაკუაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. ტროპიკულ ციკლონს ყველაზე კატასტროფული შედეგები ფილიპინების ცენტრალურ ნაწილში, ვისაიასის რეგიონზე ჰქონდა. დაზიანდა საავადმყოფოები და ჯანმრთელობის ცენტრები, რაც ართულებდა სამედიცინო დახმარების მიწოდებას დაზარალებულებისთვის. სატრანსპორტო ქსელის მოშლამ დიდწილად უფუნქციო გახადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისები. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემები გადაიტვირთა, შეჩერდა საჭირო მომსახურებები, როგორებიცაა იმუნიზაცია, დედათა და ბავშვთა დახმარება, გეგმიური თუ გადაუდებელი სამედიცინო გამოკვლევები და ჩარევები, რამაც მოსახლეობა სხვადასხვა ინფექციის გავრცელებისა და ჯანმრთელობის კრიზისების მყისიერი რისკის ქვეშ დააყენა. სახელდახელოდ შექმნილ საერთო საცხოვრებლებში მოსახლეების სიმჭიდროვე დამატებით უწყობდა ხელს ინფექციური დაავადებების გავრცელებას. იმატა წყლით გადამდები დაავადებების, მაგ. დიარეის და რესპირაციული ინფექციების შემთხვევებმა, არასაკმარისი სანიტაციის და უსაფრთხო წყლის გამო. დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო. ნაწილი გადასახლდა ახლო რეგიონებში ან ურბანულ ადგილებში. ზოგიერთმა ოჯახმა სამუდამოდ დატოვა სახლები. ბევრი წლობით დარჩა დროებით თავშესაფარში ან კრიზისულ პერიოდში შექმნილ საერთო საცხოვრებლებში. სამედიცინო სერვისებზე მასობრივი მიგრაციით გამოწვეულ ჭარბ მოთხოვნას ჰოსპიტალური სექტორი ვერ აკმაყოფილებდა. შეიქმნა დასაქმების კრიზისი. კატასტროფის შედეგად სულ მცირე 6,300 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა. გადარჩენილების ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის შესახებ კი წარმოდგენას ზემოთ აღწერილი მოვლენების ანალიზიც კი იოლად შეგვიქმნის. მთავარი ისაა, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი მოვლენა არა ცალკეულ შემთხვევად, არამედ კლიმატის სისტემური კრიზისის გამოვლინებად უნდა განვიხილოთ. ბოლო პროგნოზების თანახმად, კლიმატის ცვლილებამ შეიძლება 2050 წლისთვის 216 მილიონამდე ადამიანის გადაადგილება გამოიწვიოს, ძირითადად საკუთარ ქვეყნებში. ყველაზე დაზარალებულ რეგიონებში შედის აფრიკა, სამხრეთ აზია, ლათინური ამერიკა და წყნარი ოკეანის კუნძულები.

გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება ამძაფრებს უთანასწორობას, მარგინალიზებულ თემებს არაპროპორციულად აზარალებს გარემოს დეგრადაცია და ჯანმრთელობის უარყოფითი შედეგები. აბორიგენი ჯგუფები, დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობა და ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ კატასტროფებისადმი მოწყვლად ადგილებში, განსაკუთრებით დაუცველები არიან. მათ არ აქვთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე და ცვალებად გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო რესურსებზე.

კლიმატის ცვლილება ერთი მხრივ სტაბილურად, მზარდი ტემპით ქმნის დამატებით ტვირთს სამედიცინო მომსახურებებზე, მეორე მხრივ მეწყრების, წყალდობების, ქარიშხლების და სხვა ექსტრემალური მოვლენების სახით საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მყისიერი გამოწვევების მიზეზი ხდება

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემები კლიმატის ცვლილების მზარდი გამოწვევების წინაშე დგანან. კლიმატის ცვლილება ერთი მხრივ სტაბილურად მზარდი ტემპით ქმნის დამატებით ტვირთს სამედიცინო მომსახურებაზე, მეორე მხრივ აჩენს უცაბედ, მყისიერ საფრთხეებს, რის თვალსაჩინოებას ფილიპინების კატასტროფის მეტყველი მაგალითიც ადასტურებს. ტემპერატურის მატება და ამინდის ცვლილებები არღვევს საკვებისა და უსაფრთხო წყლის მიწოდების ჯაჭვს, რაც ხელს უწყობს არასრულფასოვან კვებას და წყლით გადამდები დაავადებების გახშირებას. გადაუდებელი გლობალური საფრთხეების დროს, მაგ. COVID-19-ის პანდემიის შემთხვევაში ნათლად გამოჩნდა ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მოუმზადებლობა. ეს ხაზს უსვამს გლობალური მოსახლეობის დაუცველობას სამომავლო გლობალური კრიზისების დროს, რომელთაგან არაერთი იქნება კლიმატის ცვლილებით განპირობებული უმოქმედობის შემთხვევაში.

კლიმატის ცვლილების შედეგად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჰოსპიტალური სექტორის რამდენიმე სფერო განსაკუთრებით მოწყვლადია. ექსტრემალური ამინდის პირობებში, როგორიცაა წყალდიდობები, ხანძრები და მაღალი ტემპერატურა, იზრდება გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევები, როგორიცაა გულის შეტევები, ინსულტი და სუნთქვითი გაძნელება, რაც დროულ რეაგირებას მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისგან. კლიმატის ცვლილება ასევე ზრდის ინფექციური დაავადებების რისკს, როგორიცაა მალარია და დენგე, რისთვისაც აუცილებელია ეფექტური კონტროლის სისტემები და რესურსების მობილიზაცია. ბუნებრივი კატასტროფების დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მძაფრდება, რაც სტრესის, დეპრესიისა და ტრავმის ზრდას იწვევს და ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების გაფართოებას მოითხოვს. კლიმატური კატასტროფები ხელს უშლის გეგმიურ თუ გადაუდებელ დახმარებას და მედიკამენტების მიწოდებას, რაც განსაკუთრებით მძიმე ზიანს აყენებს ქრონიკული და მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებს. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს საკვებისა და წყლის უსაფრთხოებაზე, რაც კვებითი პრობლემებისა და წყლით გადამდები დაავადებების რისკის ზრდას იწვევს და მოითხოვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის მზადყოფნას და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას.

შესაძლო პერსპექტივა და სცენარები

ზემოთ განხილული მაგალითები ცხადყოფს, რომ კლიმატის ცვლილება აღარ არის შორეული საფრთხე, არამედ დღევანდელი რეალობაა, რომელიც გაძლიერდება, თუ დაუყოვნებელი ზომები არ იქნება მიღებული. მეცნიერები იყენებენ შესაძლო განსხვავებულ სცენარებს, რომლებიც ცნობილია როგორც წარმომადგენლობითი კონცენტრაციის ვარიანტები (RCPs) – იმის მოდელირებისთვის, თუ როგორ შეიძლება პროგრესირებდეს კლიმატის ცვლილება, სათბური აირების ემისიებზე (გაფრქვევა, გამოყოფა) დაყრდნობით. ეს სცენარები გვისახავს შესაძლო მომავლის სურათებს, დაბალი ემისიების ვარიანტიდან (სადაც კლიმატის ცვლილება იზღუდება) მაღალი ემისიების ვარიანტის ჩათვლით (სადაც კლიმატის ცვლილება მკვეთრად გაუარესდება). მოდით განვიხილოთ ეს სცენარები.

დაბალი ემისიების სცენარის შემთხვევაში ქვეყნები აღწევენ ემისიების მნიშვნელოვან შემცირებას, რაც 2100 წლისთვის აკონსერვებს გლობალურ დათბობას და ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი იქნება ისევ 1,5-2°C-ით მეტი, ვიდრე პრეინდუსტრიულ ეპოქაში. სითბური ტალღების სიხშირე კვლავ გაიზრდება, მაგრამ მათი სიმძიმე მართვადი იქნება. ზოგიერთი ვექტორული დაავადება, როგორიცაა მალარია, შესაძლოა კვლავ გავრცელდეს ახალ ზონებში, მაგრამ კონტრლის მექანიზმები იქნება უფრო დახვეწილი. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება, რაც ამცირებს რესპირაციული დაავადებების სიხშირეს.

შუალედური ემისიების სცენარის პირობებში გლობალური ტემპერატურა 2100 წლისთვის იმატებს დაახლოებით 2.4-2.9°C-ით. კლიმატის პოლიტიკა ნაწილობრივ გატარებულია, მაგრამ არასაკმარისად იმისათვის, რომ მძიმე შედეგები თავიდან ავირიდოთ. ექსტრემალური სიცხე და ჰაერის ცუდი ხარისხი იწვევს რესპირაციულ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. სასურსათო დაუცველობა გაიზრდება გვალვებისა და მოსავლის უკმარისობის გამო, რაც გაამწვავებს არასრულფასოვან კვებასა და სიღარიბეს მოწყვლად რეგიონებში. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ღრმავდება, რადგან დასახლებები ებრძვიან განმეორებით სტიქიურ უბედურებებსა და იძულებით გადაადგილებას.

მაღალი ემისიების, ანუ შესასაძლებლიდან ყველაზე უარესი სცენარი გულისხმობს ემისიების შემცირების წარუმატებლობას და 2100 წლისთვის დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურის მატებას 4°C-ზე მეტით. სხვა სცენარების შედეგად ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, ძლიერი სითბური ტალღები იქნება ხშირი, რაც პოტენციურად იწვევს ყოველწლიურად სულ მცირე ათასობით დამატებითი სიკვდილის შემთხვევას. ინფექციური დაავადებები, როგორიცაა დენგე და ქოლერა, ფართოდ გავრცელდება უფრო მომატებული ტემპერატურისა და წყალდიდობების გამო. მასობრივი მიგრაცია და რესურსების გადანაწილების საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტები გახშირდება, რაც გამოიწვევს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე გამოწვევებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისებს.


რაა გასაკეთებელი

ქმედითი ნაბიჯების მიმართ რეზისტენტობის გადალახვას განსაკუთრებით ართულებს ის ფაქტი, რომ მსოფლიო მასშტაბით ფართო საზოგადოება საკმარისად ინფორმირებული არ არის კლიმატის ცვლილების რისკის შესახებ, რაც პოლიტიკურ კლასს მეტ შესაძლებლობას აძლევს, არ იფიქრონ „ხვალინდელ ქათამზე“

კლიმატის ცვლილება წარმოადგენს კომპლექსურ გამოწვევას ჯანმრთელობის მძიმე შედეგებით, რომლებიც გაუარესდება, თუ სასწრაფოდ არ ვიმოქმედებთ. მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალური ძალისხმევა (მაგ. კერძო ენერგიის მოხმარების შემცირება), ასევე სისტემური ცვლილება, რომელსაც უზრუნველყოფს სათემო და სამოქალაქო აქტივიზმი, ეროვნული პოლიტიკა და საერთაშორისო თანამშრომლობა. პლანეტის ყველა წერტილში ძალაუფლების სადაავეებთან მყოფ აქტორებს აქვთ ვალდებულება, გაითვალისწინონ სამეცნიერო კონსენსუსი კლიმატის ცვლილების შესახებ და კოორდინირებულად მიიღონ გადაწყვეტილებები პრევენციული ღონისძიებების ასამოქმედებლად. ცხადია, კლიმატის ცვლილების პრობლემასთან გამკლავება ქვეყნების მხრიდან რესურსების მობილიზებას და სხვადასხვა ინდუსტრიულ საქმიანობაში მკვეთრ ჩარევებს გულისხმობს. არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის მიმართ კი პოლიტიკური კლასი ხშირად რეზისტენტულია, რამდენადაც მართებული არ უნდა იყოს ეს ნაბიჯები. ამ რეზისტენტობის გადალახვას განსაკუთრებით ართულებს ის ფაქტი, რომ მსოფლიო მასშტაბით ფართო საზოგადოება საკმარისად ინფორმირებული არ არის კლიმატის ცვლილების რისკის შესახებ, რაც პოლიტიკურ კლასს მეტ შესაძლებლობას აძლევს, არ იფიქრონ „ხვალინდელ ქათამზე“. თუმცა პოლიტიკური კლიმატი არ შეიძლება იყოს იმ კლიმატის განმსაზღვრელი, რომელიც ჩვენ ამ სტატიაში განვიხილეთ. სხვაობა 1,5°C-სა და 4°C-ს შორის დიდია – არა მხოლოდ ტემპერატურის, არამედ ადამიანის ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით. ყველა დონეზე პროაქტიული ქმედებებით, ჩვენ შეგვიძლია შევზღუდოთ კლიმატის ცვლილებით მოყენებული ზიანი და უზრუნველვყოთ ჯანსაღი მომავალი ყველასთვის. თუ რას გულიხსმობს ეს პრაქტიკული ქმედებები, ამას შემდეგ სტატიებში დეტალურად მოგიყვებით.

გამოყენებული ლიტერატურა:



Back to top button