რესპუბლიკის ამბები

განათლების სამინისტრო რეფორმის პირველ ეტაპს აჯამებს

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 15 ივნისი, N131

განათლების სამინისტროში

საყოველთაო სავალდებულო უფასო სწავლა

თანახმად მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამინისტროს გეგმისა საყოველთაო სავალდებულო უფასო სწავლა რესპუბლიკაში რვა წლიანია.

1920 წელს*, ამ გეგმით გახსნილია 156 დაწყებითი სკოლის პირველი განყოფილება, რომელთაც 20-21 წლებში ამდენივე განყოფილება ემატება, იმავე 1920-21 წლისათვის გაიხსნება 179 სკოლა 204 კომპლექტით. სულ რესპუბლიკაში 1920-21 წლისათვის აღრიცხულია 1 891**,  4 235 კომპლექტით და 151 უმაღლეს დაწყებითი.

საყოველთაო სავალდებულო სწავლის განხორციელება დასრულდება 1923 წელს.

*იგულისხმება 1920 წლის მხოლოდ პირველი 5 თვე;  პირველი განყოფილება ნიშნავდა პირველ კლასებს;  უმაღლესი დაწყებითი ნიშნავდა ოთხკლასიან სკოლას; **1921 წლის იანვარში საერთო რიცხვმა 2 034 შეადგინა – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა.

ახალი საოსტატო სემინარიები

საყოველთაო სავალდებულო სწავლების განხორციელება მოითხოვს მომზადებულ მასწავლებელთა ყოლას. ამ მიზნით წლის განმავლობაში გახსნილია ორი საოსტატო სემინარია: სენაკის და ბოდბის (გადაკეთებული საოსტატო სკოლიდან). 1920-21 წლებში იხსნება სემინარიული კლასები თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ზესტაფონის და ონის გიმნაზიებთან.

მოკლე ვადიანი საპედაგოგო კურსები

ამავე მიზნით, დროებით სანა, საოსტატო სემინარიათაგან გამოსული მასწავლებელთა საკმაო რიცხვი გვეყოლება, სამინისტრომ რესპუბლიკის სხვა და სხვა ადგილას: ეკატერინოფელდში – მუსულმანთა და ბერძენთათვის, ზესტაფონში, ცაგერში, რაჭა-ლეჩხუმისთვის, მურშაყანში. მოაწყო მოკლე ვადიანი სამასწავლებლო კურსები, სადაც სწავლობენ უმაღლეს დაწყებითი ან თანაბარ სასწავლებელში კურს დამთავრებულნი.

სკოლის გარეშე განათლება

ამავე დროს სამინისტრომ საჭიროდ დაინახა ბრძოლა წერა-კითხვის უცოდინრობასთან: ამ მიზნით რესპუბლიკის დაბა-ქალაქებში მოაწყო საკვირაო სკოლები, სადაც სკოლის ასაკს გადაცილებულნი წერა კითხვას სწავლობენ, ხოლო წერა კითხვის მცოდნენი იძენენ ცოდნას სხვა და სხვა საგანში.

ამგვარი სკოლები ეწყობა თითქმის ყველა არსებულ სასწავლებელთან ამავე მიზნით ზოგან გაიხსნა სახალხო უნივერსიტეტი (ხაშური), ზოგან არსებული გაფართოვდა.

ამავე საგნისათვის გადადებული სამი თვით 2 მილიონი მანეთი სამინისტრომ უკვე გაანაწილა ერობათა და ქალაქთა შორის, რომელთა უშუალო გამგებლობაში იმყოფება საკვირაო სკოლები.

1920-21 წლებში სკოლის გარეშე განათლებისათვის გადადებულია ათი მილიონი მანეთი.

ამავე დარგს ეკუთვნის სკოლის წინასწარი აღზრდა და საბავშვო ბაღების მოწყობა.

განათლების სამინისტროს ამ საგანზე ჰქონდა მიწერ-მოწერა მილანის ჰუმანიტარულ საზოგადოების დირექტორთან, ცნობილის პედაგოგის მონტესორის სისტემით სანიმუშო საბავშვო ბაღის მოწყობისა და მისთვის საჭირო კოლექციებისა და ხელსაწყოთა დაკვეთის შესახებ.

სამინისტროს წარმომადგენელი უკვე გაემგზავრა იტალიაში აღნიშნულ ხელსაწყოთა ჩამოსატანად და აგრეთვე ინსტრუქტორ-ხელმძღვანელის ჩამოსაყვანად.

მსგავსი/Related

Back to top button