ძველი ამბები

1920 წ. მაისი: საბჭოთა აზერბაიჯანში ქართველი დიპლომატები დაატყვევეს

Tags

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 9 ივლისი, N126

საქართველო და ადერბეიჯანი

(ადერბაიჯანში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის გრიგოლ ალშიბაიას განცხადება).

7 ივნისს ტფილისში ჩამოვიდა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი ადერბეიჯანში გ. ა. ალშიბაია, რომელმაც საქართველოს დეპეშათა სააგენტოს წარმომადგენელთან საუბრის დროს აცნობა მას იმ ძალადობაზე, რომელიც განიცადა მან საქართველოს დიპლომატიური მისიის სხვა წევრებთან ერთად ადერბეიჯანში მომხდარ გადატრიალების დროს.

იმ ძალადობის შესახებ, სთქვა ალშიბაიამ, რომელიც განიცადეს ჩემთან ერთად საქართველოს მისიის სხვა წევრებმა, მე თავის დროზე კიდევ 30 მაისს ვაცნობე ტელეგრაფით საქართველოს რესპუბლიკის გარეშე საქმეთა მინისტრს ბ-ნ ევგენი გეგეჭკორს. დამპირდენ რომ ჩემს დეპეშას რადიოთი გააგზავნიდენ.

დეპეშაში მე ვიტყობინებოდი, რომ იმ დროს, როდესაც მე ვიმყოფებოდი ყარაბახში, როგორც წევრი ამიერ-კავკასიის კონფერენციის საერთაშორისო კომისიისა, რომელსაც დავალებული ჰქონდა საომარი მოქმედების შეჩერება მუსულმანებსა და სომხებს შორის, 29 აპრილს მე შევიტყე ბაქოში მომხდარ გადატრიალების შესახებ და აგრეთვე ისიც, რომ საბჭოთა ჯარები მიიწევიან საქართველოს საზღვრებისაკენო.

 29 აპრილსვე ბარდიდან მე გავგზავნე დეპეშა გარეშე საქმეთა კომისრის სახელზე პროტესტით იმის გამო, რომ მათი ჯარი საქართველოს საზღვრებისკენ იწევდა. და ვსთხოვდი საშუალების აღმოჩენას ბაქოსთან ურთიერთობის შეწყვეტის გამო, რათა საჩქაროთ ჩავსულიყავი იქ და დამეწყო მოლაპარაკება, რომ ამეცილებინა სისხლის ღვრა.

ჩემ წინადადებაზე მე არავითარი პასუხი არ მიმიღია. 2 მაისს, სამ საათზე მე მოვახერხე ბაქოში ჩამოსვლა. 5 საათზე მე დამიჭირეს და გაჩხრეკას და ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტების ჩამორთმევის შემდეგ დამამწყვდიეს ციხეში განსაკუთრებულ კომისიასთან. ამ რიგად ჩემი წინადადება მოლაპარაკების გამართვის შესახებ, რომ აგვეცილებინა სისხლის ღვრა, უკუგდებულ იქნა.

28 აპრილს დაიჭირეს მისიის პირველი მდივანი დგებუაძე და სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ნაცვალოვი, რომლებიც დაამწყვდიეს ციხეში. 12 მაისს დაიჭირეს და დაამწყვდიეს ციხეში საგანგებო კომისიასთან მყოფი აფხაზეთის საინფორმაციო ბიუროს წარმომადგენელი.

ჩვენ გვინახავდენ გამოუთქმელ მძიმე პირობებში. მისიის პირველი მდივანი დგებუაძე, რომელიც დამწყვდეული იყო ბაილოვის საპყრობილეში უხეში ძალით აიძულეს ბაქოს ქუჩები ეწმინდა, რის შესახებაც გაგებისთანავე გავუგზავნე პროტესტი ციხიდან გარეშე საქმეთა კომისარს…

29 მაისს 3 საათზე მთელი ჩვენი მისია გაანთავისუფლეს ტყვეობიდან.

30 მაისს ვინახულე კომისარი ჰუსეინობი და პირადათ განვუცხადე სასტიკი პროტესტი საერთაშორისო დამოკიდებულებათა ისტორიაში გაუგონელ მოპყრობის გამო, რომელიც გამოიხატა მისიის დატყვევებაში და მის პირველ მდივანზე დგებუაძეზე საოცარ დაცინვაში.

შემდეგ ალშიბაიამ განაცხადა, რომ – 29 აპრილს, როდესაც იგი იმყოფებოდა შუშაში პირველად გაიგო ბაქოში მომხდარი გადატრიალების ამბავი, და იმ დღესვე დააპირა შუშიდან საჩქაროთ გამგზავრება. შემდეგ მან გაიგო რომ საქართველოს მისია დაჭერილი იქნა ბაქოში 28 აპრილს წითელ არმიელების მიერ.  მასთან ერთად მისიის ბინა დალუქეს. საქართველოს მისიასთან ერთად დაიჭირეს ინგლისის, საფრანგეთის და სომხეთის მისიები. პირველად ყველა 4 მისია ერთად იყო დამწყვდეული, მაგრამ შემდეგ განაცალკევეს.

საქართველოს მისია საქართველოსთან დროებითი ზავის ჩამოგდების გამო გაანთავისუფლეს 29 მაისს.

მსგავსი/Related

Back to top button