ახალი ამბები

პოლიტიკური დიალოგის მედიატორები 8 მარტის შეთანხმების შესახებ

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ფასილიტატორები, მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს შეთანხმების „წარმატებით განხორციელებისთვის“ მისი ორივე ნაწილის შესრულებისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მედიატორების ერთობლივ განცხადებას დღეს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი უძღოდა, სადაც მან აღნიშნა, რომ „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა. აღნიშნულის დასადასტურება პარლამენტის თავმჯდომარემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა.

11 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში დიალოგის ფასილიტატორები აღნიშნავენ, რომ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო საზოგადოებამ „ერთნაირად მოიწონა“, ორი ნაწილისგან შედგება. მათივე განმარტებით, შეთანხმების „ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი – ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს“.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების საკითხი, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

ოპოზიციის ამ განცხადებას, პოლიტიკურ „სპეკულაციად“ აფასებენ ქართულ ოცნებაში.

„8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა“, – განმარტავენ ისინი.

მათივე თქმით, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა, მათ ხელი შეუწყვეს „დისკუსიის პლატფორმის შექმნას“, რომელიც „ნდობის შენებას“ ემსახურებოდა და მონაწილეებს საშუალებას აძლევდა „წასულიყვნენ რთულ დათმობებზე“.

ფასილიტატორები პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის დღევანდელი განცხადების იმ ნაწილსაც ეხმიანებიან, სადაც იგი დიალოგის მედიატორებს სთხოვს, რომ „ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს“ და აცხადებენ, რომ მათი „როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button