skip to content
ახალი ამბები

ევროპელი და ამერიკელი დეპუტატები ქართულ პარტიებს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ

ევროპელი და ამერიკელი დეპუტატები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო რეფორმაზე 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ექვსი თვით ადრე, ქართული პოლიტიკური პარტიების ლიდერები საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლო ჩავარდნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ცვლილებების შედეგად, შერეული საარჩევნო სისტემიდან ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან უფრო დაახლოებულ მოდელზე უნდა გადავიდეს.

ქართული ოცნება და ოპოზიციური პარტიები კვლავაც იმაზე დავობენ შეიცავდა თუ არა 8 მარტის შეთანხმება „პოლიტპატიმრების გათავისუფლების“ შესახებ პირობას. მმართველი პარტია აცხადებს, რომ მას ამგვარი პირობა არ დაუდია, ოპოზიციის განმარტებით კი –  „პოლიტპატიმრების გათავისუფლება“ შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

11 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ფასილიტატორებმა მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს შეთანხმების „წარმატებით განხორციელებისთვის“ მისი ორივე ნაწილის შესრულებისკენ მოუწოდეს.

13 მაისს, ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა, დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის წამყვანმა წევრმა განაცხადა, რომ „რამდენადაც საქებარია საქართველოს მთავრობის პასუხი კორონავირუსის კრიზისზე, იმდენადვე სამწუხაროა ქართული ოცნების მცდელობა გამოიყენოს პანდემია იარაღად და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მარტში მიღწეული შეთანხმება“.

მისი თქმით, „კიდევ ერთი გატეხილი დაპირება ქართულ ოცნებას საბოლოოდ არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს“.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილ იქნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა  პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი არ არის“, – განაცხადა მან.

„დაუშვებელია და უბრალოდ ცუდი ტონია ქართული ოცნების მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა“, – დასძინა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა Twitter-ზე დაწერა, რომ 8 მარტის შეთანხმება რომელიც „ივანიშვილის და ქართული ოცნების ნამდვილი ზრახვებისთვის ლაკმუსის ტესტია“, ყველა მხარემ უნდა შეასრულოს.

„ისინი ნიადაგს სინჯავენ, ელიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა მან.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში იმედოვნებს, რომ „საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმებას, მათ შორის, გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს და ახალ საარჩევნო სისტემაზე პროგრესს მიაღწევენ“.

ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია შეთანხმების შესრულება და წინ წასვლა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button