Placeholder canvas
Newsახალი ამბები

ოპოზიცია „პოლიტპატიმართა გათავისუფლების“ გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

კოვიდ-19-ის პანდემიის გამო აღებული ორთვიანი პაუზის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა 13 მაისს ლეიბორისტული პარტიის ოფისში კონსულტაციები განაახლეს. რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ პარტიებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომლითაც მმართველ პარტიას 8 მარტის შეთანხმების „ორივე პუნქტის“ შესრულებისკენ, მათ შორის, „პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ“ მოუწოდებენ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელმომწერი პარტიები აცხადებენ, რომ ოპოზიცია საარჩევნო სისტემის რეფორმირებისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

ოპოზიციის მხრიდან კონსულტაციების ფორმატის განახლება 11 მაისს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ბრიფინგს მოჰყვა, სადაც მან განმარტა, რომ ქართულ ოცნებას „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების პირობა „არავითარი ფორმით, არავის წინაშე არ დაუდია“ და ამას „ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის, თავად შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს“.

ერთობლივ განცხადებაში ოპოზიციური პარტიები წერენ, რომ „საერთაშორისო მეგობრების დახმარებით“ მიღწეული შეთანხმება საარჩევნო მოდელის კომპრომისულ ვარიანტს (120/30 ფორმულას) და „დაკავებული პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების გათავისუფლებას“ გულისხმობდა.

„შეთანხმების ტექსტშივე მითითებული იყო კონკრეტული მექანიზმები, თუ რა გზებით იყო შესაძლებელი პოლიტპატიმრების საკითხზე შეთანხმების აღსრულება. კერძოდ, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორსაც მხოლოდ შეწყალება წარმოადგენს“, – აცხადებენ ისინი და  დასძენენ, რომ შეთანხმებას ხელი „ყველამ“ მოაწერა, გარდა პატრიოტთა ალიანსისა, რომელმაც უარის მიზეზად „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება“ საჯაროდ დააფიქსირა.

„შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებათა შუამავლებმა, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა, ასევე საქართველოს სხვა მეგობრებმა, მათ შორის, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ [ჯიმ] რიშმა, კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კინზინგერმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა“, – ამბობენ ხელმომწერები.

ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ „პოლიტპატიმრების არგამოშვება“ ივანიშვილის მიერ  ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას ნიშნავს. მათივე თქმით, „ამ პირობებში, ის ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს“.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ „პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება.“

ოპოზიცია წერს, შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაზარალდება საქართველო, რადგანაც კრიზისის პერიოდში „მეგობრებისგან ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში დახმარების მიღება“, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს. მათი თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ეს შეთანხმება შედგეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს, რათა საქართველო დემოკრატიული განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს და ხელისუფლება არჩევნების გზით მეორედ შეცვალოს“, – აცხადებს ოპოზიცია და დასძენს, რომ „პირობის დარღვევა [ბიძინა ივანიშვილს] 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის“.

შეხვედრის შემდგომი განმარტებები

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მედიასთან საუბარში „პოლიტპატიმრების გათავისუფლების“ შესახებ ოპოზიციაში არსებულ „ერთსულოვნებას“ გაუსვეს ხაზი. მათ აღნიშნეს, რომ ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას განმარტებით, ოპოზიციური პარტიებისთვის 8 მარტის შეთანხმების ორივე კომპონენტის შესრულება „თანაბრად მნიშვნელოვანია“. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციურ ძალებს შორის განხეთქილების შეტანა სურს, მაგრამ „ის ამას ვერ მიიღებს.“

„საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდება 113 ხმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გააჩნია, იმისთვის, რომ აღნიშნული ცვლილებები მიიღოს, თუ ეს მას სურს,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„პოლიტმატიმრების გათავისუფლების“ გარეშე მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს არც ევროპული საქართველო დაუჭერს, განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, „პოლიტიკური ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას“ ისინი სწორედ 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებაში ხედავენ.

„ორივე პირობა, რომელიც დევს შეთანხმებაში, უნდა შესრულდეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს ორივე მიმართულებით, გაიხსნება პოლიტიკური სივრცე იმისთვის, რომ ოპოზიციამ განიხილოს ბოიკოტის შეცვლის ან ხმის მიცემის შესაძლებლობა“, – თქვა დეპუტატმა.

„ჩვენ ვიმუშავებთ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, პირველ რიგში იმისთვის, რომ აიძულონ ხელისუფლება, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს,“ თქვა ბაქრაძემ.

„პოლიტპატიმრების გათავისუფლების“ შესახებ ოპოზიციის ერთსულოვნებაზე გაამახვილა ყურადღება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმაც და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით „არავითარი კომპრომისი, არავითარი უკან დახევა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემა არ იქნება“.

ნათელაშვილის თქმით, ასე გაგრძელების შემთხვევაში ივანიშვილს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები მნიშნელოვნად დაეძაბება და ყველაფერი მისთვის და მისი ფინანსებისთვის „ტრაგიკულად დასურულდება“. „ივანიშვილის სეზონი სამუდამოდ დამთავრდება, იმიტომ, რომ საზღვარგარეთ საბოლოოდ მოიჭრის თავს, როგორც კონსტიტუციური ცვლილებების ჩამგდები და სიტყვის მეორედ გამტეხი“.

„8 მარტის შეთანხმება შედგებოდა ორი ნაწილისგან და ამ მოთხოვნაში ვართ ერთიანი. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ ორივე შეთანხმება შესრულდეს და არ მივცეთ საშუალება ხელისფულებას, რომ ჩაშალოს ეს უმნიშვნელოვანესი შეთანხმება“, – აღნიშნა პარტია ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 კანონმდებლის ხმა სჭირდება. ამჟამად პარლამენტში 149 დეპუტატია, რომელთაგანაც 93 ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში ირიცხება.ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საკანონმდებლო ორგანოში 7 დეპუტატი ჰყავს, ევროპული საქართველოს ფრაქციებში კი 19 პარლამენტარი ირიცხება. პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატების ფრაქციაში 7 დეპუტატი შედის. დამოუკიდებელ დეპუტატთა ფრაქცია 6 კანონმდებელს ითვლის. ამასთან, პარლამენტში ირიცხება 17 უფრაქციო, დემოუკიდებელი დეპუტატიც, მათ შორის, ნოემბერში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობიდან წამოსული თამარ ჩუგოშვილი და თამარ ხულორდავა.

თეორიულად, ქართულ ოცნებას (93 დეპუტატი) საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატების (ჯამში 26 დეპუტატი) მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია, თუკი იგი დარჩენილი 30 კანონმდებლიდან 20-ის მიმხრობას შეძლებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button