skip to content
ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და მას პატიმრობა შეუფარდა

უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას საბოლოო სასაჯელის სახედ დამატებით სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე2- ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს სამკაციანმა კოლეგიამ, რომელშიც ყოფილი გენერალური პროკურორი და აწ უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე, გიორგი შავლიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი შედიოდნენ, საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა არ ჰქონიათ.

საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ამავე საქმეზე დამნაშავედ 2018 წლის თებერვალში ერთხელ უკვე ცნო და მას 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, უგულავას ეს სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის იანვარში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა სასამართლოს მაშინდელი განაჩენი შთანთქა.

უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილება მედიასთან უკვე შეაფასა გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ და თქვა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „მთავარი ამოცანა – პოლიტიკური სცენიდან გიგი უგულავა პატიმრობის გამოყენებით“ გაყვანა – უკვე შეასრულა.

„ამის შემდეგ, სხვა საქმეებზე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მაინც პოლიტიკური… საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება შუშის სასახლეში და არა აქ – [სასამართლოს] სათათბირო ოთახებში“, – თქვა მან.

მედიასთან პირველი კომენტარი თავად გიგი უგულავამაც გააკეთა და განაცხადა, უზენაესი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას „უსამართლო“ და „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა. „ეს არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც იმ მოსამართლეებმა შეასრულეს“, – დასძინა მანვე.

„მხოლოდ სიმტკიცე, ღიმილი, მინიმალური ღელვა და მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე. ფაქტი არის ერთი, რომ გზა რომელიც აირჩია ოპოზიციამ აშინებს ივანიშვილს, ერთობა, რომელიც აქ სუფევს არის გამარჯვების წინაპირობა… თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ მეორეჯერ წავიდე ციხეში, უფრო სწორად მესამეჯერ“, – განმარტა მანვე და იქვე თქვა, რომ ის ბრალს არ აღიარებს, თუმცა სასჯელს მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ „ივანიშვილის საქართველოში ციხე არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანმა იპოვოს თავისუფლება“ და იგი ამ თავისუფლებას „აუცილებლად იპოვის“.

გიგი უგულავამ საპატიმრო 2017 წლის 6 იანვარს დატოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ, იგი პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდა, ნაციონალური მოძრაობის გახლეჩის შემდეგ, ცალკე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებულ ევროპულ საქართველოს შეუერთდა და გენერალური მდივნის პოსტი დაიკავა.

ევროპული საქართველოს სახელით იგი 2018 წლის პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ვანისა და ხონის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს, თუმცა გამარჯვება ვერ მოიპოვა და ხმების 38.38%-ით მეორე ადგილზე გავიდა. მიუხედავად ამისა, იგი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას განაგრძობდა.

გიგი უგულავა ჩართული იყო გასული წლის ივნისში საქართველოს მასშტაბით დაწყებულ საპროტესტო აქციებში, რომლებიც საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოყვანას მოჰყვა.

ამასთან, გიგი უგულავა აქტიური იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროსაც, როდესაც საზოგადეობა მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებდა.

2019 წლის დეკემბერში გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში ძიუდოისტზე თავდასხმისთვის 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და მას ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდა. არადა, უგულავას ვერსიით, ყველაფერი პირიქით იყო და თავს სწორედ მას და მის თანაპარტიელს გოკა გაბაშვილს დაესხნენ.

მაშინ გიგი უგულავამ თქვა, რომ ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის „ტოტალური ბრძოლა“ ჰქონდა დაწყებული და ეს „დადგმა“ იმისთვის მოეწყო, რომ მისთვის უცხოეთში გადაადგილება შეეზღუდათ.

უგულავა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით გზით ჩამოშორებაზე საუბრობდა მაშინაც, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ მის საქმეზე განხილვა ჩანიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button