skip to content
რესპუბლიკის ამბები

„ბათუმი საქართველოს კარია ევროპისკენ!“ – პროფკავშირების მიტინგი თბილისში

ერთობა, 1920 წლის 21 მარტი, N65

მიტინგები და მანიფესტაციები ბათუმის შესახებ[შემოკლებული ვერსია]

ბათუმის საკითხს ისე გადაჭრამ როგორც ეს მოხდა ყველა ააღელვა და დააფიქრა. და ეს ყველაზე უწინ, როგორც მოსალოდნელი იყო, იგრძნო რევოლუციის ავანგარდმა თფილისის პროლეტარიატმა.

პროფესიონალურ კავშირთა საბჭოს მოწოდებით შუადღის 12 საათზე ყველა სახელმწიფო, საზოგადო და კერძო დაწესებულებების მუშები პირდაპირ სამუშაოებიდან მოვიდნენ და მუშათა სასახლის წინ (დღევანდელი თბილისი მარიოტის შენობის წინ- რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა)  ჩამწკრივდნენ დროშებით და პლაკატებით შემდეგი წარწერებით სხვადასხვა ენებზე (ინგლისურზე, ფრანგულზე, რუსულზე, ქართულზე და სხვა):

1.„ბათუმი საქართველოს კარია ევროპისაკენ, მოვითხოვთ ბათუმის საქართველოსთან შემოერთებას!“

2. „უცხოელთა ბატონობა ბათუმს სამარეს უმზადებს. ბათუმი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს“.

3. „ბათუმი – საქართველოა“

4. „ბათუმის მცხოვრებნი საქართველოს შემოერთებას ელტვიან“

5. „ჩვენსას ნუ გვართმევთ, სხვისი არ გვინდა“

6. „ჩვენ მოვითხოვთ, რომ ბათუმი იყოს შემოერთებული მის დედასთან – საქართველოსთან“

7. „ბათუმი რევოლუციის აკვანია“

8. „საქართველო და აჭარა განუყოფელია!“

9. „ბათუმს არავის დავუთმობთ“

10. „გაუმარჯოს განუყოფელ საქართველს და ბათუმის ოლქს“

11. „ბათუმი ჩვენია“ და სხვა მრავალი ასეთი წარწერები.

მოვიდნენ: სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა, თფილისის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების მოწაფეები, საქართველოს მუნიციპალურ მოსამსახურეთა ყრილობის წევრნი.

საუცხოვო სურათი იყო, როცა რკინისგზის, დეპოს, თამბაქოს ქარხნის მუშები სამუშაო ტანისამოსში დროშებით, მუსიკით გამოიშალენ რუსთაველის პროსპექტზე, რამდენიმე ათასი კაცი. ამ დროს დამფუძნებელი კრების წინ შემდგარი იყო დიდი მიტინგი.

ფრიალებდა შავი დროშა წარწერით: „სიკვდილი მტრებს!“

ხალხში ვრცელდებოდა პროკლამაციები, სადაც აღწერილი იყო ბათუმის საკითხის უსამართლო გადაჭრა.

პროფკავშირების საბჭოს სახელით ხალხს მიმართა საბჭოს თავმჯდომარემ ხელაძემ – „მუშათა კლასი, რომელმაც სისხლში ამოსწურა თავისუფლების დროშა, და რომელიც იბრძვის თავისი საბოლოო მიზნის, სოციალიზმისათვის, დამფუძნებელ კრებისაგან მოითხოვს, რომ მან დაიბრუნოს ბათუმი. ჩვენ მივდივართ დამფუძნებელ კრებასთან და ამას ჩვენ მოვითხოვთ იქ.

მოქალაქეებს დამფუძნებელი კრების წინ მიმართეს კრების წევრებმა გრიგოლ გიორგაძემ და ივანე გომართელმა.

სასახლის აივანზე გამოჩნდა მთავრობის წარმომადგენელი რაჟდენ არსენიძე ხალხი მას ტაშის ცემით ეგებება. არსენიძე მომიტინგეებს ესაუბრა , რომ მთავრობა ყველა ზომას მიიღებდა ბათუმის საკითხის საქართველოს სასარგებლოდ გადასწყვეტს.

მოქალაქეებს მიმართა  პუბლიცისტმა და ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქტორმა იოსებ იმედაშვილმა: „მოქალაქენო! მე აქ ახალს ვერაფერს ვიტყვი. მინდა მხოლოდ დარწმუნებით ვსთქვა, რომ მთავრობა ღირსეულად შეასრულებს თავის მოვალეობას, რომ ბათუმი საქართველოს დაუბრუნდეს. ამასთან ერთად დარწუნებული ვართ, რომ კარიც და გვარდიაც გვერდში ამოუდგება მთავრობას ამ საქმის სისრულეში მოსაყვანად, მაგრამ უნდა განვაცხადო ძველი მეომრის სახელით, რომ თუ მთავრობას არ ეყოფა  ის შეიარაღებული ძალა, რომელიც მის ხელთ არის, მაშინ ჩვენ, ძველი მეომრები, მზად ვართ გვერდში ამოვუდგეთ მას და დავიხოცოთ კიდეც ბათუმის ინტერესების დასაცავათ.

სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით არ. ჩაჩუამ მიმართა მანიფესტანტებს.

 მუშათა დელეგაციამ ინახულა ინგლისის უმაღლესი კომისარი მისტერ ოლივერ უორდროპი, რომელმაც დიდი თავაზიანობით მიიღო დელეგაცია და განუცხადა:

„მე გავიარე დღეს რუსთაველის პროსპექტზე, ვნახე თქვენი დიდი, წარმოუდგენელი მიტინგი. მესმის თქვენი ერთსულოვნება, აღშფოთება. თუ დამიჯერებთ, შეიძლება თქვენზე ნაკლებ არც მე ვწუხდები ბათუმის შესახებ. სამწუხაროდ, დღეს-დღეობით სხვა და არაა ბათუმის საკითხის საუკეთესოდ გადასაჭრელად. ინფორმაცია, მიწერ-მოწერა ჩემს მთავრობასთან ძალზე გვიანდება. 8 კვირის წინად გამოგზავნილი დეპეშა მივიღე მხოლოდ დღეს. ასეთ პირობებში საქმის გამორკვევას უნდება დიდი დრო. ამიტომ, დღეს ბათუმის საკითხის გადაჭრა შეუძლებელია, მოუხერხებელია ჩემის აზრით, თქვენთვისაც სასარგებლო და ხელსაყრელია იქ მოკავშირეთა ჯარების დარჩენა. პორტო-ფრანკოთ ქალაქის გამოცხადება ნუ შეგაშინებთ. ყოფილა შემთხვევამ რომელიმე ქალაქის პორტო-ფრანკოთ გამოცხადება, მაგრამ ეს მხოლოდ დამოჟნიის, ვაჭრობის შესახებ. დანარჩენში ქალაქი არ ყოფილა რომელიმე სახელმწიფოსი. ასე შეიძლება მოხდეს ახლაც. ბათუმი, მე იმედი მაქვს, იქნება საქართველოს რესპუბლიკასან ერთი და განუყოფელი, ხოლო დარბაისლობა, დინჯობა და მოცდაა საჭირო. მე ვაცხადებ, რომ არავითარ დიპლომატიურ არა ლეგალურ მოლაპარაკებას ალაგი არა აქვს. თფილისის პრესა მეტად აჭარბებს და ვშიშობ საქმეს არ გააფუჭოს. ბევრი მტერი გყავთ. ბევრი პროვოკატორები თვით ტფილისში. აუარება ფულსაც ხარჯავენ საქართველოს კეთილდღეობა ბევრს ყელზე ადგია არაფერს იშურებენ აგაღელვონ, აგამხედრონ,  დაგღალონ, მოთმინებიდან გამოგიყვანონ. მერე ამღრეულ წყალში ადვილად დაიჭერენ თევზებს. ნუ აყვებით ასეთ პროვოკატორებს, თქვენ მტრებს. ქართველები დინჯი, წინდახედულნი ხართ და იმედია, ამ საკითხშიც არ აჩქარდებით. დღეს რომ მოკავშირეებს ბათუმიდან თავიანთი ჯარები გაიყვანონ განა ეს უკეთესი იქნება საქართველოსთვის? მერწმუნეთ რომ არა, თუ რა მოყვება ბათუმიდან ჩვენი ჯარების გაყვანას ადვილად წარმოიდგენთ. ისევ არეულობა, ომი, სისხლის ღვრა და განა საქმის ასე გამწვავება საქართველოსთვის კარგია, სასარგებლო!“

ბათუმის გუბერნატორის კუკოლისის მოქმედებას როგორ უყურებთ. შეეკითხა დელეგატი შალვა აბდუშელიშვილი. უორდროპმა უპასუხა:“ ბათუმში ზოგიერთი ჩვენი აფიცრების მოქმედება მეც მაფიქრებს.  დღევანდელი მიტინგი ჩემი აზრით ნაადრევია. მე ვიცი თქვენი ერთსულოვნება, მოუთმენლობა. მე ვიცი, რომ ძვირფასია თქვენთვის ბათუმი, მაგრამ ასეთი გამოსვლების დრო ჯერ არაა. საქმე, მე იმედი მაქვს, საქართველოს სასარგებლოთ გადასწყდება, თუ აჩქარებით არ წაახდენთ და არ გაამწვავებთ საქმის ვითარებას“.

და ბოლოს ბატონმა უორდროპმა კიდევ ხაზგასმით დაუმატა, რომ მას საქართველო მეტად უყვარს, საქართველოს საქმეს და მის კეთილდღეობას დიდ ყურადღებას აქცევს და ყოველ ღონისძიებას იხმარს, რომ როგორც ბათუმის საკითხი, ისე სხვა საკითხებიც გადაწყდეს საქართველოს რესპუბლიკის სასარგებლოდ და საკეთილდღეოდ.

აქედან დელეგატები გაემგზავრნენ ამერიკის, საფრანგეთის და იტალიის მისიებთან, რომელთაც გადასცეს ფრანგულ ენაზე დაწერილი და მიტინგის მიერ მიღებული რეზოლუციები.

მსგავსი/Related

Back to top button