რესპუბლიკის ამბები
შავშეთის მხარე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შემოუერთდა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 11 მარტი, N57
შავშეთი
ახალციხიდან შემდეგი დეპეშა მივიღეთ:
„არტაანიდან არტანუჯისკენ გადასავალ იალაღუზ ჩანის უღელტეხილიდან ამაყათ, სიხარულით გამთბარი ვულოცავ სამშობლო მხარეს შავშეთის შემოერთებას. 5 მარტი ისტორიული დღეა საქართველოს მატიანეში. ამ დღეს შავშეთში გამართულმა მიტინგმა ერთხმად გადასწყვიტა ამიერიდან შეუერთდეს დედა საქართველოს და იცნას მისი მთავრობა. ჩვენებს დიდის აღფრთოვანებით ხვდებიან. სოფლებში ყველგან ჩვენი ეროვნული დროშები ფრიალებენ“.
უფროსი ლეიტენანტი მაისურაძე