skip to content
რესპუბლიკის ამბები

ჰაიდარ აბაშიძე ბათუმის სტატუსზე აზერბაიჯანის განცხადებას პასუხობს

ერთობა, 1920 წლის 10 მარტი

ხმა სამუსლიმანო საქართველოდან

მეორე შენიშვნა დიდ საკითხზე

(ადერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბ-ნ ხან ხოელის განცხადების გამო ბათუმის შესახებ)

[1920 წლის თებერვალში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფათალი ხან-ხოისკიმ წამოაყენა წინადადება ქალაქ ბათუმის თავისუფალ პორტად გამოცხადების შესახებ (ამ საკითხს მანამდე ინტენსიურად განიხილავდნენ ანტანტის წარმომადგენლები), რომელიც გამოყენებული იქნებოდა სატრანზიტოდ ამიერკავკასიისა და შუა აზიის რესურსების გატანისათვის. ამ წინადადებას საქართველოს პოლიტიკური კლასისა და მოქალაქეების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა.]

დიდი ხანია, რაც ოსმალეთის და ადერბაიჯანის აგენტები, ისლამის ქურქში გახვეულნი, დადიან სამუსლიმანო საქართველოში. ეს ვაჟბატონები, ქართველ-მუსლიმანებს, ევლინებიან ისლამის დარაჯათ და ხალხს არწმუნებენ, რომ ისინი არა, ქართველ მუსლიმანებს, დიდი ხანია შეუბღალავდენ, მათ წმინდათაწმინდა სარწმუნოებას, როგორც რუსები, აგრეთვე ქართველი ქრისტიანებიც.

ჩვენ კარგათ ვიცოდით და დღესაც ვიცით, თუ რა აინტერესებდათ ამ აგენტებს. მათ უნდათ არა ისლამის დაცვა ჩვენში, არამედ ჩვენი ხალხის ბრმა იარაღათ გამოყენება მათ საკუთარ ინტერესების და მიზნების ფა მიზნებისთვის და რომ ეს ასეა, ამის თავდებია 1914 წლის ისტორია, როდესაც ჩვენი ხალხი ჩააბეს ავანტიურაში და აჭარის მთები, აჭარლების სისხლით იქნა მორწყული და ამასვე გვიმტკიცებს შარშანდელი ფოცხოვის (სერვერ ბეგის) ავანტიურა, რომელმაც მათი წყალობით ისედაც საცოდავი ახალციხელები და ფოცხოველები განადგურების კარამდე მიიყვანა… და ისიც რისთვის? იმისთვის, რომ ბატონ ხალ ხოელებმა ბათუმით თავისუფლათ გაიტანონ ნავთი!.. ოლქი კი – თუნდაც სულ არ ყოფილა. აი რა არის მათი ისლამის დაცვა ჩვენში.

მე აქ, ადერბაიჯანის და თურქების აგენტების მოღვაწეობაზე ჩვენში, სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ამის შესახებ შემდეგშიც ვრცლათ მოველაპარაკები. მე აქ მხოლოდ მინდა ავღნიშნო შემდეგი: ოსმალეთის და ადერბაიჯანის აგენტები, სამუსლიმანო საქართველოში, ხელი-ხელ ჩაკიდებულნი მუშაობდენ წარსულში და მუშაობენ დღესაც და რომ ეს ასეა, ამის მოწმეა ტრაპიზონის კომპანია (1918 წლის ტრაპიზონის კონფერენცია) და უკანასკნელი ომი საქართველოსთან. მაშინ ხან-ხოელებს დაავიწყდათ ბაქოს ნავთის ბათუმით თავისუფლათ გატანა, ვინაიდან, ბათუმის დაცვაში ხან-ხოელები, ნეიტრალიტეტს იცავდნენ და ბათუმის დასაცავათ, ჭოროხ-კახაბერზე მარტო ქართველი ხალხის სისხლი დაიღვარა და განა ყველა ამების შემდგე ბ-ნ ხან-ხოელებს კიდევ დარჩათ რაიმე არგუმენტაცია ბათუმის და ქართველი მუსლიმანების შესახებ კრინტის დაძვრის?!

ჰაიდარ აბაშიძე

დამფუძნებელი კრების წევრი

მსგავსი/Related

Back to top button