skip to content
ახალი ამბები

ასლან ბჟანიას მხარდამჭერები აფხაზეთის „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის“ გადადგომას ითხოვენ

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთის, ასლან ბჟანიას ასობით მხარდამჭერმა 3 მარტს სოხუმში „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ შენობაზე იერიში მიიტანა და „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის“ ვალერი ბგანბას გადადგომა მოითხოვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

ბჟანიას მხარდამჭერთა ნაწილს სჯერა, რომ ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს, რათა 22 მარტს დაგეგმილ განმეორებით „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის საშუალება არ მისცენ. საბჭოთა KGB-ის სკოლის კურსდამთავრებული ასლან ბჟანია, 2019 წლის არჩევნების დროს, აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატისა და მოქმედი ლიდერის – რაულ ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი იყო, თუმცა მძიმე ლითონებით მოწამვლის გამო, მან კენჭი ვეღარ იყარა.

იმავდროულად, რუსული მედია დღეს ინფორმაციას ავრცელებს, რომ ბჟანია, რომელიც გუშინ რუსეთში საავადმყოფოში მოათავსეს, კომიდან გამოვიდა.

56 წლის ასლან ბჟანია, 2 მარტს საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მოსკოვიდან სოხუმისკენ მიმავალი გზად სოჭში გაჩერდა, სადაც „თავი შეუძლოდ იგრძნო“.

2 მარტს, ბჟანიას საავადმყოფოში მოთავსებიდან მალევე, მისი გუნდის წევრმა ლეონიდ ლაკერბაიამ მისი წინასაარჩევნო კამპანიის საქმიანობების დროებით შეჩერების თაობაზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ასლან ბჟანიას მონაწილეობის გარეშე არჩევნები არ ჩატარდება.

ბადრი გუნბამ, რომელიც ბჟანიას „ვიცე-პრეზიდენტობის“ კანდიდატია და რომელიც მას მოსკოვში ახლდა, გუშინ სოხუმში დაბრუნების შემდეგ, მხარდამჭერებს მიმართა და მათ უთხრა, რომ ისინი რაიმე შემდგომ ნაბიჯებს არ გადადგამენ და ბჟანიას ჯანმრთელობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას დაელოდებიან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button