ახალი ამბები

კანდიდატის მოწამვლის ბრალდებების შემდეგ, სოხუმმა არჩევნების თარიღი გადადო

Tags

აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ, „საპრეზიდენტო“ არჩევნების თარიღის გადადებას დათანხმდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არჩევნები 21 ივლისის ნაცვლად, 25 აგვისტოს გაიმართება.

გადაწყვეტილება 22 მაისს, დილით, მას შემდეგ გახმოვანდა, რაც ორი დღით ადრე, ოპოზიციის აქტივისტებმა სოხუმში პერმანენტული აქციების ჩატარების შესახებ განაცხადეს. ოპოზიციის პროტესტი მათი ერთ-ერთი ლიდერისა და პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატის, ასლან ბჟანიას მძიმე ლითონებით მოწამვლის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია.

56 წლის ასლან ბჟანია გაძნელებული სუნთქვისა და მეტყველების პრობლემით 17 აპრილს საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველად მას სოჭში მკურნალობდნენ, თუმცა მოგვიანებით, მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც ის დღემდე რჩება. ანალოგიური სიმპტომებით საავადმყოფოში ბჟანიას დაცვის ორი წევრიც მოათავსეს. თუმცა, ისინი მალევე გაწერეს.

ასლან ბჟანია 2010 წლიდან 2014 წლამდე, ყოფილი ლიდერების სერგეი ბაღაფშისა და ალექსანდრე ანქვაბის ადმინისტრაციებში აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. 2014 წლის „საპრეზიდენტო“ არჩევნების დროს, იგი ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი იყო რომელიც მას შემდეგ ჩატარდა, რაც ქუჩის საპროტესტო აქციების შედეგად, ანქვაბს თანამდებობის დატოვება მოუწია. ამჟამად, ბჟანია ფონდ „აპტას“ ხელმძღვანელი და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრია.

თავდაპირველად, ოპოზიცია აცხადებდა, მოსკოვის საავადმყოფოს მიერ დასმული ოფიციალური დიაგნოზის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების მიზეზი არ არსებობდა, რომლის თანახმადაც, ბჟანიას ვირუსული პნევმონიის მძიმე ფორმა აღენიშნებოდა. თუმცა, 17 მაისს, მათ მიუნხენში მდებარე ლაბორატორიის მიერ განხორციელებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, ბჟანია მძიმე ლითონებით მოიწამლა.

20 მაისს, სოხუმში რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წინ, ოპოზიციის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი შეიკრიბა და არჩევნების 2019 წლის ნოემბრისთვის გადადება მოითხოვა. 35 წევრიანმა საკანონმდებლო ორგანომ ამ საკითხზე იმავე დღეს იმსჯელა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგანაც მას მხარი მხოლოდ 14 დეპუტატმა დაუჭირა, საკმარისი არ იყო.

გადაწყვეტილებამ მომიტინგეების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს, პერმანენტული აქციები დააანონსეს და რამდენიმე საათით რეგიონის აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალი გადაკეტეს. ისინი მომავალი არჩევნების ბოიკოტირებითაც დაიმუქრნენ. მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოს წინ 21 მაისის ჩათვლით დარჩნენ. თუმცა, აქცია 22 მაისს დილით მას შემდეგ დაასრულეს, რაც რაულ ხაჯიმბასთან შეთანხმებას მიაღწიეს.

აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა, რომ დამატებითი დრო ოპოზიციის ლიდერებს საარჩევნო პროცესში სრულად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ხიშბას თქმით, მათ შემოთავაზებას, რომ ბჟანია რეგისტრაციის პროცედურებს ფიზიკურად არ დაესწროს, ხაჯიმბაც დათანხმდა.

ხაჯიმბას გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე, იგი არჩევნების გადადების კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ოპოზიციას ბჟანიას ჯანმრთელობით სპეკულირებასა და ტურისტული სეზონის წინ, სიტუაციის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებდა. 20 მაისს, მან განაცხადა, საქმეზე სიმართლის დასადგენად რომ აფხაზი გამომძიებლები რუს კოლეგებთან ერთად მუშაობენ.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არჩევნებს თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთის და იმ ოთხი ქვეყნის (ნაურუ, ვენესუელა, სირია და ნიკარაგუა) გარდა, რომლებმაც ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, უკანონოდ მიიჩნევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button