skip to content
ახალი ამბები

ასლან ბჟანია საავადმყოფოში მოათავსეს

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი – 56 წლის ასლან ბჟანია, 2 მარტს, განმეორებით „საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ დაახლოებით სამი კვირით ადრე, საავადმყოფოში მოათავსეს.

ადგილობრივი მედია საშუალება Apsny Today დღეს დილით იტყობინებოდა, რომ მოსკოვიდან სოხუმისკენ მიმავალი ასლან ბჟანია გზად სოჭში გაჩერდა, სადაც „თავი შეუძლოდ იგრძნო“.

ბოლო დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ბჟანიას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ასლან ბჟანია, საბჭოთა KGB-ის სკოლის კურსდამთავრებული, 2019 წლის არჩევნების დროს, აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატის და მოქმედი ლიდერის – რაულ ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი იყო, თუმცა მძიმე ლითონებით მოწამვლის გამო, მან კენჭი ვეღარ იყარა.

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა“ ვალერი ბგანბამ დღეს „უშიშროების საბჭოს“ სხდომა გამართა, სადაც ბჟანიას შესახებ ისაუბრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანიას მოგვიანებით კრასნოდარის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ასლან ბჟანია აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 22 მარტსაა დაგეგმილი. აფხაზეთის წინა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ „პრეზიდენტის“ პოსტი მისი გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების ფონზე, 12 იანვარს დატოვა. ადგილობრივმა სასამართლომ კი – 2019 წლის სექტემბრის მეორე ტურის შედეგები გაბათილების გადაწყვეტილება მიიღო.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არჩევნებს თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთისა და იმ ოთხი ქვეყნის (ნაურუ, ვენესუელა, სირია და ნიკარაგუა) გარდა, რომლებმაც ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, უკანონოდ მიიჩნევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button